ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, კახეთში ქალებზე ძალადობის ფაქტები, ქმრების გარდა დედამთილ-მამთილის მხრიდანაც ხშირია.
„ქალებზე არამარტო ქმრები, არამედ დედამთილ – მამამთილიც ძალადობენ. ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად სხეულზეც აღენიშნებათ ხოლმე დალურჯებები და ძალადობის სხვა ნიშნები. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა ჩვენთან ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობამ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქალები სჭარბობენ. ყოველდღიურად დაახლოებით 4-5 ადამიანი გვაკითხავს. არის ხოლმე მკვლელობის მცდელობის, სხეულის დაზიანების და სხვა შემთხვევები“.
ძალადობის მსხვერპლთა მიმართვის მაჩვენებელი მაღალია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისშიც. იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში განმცხადებელ ქალებს სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ, რის გამოც ორგანიზაცია რეაგირებისათვის პროკურატურას მიმართავს. „ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ გურჯაანის რაიონული პროკურატურა, რომელიც ზედამხედველობას გურჯაანის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონებზე ახორციელებს, ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ადექვატურად რეაგირებს. 2010 წელს რამდენიმე მოძალადე ქმარი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცეს და დააკავეს. იგივეს ვერ ვიტყვი პოლიციის თანამშრომლებსა და მოსამართლეებზე. ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემას, რაც ძალადობის მსხვერპლის დაცვის საშუალებას გვაძლევს. სამწუხაროდ, კახეთის რეგიონში პოლიციის თამაშრომლები შემაკავებელი ორდერების მექანიზმს არ იყენებენ და არც სასამართლო გამოსცემს დამცავ ორდერს კონკრეტულ საქმეებზე საკმარისი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად“.
პრობლემების სამართლებრივი გზით მოსაგვარებლად მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურს. თუმცა, კახეთის იურიდიული დახმარების ბიუროში ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართვიანობა დაბალია. ბიუროს კონსულტანტის მერი ხაჩიძის განმარტებით, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ქალები ჯერ კიდევ ერიდებიან ოჯახში ძალადობის ფაქტების გახმაურებას.
„გასულ წელს ძალადობის რამდენიმე მსხვერპლმა მოგვმართა იურიდიული დახმარების მისაღებად. წელს ასეთი მომართვა ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები ხშირი არ არის. პირიქით, საკმაოდ ხშირია, მაგრამ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ძალადობის მსხვერპლი ქალები ცდილობენ დამალონ ასეთი ფაქტები და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის ორგანოებს“.
ფსიქოლოგების აზრით, ადამიანის მოძალადედ ჩამოყალიბებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ქართული მენტალიტეტი, ცუდი სოციალური მდგომარეობა და ბავშვობაში მშობლებისგან მიღებული ძალადობის მაგალითი.