საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. საგანგაშო მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაცია `ძალადობისგან დაცვის ცენტრი` აქვეყნებს. ამ მონაცემებით, ოჯახური ძალადობის მხრივ საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ყველა რეგიონში 1300-მდე ქალი გამოკითხა.
მონაცემები თითქმის ყველა რეგიონში იდენტურია. გამოკითხულთა 3/4 მუდმივი ძალადობის ქვეშ ცხოვრობს. შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე ჯავახეთში 72-80 % დამცირებასა და შეურაცხყოფას განიცდის. 59-69% პროცენტი კი ფიზიკური ზეწოლის ქვეშაა. დაახლოებით ასეთივე მაჩვენებლებია ქვემო ქართლში, რაჭაში, იმერეთსა და აჭარაში. შედარებით ნაკლები შემთხვევაა გურიაში, სამეგრელოსა და თბილისში.
ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა კახეთშია. აქ გამოკითხულ ქალთა 92% აცხადებს, რომ ძალადობის მსხვერპლია. მათგან 86% ფიზიკურ ძალადობას განიცდის.
ყველაზე ხშირად მოძალადე ოჯახში არის მამაკაცი, რომელიც მეუღლეზე ძალადობს. მათ შორის ყველაზე ხშირი მიზეზი სოციალური ფონია.
ოჯახური ძალადობის კონკრეტული შემთხვევები სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. გიორგი ტუღუშის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ბოლომდე ზუსტი არ არის, რადგან ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი მოძალადეზე ხმამაღლა საუბარს და მის დადანაშაულებას გაურბის.
საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც მსგავსი პრობლემების მქონა ადამიანები მიმართავენ. მათ აქ სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. ასევე გახსნილია საიდუმლო თავშესაფრებიც.