ოჯახში ძალადობა – ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. სიმწვავეს ისიც განაპირობებს, რომ ასეთი ფაქტები ფართო საზოგადოებისთვის ხშირად დაფარულია. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მეზობლის სახლიდან გაუთავებლად წივილ-კივილისა და ცემა-ტყეპის ხმა ისმის, ადამიანები ცდილობენ, კონფლიქტში არ ჩაერიონ, რადგან მიიჩნევენ, რომ სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა არ შეიძლება! არადა, ხშირად სიტუაცია ისე იძაბება, რომ კონფლიქტი უმძიმესი შედეგით, მკვლელობითაც კი სრულდება…
2006 წლიდან, საქართველოში მოქმედებს კანონი – “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”. ბოლო დროს მსხვერპლთა დასახმარებლად ცხელი ხაზის ნომრები სატელევიზიო რეკლამებში გაისმის და უკვე ბევრი მსხვერპლი ანდობს თავის პრობლემას ამ სამსახურს. თუ ადრე ჩუმად იყვნენ და ყველაფერზე ხელი ჩაქნეული ჰქონდათ, ახლა ცდილობენ, მოძალადეს თავი დააღწიონ. ძალადობის მსხვერპლთათვის თბილისსა და გორში სახელმწიფო თავშესაფრები არსებობს, ამ კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუშაობენ და რამდენიმე თავშესაფარი მათაც აქვთ.
ამ პრობლემის ირგვლივ არსებულ კითხვებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მარი მესხი უპასუხებს:
– ოჯახური ძალადობის 5 ფორმა არსებობს: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური და იძულება. თუ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე ხორციელდება, ადამიანი ძალადობის მსხვერპლია.
– როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი მოძალადისგან?
– გააჩნია ძალადობის ხარისხსა და სიხშირეს. თუ ის სისტემატურად ხორციელდება, მსხვერპლმა სამართალდამცავებს უნდა მიმართოს ან ჩვენი ფონდის სერვისით ისარგებლოს. თუ მწვავე ფორმაა, მაშინ პოლიციის ჩარევა აუცილებელია. ასეთ დროს მოძალადის მოქმედების შესაჩერებლად, აუცილებელი მეთოდი – დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემაა. ამით მოძალადეს გარკვეული მოქმედებები ეკრძალება (მათ შორის, მსხვერპლთან გარკვეულ რადიუსზე მიახლოებაც). ბოლო დროს დახმარებისთვის იმდენი ადამიანი მოგვმართავს, რომ ხშირად, თავშესაფარში ადგილებიც არ გვყოფნის…
მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან. ჩვენი სისტემა დახვეწილია, რაც ხელს უწყობს იმაში, რომ მოქალაქე დაცული იყოს, ძალადობა დროულად აღიკვეთოს და მსხვერპლს რეაბილიტაციაში დავეხმაროთ. სწორედ ამ გზით უნდა ავიცილოთ მძიმე დანაშაულები. იცით, რომ გახშირდა ოჯახური კონფლიქტის შედეგად ჩადენილი მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, სხეულის დაზიანება თუ თვითმკვლელობა…
– თქვენი თავშესაფრიდან მსხვერპლი სად მიდის?
– კანონით, თავშესაფარში ყოფნის ვადა 3 თვემდეა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, 6-7 თვემდეც გაიზარდოს. ვცდილობთ, მსხვერპლს დასაქმებაში დავეხმაროთ და ამისათვის სხვადასხვა ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ.
– თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თავშესაფრიდან მსხვერპლი ისევ მოძალადესთან დაბრუნებულა?
– იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა, მაგრამ მსხვერპლთან ურთიერთობას ჩვენი სოციალური მუშაკები აგრძელებენ, რადგან მას დაცვა სჭირდება. ისინი მოძალადესთანაც მუშაობენ. არის შემთხვევები, როცა მოძალადე ინანიებს თავის საქციელს და ოჯახში სიტუაცია მართლა გამოსწორებულა. როცა მსხვერპლი თავშესაფარშია, ორივეს აქვს დრო იფიქროს თავის საქციელზე და კარგად აწონ-დაწონოს ყველაფერი. ჩვენთან 4-შვილიანი დედაც მოსულა. როგორც წესი, მსხვერპლთა უმრავლესობას 2 შვილზე მეტი ჰყავს. თავშესაფარში 3-შვილიანი ქალბატონი ახლაც არის. არის შემთხვევები, როცა ოჯახში აღარ ბრუნდებიან, რადგან მოძალადესთან ურთიერთობას აზრი აღარ აქვს. ახალგაზრდა ქალი 15 წელი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და წამებას უძლებდა.
საბოლოოდ, იძულებული გახდა, იქიდან წამოსულიყო. მასზე მეუღლე სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას. კეთილშობილი ქალია. როცა ჩვენთან მოვიდა, თვითშეფასების უნარი ნულამდე ჰქონდა დასული. მაგრამ მერე ყველაფერი გადააფასა, დასაქმდა და დღეს თავს კარგად გრძნობს. ოჯახის დანგრევა არ არის კარგი, მაგრამ როცა ეს გარდაუვალია, ჯობია, ოჯახი დაინგრეს, რადგანაც აქ საქმე მხოლოდ ცოლ-ქმრის ურთიერთობას არ ეხება, ასეთ დროს ყველაზე მეტად შვილები ზარალდებიან. ამით სისხლის სამართლის დანაშაულსაც ავიცილებთ. დღეს ბევრი ქალი ოჯახის წევრის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. თავდაცვის მომენტში შეიძლება, მსხვერპლმა ვერ მოზომოს და სხეულის ისეთი დაზიანება მიაყენოს მოძალადეს, რომ შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდეს.
– ის ქალბატონი 15 წელი ცემა-წამებას თუ იტანდა, რა იყო ბოლო წვეთი, რამაც ახალგაზრდა ქალს სახლიდან წამოსვლისკენ უბიძგა?
– მთელი ის პერიოდი იმის მოლოდინში იყო, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა. მეუღლე თითქმის ყოველდღე სცემდა, ასევე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასაც ახდენდა. ეუბნებოდა, რომ ქალი აღარავის სჭირდებოდა და დამოუკიდებლად ვერაფერს მიაღწევდა… ხშირად მსხვერპლი მართლა იჯერებს ამას და თვითშეფასების უნარი ეკარგება. მასაც სჯეროდა, რომ ამ კაცის იქით გზა არ ჰქონდა. ფსიქოლოგისა და ჩვენი თანამშრომლების დახმარებით, როგორც გითხარით, ის ქალბატონი მდგომარეობიდან გამოვიდა, მიხვდა, რომ ცხოვრება არ დამთავრებულა! ასევე სცოდავს ის გარემოც, რომელშიც მსხვერპლი იმყოფება. ბევრი ამბობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში ვერ ჩაერევა, რადგან ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია!..
– რაც შეეხება მსხვერპლის მოძალადესთან დაბრუნებას?
– თუ ვიცით, რომ ოჯახში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ასე მარტივად არ დავაბრუნებთ. ჩვენი ერთი ბინადარი უკან დაბრუნდა, მაგრამ ეს პოლიციის თანხლებით მოხდა. სამართალდამცველთა გამოჩენამ მოძალადეზე გავლენა მოახდინა. როცა ის ხედავს, რომ მსხვერპლი მარტო არ არის, ფიქრობს, მას პასუხი მოეთხოვება და უკან იხევს.
– მაინც რა კატეგორიის ადამიანები ხდებიან მსხვერპლი?
– ყველა კატეგორიის. საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებსაც მოუმართავთ. მართალია, თავშესაფრით არ უსარგებლიათ, მაგრამ ჩვენი სერვისით სარგებლობენ. ვისაც სამსახური და საკუთარი შემოსავალი აქვს, ის უფრო ადვილად იღებს ოჯახიდან წამოსვლის გადაწყვეტილებას. როცა ძალადობა იწყება, სანამ რთულ ფაზაში გადავა, ჯობია, დროულად მიმართონ შესაბამის სამსახურებს.
– კონფლიქტის დროს ალბათ ჯობია, ერთმა მხარემ პოზიცია დათმოს, არა?
– გააჩნია, დათმობაში რას გულისხმობთ. ხშირად მოძალადე მსხვერპლს მონად აქცევს. უკრძალავს მუშაობას – გარე სამყაროსთან კონტაქტს, მშობლებთან არ უშვებს… დედა-შვილს შორისაც ხშირია კონფლიქტი… იყო ასეთი შემთხვევა, როცა დედა იძულებული გახდა, ჩვენს თავშესაფარში მოსულიყო. არადა, მატერიალურად ის უზრუნველყოფდა შვილს. სოცმუშაკის ჩარევის შედეგად, სიტუაცია დარეგულირდა. დედაც მიხვდა, რომ შვილთან ურთიერთობაში რაღაც უნდა შეეცვალა და შვილიც იმავე აზრზე იყო. ისინი ახლა ერთად არიან. მისი 18 წლის ბიჭის პრეტენზიებიც გასაგები იყო.
– მსხვერპლის სტატუსი მამაკაცისთვის თუ მიგინიჭებიათ?
– არიან ასეთი მამაკაცებიც, ძირითადად – ასაკოვნები და ისინი შვილებისგან განიცდიან ძალადობას. ყველა მსხვერპლს თავისი ტკივილი აქვს, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. მათი ამბები გასაიდუმლოებულია და თავშესაფრის სხვა ბინადრებსაც არ ვუყვებით. თუ სურვილი აქვთ, თვითონ უყვებიან ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს გვერდში უდგანან, ბავშვებს უტოვებენ ან ერთმანეთის პატარები ბაღიდან გამოჰყავთ. იყო შემთხვევა, როცა თავშესაფარში მოძალადე მოვიდა და თვითმკვლელობა სცადა, ცოლის სახლში დაბრუნებას აპირებდა… ამიტომ ვცდილობთ, მათი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული დარჩეს. კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ: დები ერთ სახლში ცხოვრობდნენ; ყველაფერზე ჰქონდათ კონფლიქტი და გაუთავებლად ერთმანეთის მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ. სასამართლომ ორივეზე გასცა შემაკავებელი ორდერი. ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ადამიანი მსხვერპლიც არის და მოძალადეც.
– სექსუალურ ძალადობაზე რას გვეტყვით?
– ამ პრობლემითაც მოუმართავთ. ეს ყველა ქვეყანაში დაფარული პრობლემაა და ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებს შორის სექსუალური ძალადობაც ყოფილა. ასეთ დროს სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.