არასამთავრობო ორგანიზაციები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და ხელისუფლებას ძალადობის მსხვერპლთა დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი გააქტიურება თბილისში 29 აგვისტოს მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია, როცა სამართალდამცველებმა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, 32 წლის ფეხმძიმე ნათია ჯანელიძე დააპატიმრეს. რაც შეეხება ტრაგედიის ისტორიას, როგორც ირკვევა, 3 შვილის დედა ნათია ჯანელიძე მისი მეუღლის, სადახლოს პოლიციის უფროსის ნუკრი ჯანელიძისგან მუდმივ ძალადობას განიცდიდა. 29 აგვისტოს კი ძალადობა ისევ განმეორდა. ნუკრი ჯანელიძემ მეუღლე ქუჩაში გააგდო. მან კი ამის შესახებ საკუთარ მამას შეატყობინა. გახშირებული მსგავსი შემთხვევებით შეწუხებული ნათია ჯანელიძის მამა კი სიძის სახლში მივიდა და მისივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ნათია ჯანელიძის მამამ – ვახტანგ თელიამ დანაშაული აღიარა და თქვა, რომ არ ნანობს, რადგან მისი შვილი და შვილიშვილები მედმივად მსგავს ძალადობას განიცდიდნენ. მათ კი პოლიციის დახმარების იმედი არ ჰქონდათ, რადგან მოძალადე თავად ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. სამართალდამცველებმა თელიასთან ერთად დანაშაულის ჩადენის წაქეზების ბრალდებით, მისი შვილი, 4 თვის ფეხმძიმე ნათია ჯანელიძეც დააკავეს. მას სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. საკანში ჯანელიძეს მუცელი მოეშალა. ცნობილია ისიც, რომ ის მეუღლემ 14 წლის ასაკში მოიტაცა. ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები მსხვერპლის დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი აცხადებს: „საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ისევ ციხეში ჩასვეს. ამჯერად მან ხმამაღლა თქვა, რომ მასზე ხორციელდებოდა ძალადობა ქმრის მხრიდან. ოჯახური ძალადობის შესახებ ახლობლების ინფორმირება თურმე საქართველოში წაქეზების ტოლფასია და სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ისჯება. სამწუხაროდ, როცა მოძალადე პოლიციის მაღალი თანამდებობის პირია, ძალადობის მსხვერპლი პოლიციას დაცვისთვის ვერ მიმართავს. ამ შემთხვევაში მსხვერპლმა ზუსტად იცის, რომ ამ ქმედებას შეიძლება ძალადობის უარესი ფაზა მოჰყვეს. რისთვის ისჯება ნათია ჯანელიძე? ვის უნდა მივმართოთ, როცა მოძალადე თავად პოლიციელია?“