ბავშვთა და მოზარდთა უფლებები და ამ უფლებების დარღვევა – ეს პრობლემა, უწინდელთან შედარებით, სულ უფრო ხშირად ხდება საჯარო განხილვისა და მასმედიის ყურადღების ობიექტი. ძალადობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლაში, ოჯახში, მოზარდების ჩაგვრა – მოზრდილებისა თუ თანატოლების მხრიდან, მოზარდთა სატკივრისადმი გულგრილობა – ეს ყველაფერი მართლაც, სერიოზულ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.
სწორედ ამ პრობლემისაკენ მეტი ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად საერთაშორისო დღე – ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც წლეულს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის 20 წლისთავს დაემთხვა.
უკვე მეორე წელია, ამ დღეს ასოციაცია – “საქართველოს ბავშვთა სოფელი” – სხვადასხვა ღონისძიებით გვახსენებს. მანიფესტაციაზე, რომელიც ფილარმონიასთან პერფორმანსით დაიწყო, ბავშვებს მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობები შეუერთდნენ და საბოლოოდ, ის ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში სპექტაკლით დამთავრდა. ამ ყველაფრის ორგანიზატორი, გამოჩენილი მწერლის – ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი და ამ ასოციაციის ერთ-ერთი თავკაცი, ნოდარ თოფურიძე გახლდათ, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
– უპირველესად, თქვენი ასოციაციისა და მისი მიზნების შესახებ მოგვიყევით.
– ეს არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე 10 წელზე მეტია, მოქმედებს საქართველოში და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასახმარებლად სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. ერთი სოფელი თბილისში გვაქვს, ერთი – ქუთაისში; მოქმედებს აგრეთვე ახალგაზრდული ცენტრები. ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი აქციის მიზანი იყო, ამ ბავშვების პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო.
– რამდენი ბავშვია თქვენს ასოციაციაში გაწევრებული?
– 800-მდე ბავშვი გვყავს, ასე ვთქვათ – ბენეფიციარი, ვისაც ვეხმარებით, ხოლო ორივე სოფელში თითქმის 80 ბავშვი ცხოვრობს; ახალგაზრდულ ცენტრებში 15 წლის შემდეგ გადადიან და იქ დაახლოებით 30 ადამიანია. მათგან ზოგს ჰყავს მშობლები, ზოგს – არა… კონვენცია, რომელიც ადამიანის უფლებათა კონვენციის ანალოგს წარმოადგენს, ბავშვს საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აღიარებს; მასში ხაზგასმულია, რომ მოზარდს უფლება აქვს, ყველაფერზე გამოხატოს საკუთარი აზრი, ჩვენ კი ვალდებულები ვართ, ეს აზრი გავითვალისწინოთ.
– ძირითადად, რა პრობლემებს აწყდებით, ბავშვთა უფლებების დარღვევის მხრივ?
– მთავარი პრობლემა – ძალადობაა, რომელსაც ხშირად ვხვდებით, და ამ აქციით არა მხოლოდ ბავშვთა ძალადობის, არამედ ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ გამოვედით. მანიფესტაცია ცხინვალის რეგიონში დაპატიმრებულ ბავშვებსაც ეხმაურებოდა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პრობლემა აუცილებლად გადაწყდება, სხვანაირად არ შეიძლება მოხდეს… ძალიან ცუდია და თვითონ გაეროს ბავშვთა კომიტეტიც წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველოში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკმა იკლო: თუ ადრე 14 წლიდან აძლევდნენ ბავშვს პასუხისგებაში, ახლა ეს 12 წლის ასაკიდან ხდება. თავისთავად, ბავშვი ციხეში – უკვე ძალადობაა…
– რამდენად ხშირად მიმართავენ ბავშვები შესაბამის ორგანიზაციებს? შეიძლება, ბავშვს ან მოზარდს ჰქონდეს რაღაც პრობლემები, ვთქვათ, ოჯახში, მაგრამ მშობლების შიშით, არც ერთ ასოციაციას არ მიმართოს.
– სწორედ ეს წარმოადგენს დიდ პრობლემას მთელ მსოფლიოში. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენში ძალიან ხშირია ბავშვის უფლებების დარღვევა, დიდ ქვეყნებში გაცილებით მრავლადაა. მაგალითად, ცოტა ხანს ამერიკის საბრალდებო დაწესებულებაში მომიწია მუშაობამ და საქმეების 75-80% ბავშვთა მიმართ ძალადობასთან, მათ შორის, ხშირად – სექსუალურ ძალადობასთან იყო დაკავშირებული, რაც საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. მაგრამ პრობლემა ჩვენშიც მრავლადაა.
უპირველესი მაინც ისაა, რომ მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვი ისეთ გარემოში იზრდებოდეს, როგორიც ჩვეულებრივ ოჯახებშია. ამიტომ, ჩვენი ასოციაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ არაფრის დეფიციტი არ ჰქონდეთ: ჩვენი სოფლის ბავშვებს ვერ გაარჩევთ იმ ბავშვებისგან, რომლებიც ჩვეულებრივ ოჯახებში იზრდებიან, ვერც განათლებით, ვერც ზრდილობით, სიტყვა-პასუხით, ჩაცმულობით და ა.შ. გვინდა, რომ ყველა მათგანმა უზრუნველად, ჯანსაღად და მათთვის შესაბამის პირობებში, ბედნიერად იცხოვროს.