არქივი
All posts for the month დეკემბერი, 2011
ოჯახური ძალადობის სტატისტიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემაშფოთებელია.
აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად ორი ათასზე მეტი ადამიანი მოკლულია ოჯახის წევრის ან უახლოესი პარტნიორის მიერ და ეს ტენდენცია წლების მანძილზე უცვლელი რჩება. ქართულ რეალობაში ოჯახური ძალადობის თემა, მართალია, აქტუალურია, თუმცა ბევრი მსხვერპლი ვერ ბედავს სასამართლოს მიმართოს ან უბრალოდ, არ იცის, რომ არსებობს კანონი, რომელიც მათ მოძალადისგან დაიცავს.
საქართველოში კანონი “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ” რამდენიმე წელია ძალაში შევიდა, თუმცა მისი არსებობა ბევრმა არც იცის. არადა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ოჯახური ძალადობა არც თუ იშვიათია საქართველოშიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს თემა წლების განმავლობაში და დღესაც ტაბუდადებულად ითვლება.
კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ხშირ შემთხვევაში, ქალები და ბავშვები არიან, ხოლო მოძალადეები – მამაკაცები. თუმცა, ოჯახური ძალადობის ობიექტი, შეიძლება იყოს ოჯახის ნებისმიერი წევრი, მათ შორის ხანდაზმული მშობლები და მამაკაცებიც.
მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად განსხვავებულ ღონისძიებებს მიმართავენ. თუ ზოგიერთ ქვეყანაში ამ საკითხებს სისხლის სამართლის კანონმდებლობა არეგულირებს, რიგ ქვეყნებში იგი სამოქალაქო სამართლის დავის საგანია. ზოგან კი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება, ეს სფერო სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის ნორმებით დარეგულირდეს. თუმცა, დღემდე გადაუჭრელია პრობლემა, ჩაითვალოს თუ არა ოჯახური ძალადობა ორ პირს შორის არსებულ კერძო საკითხად, რომელიც საჭიროებს თერაპიასა და არა ჩარევას. რადგან, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მეტად რთულია ზღვარის გავლება, სად მთავრდება “პირადი საქმე” და სად იწყება დანაშაული, რომელიც დასჯას უნდა ითვალისწინებდეს.
კანონით, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები განისაზღვრება შემაკავებელი ორდერით, რომელსაც პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი გამოსცემს. აქტი 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება. სასამართლო წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს ორდერის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მისი დამტკიცების ან უარის თქმის შესახებ. დამცავი ორდერი გამოიცემა სამი თვით და მისი ვადის გაგრძელების ან შემცირების საკითხს სასამართლო განსაზღვრავს.
ოჯახური ძალადობის შემთხვევაში დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, ხოლო ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე არ აღასრულებს დამცავი და შემაკავებელი ორდერებით დადგენილ ნორმებს, მას ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება, გარკვეულ პერიოდში განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი, შესაძლოა, იგი პატიმრობაშიც აღმოჩნდეს.
თუმცა, როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ქართულ სინამდვილეში ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი სამართალდამცველებს მიმართავს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, დაწესებული სანქციების მოხსნას თვითონვე ითხოვს.
კანონის ამოქმედების შემდეგ დაარსდა მსხვერპლთა თავშესაფრები, მათ შორის ”ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი”, სადაც ამოქმედდა ეროვნული ცხელი ხაზიც, რომლის ნომერია – 309-903.
ფონდის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლთა 85-90 პროცენტი ქალია. კვლევების მიხედვით, ძალადობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ძალაუფლება და კონტროლია. მოძალადე მსხვერპლის მიმართ გარდა ფიზიკურისა, ხშირად იყენებს ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას.
ძალადობის მსხვერპლი სახელმწიფო თავშესაფარში მისი სურვილისამებრ ხვდება, სადაც მას ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი რეაბილიტაციისთვის. ”ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი” კი საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარს სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც და ეხმარებიან მას ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციაში. 2009-2011 წლებში ფონდში სულ მოთვსებული იყო 35 ქალი და 42 არასრუწლოვანი. რაც შეეხება ცხელ ხაზს, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 460-მა ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა დარეკა და კრიზისულ ინტერვენციასთან ერთად იურიდიული კონსულტაციაც მიიღო
სტატისტიკური მონაცემებით, მშობელთა მხრიდან შვილებთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობის რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 50 000-ს აღწევს. გაცილებით დიდია ოჯახის სხვა წევრების მიერ არასრულწლოვანთა გაუპატიურების შემთხვევები – ეს ხალხი მოსახლეობის დაახლოებით 32 %-ს შეადგენს. ამერიკაში ყოველწლიურად 1900 ქალი ხდება ოჯახური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი,კანადაში – 17 წლამდე ასაკის ყოველი მეოთხე გოგო,რუსეთში-ყოველწლიურად უფროსკლასელთა 30 %…კოსტა-რიკაში ახალგაზრდა მარტოხელა დედების 95% სწორედ ინცესტული ურთიერთობის შედეგად დაორსულდა,ასაკი – 16 წელს ქვემოთ… საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს და არა იმიტომ,რომ ინცესტი ჩვენთვის “უცხო,ნაკლებად აქტუალური – დასავლეთისგან თავს მოხვეული” პრობლემაა.რამოდენიმე წლის წინ თბილისში საზარელი და ბუნდოვანი მკვლელობა მოხდა – შვილმა მშობლები მოკლა,და დანაშაულის თანამონაწილედ აღიარეს;ბევრი რამ საკმაოდ არაორაზროვნად და-ძმის ინცესტზე მიანიშნებდა… ეს არ არის ერთ-ერთი გამონაკლისი,უბრალოდ,გახმაურე ბული ფაქტია.გაცილებით ბევრია დამალული,აუღიარებელი… საქართველოში ბავშვთა პროსტიტუციის თითქმის 90 %-ს ინცესტის შედეგად ნაადრევად სექსუალურ ურთიერთობადაწყებული არასრულწლოვნები შეადგენენ. incestus – ლათ:დანაშაულებრივი ცოდვა;ჭუჭყიანი;სისხლის არევის სინონიმი. ინცესტად ითვლება ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს შორის სქესობრივი ურთიერთობა – მშობლებისა და შვილების,და-ძმის,ბიძაშვილების და ა.შ.თუმცა სხვადასხვა საზოგადოება და კულტურები სხვადასხვაგვარად უყურებენ და აწესებენ აკრძალვას ამა თუ იმ ხარისხის ნათესაური კავშირების მიმართ,მაგრამ ზოგადად მაინც ძალზე მკაცრია მშობლებისა და შვილების და და-ძმას შორის ურთიერთობისადმი დამოკიდებულება.ამის მიუხედავად,პოლიტიკური მოსაზრებით,უძველეს ცივილიზაციებში ხშირად დაშვებული და გამართლებული იყო ასეთი ტიპის ინცესტი სამეფო დინასტიებში – იმისთვის,რომ შენარჩუნებულიყო ამა თუ იმ საგვარეულოს ერთმნიშვნელოვანი ძალაუფლება და “სისხლის სიწმინდე”,რაც ამ საგვარეულოს ღვთიურ წარმომავლობაზე მეტყველებდა(სხვათა შორის,ამას არც თუ იშვიათად,დინასტიათა გადაშენებაც მოჰყოლია). რელიგიაც,რომელიც ძირითადად ცოდვად მიიჩნევს ოჯახის უახლოეს წევრთა შორის სექსუალურ ურთიერთობებს, აღიარებს “წმინდა ინცესტს”,რომელიც კაცობრიობის გამრავლებისა და გადარჩენის მიზნით არის გამართლებული.ასე მაგალითადქრისტიანობის მიხედვით ადამის და ევას შვილები იყვნენ, ფაქტიურად, პირველი “ინცესტელები”.იმავე მოსაზრებით არის გამართლებული სოდომს მოვლენილი სასჯელის შემდეგ გადარჩენილი ლოთისა და მისი ქალიშვილების საქციელი,რომელმაც ჯერ დაათვრეს მამა და მერე მასთან იცხოვრეს. მითოლოგიაშიც არის არა ერთი ძლიერი არქეტიპი,რომელთა ტრაგიზმით და ვნებებით სავსე ისტორიები,კაცობრიობის ქვეცნობიერშია დალექილი… ამჯერად სიმბოლურ საახებსა და მოდელებზე საუბარს არ ვაპირებ.იქ წარმოდგენილი,დრამატული განცდებით სავსე ტაბუირებული ლტოლვისგან განსხვავებით,რეალურად ინცესტი ძირითადად ძალადობას ეფუძნება; ძალადობას,რომლის მსხვერპლი უმეტესად ქალია – პატარა გოგონა,რომელსაც მამა (ან მამინაცვალი) ან ძმა აიძულებს სქესობრივ კავშირს (პროცენტულად ბიჭებთან ასეთივე შემთხვევები უფრო ნაკლებია) ან უკვე ზრდასრული ქალი,რომელიც მამამთილის ან მაზლის მოთხოვნილებების ობიექტი ხდება.ზოგიერთ პატრიარქალურ კულტურაში ეს არა ფარული,ამორალური ქცევა,არამედ მიღებული ტრადიციაა,რომელსაც სოციალური ფაქტორები განაპირობებს.ქალი,რომელიც გათხოვების შედეგად იყიდეს,როგორც ნივთი,ვთქვათ,ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახიდან “არ უნდა გავიდეს” და შესაბამისად ის მფლობელობაში გადაეცემა ოჯახის წევრ სხვა მამაკაცს. სტატისტიკის მიხედვით,ინცესტის ალბათობა მეტია მატერიალურად უზრუნველყოფილ,მრავალშვილიან (5 და მეტი) ოჯახებში,სადაც მამა ალკოჰოლიკი ან ნარკომნაია,მშობლებს შორის სექსუალური ურთიერთობა მოუწესრიგებელია, შვილებთან აკრძალულია “საჩოთირო”თემებზე საუბარი და ა.შ. მამა თვლის,რომ უკეთესია,შვილმა მისგან მიიღოს პრაქტიკული ცოდნა,ვიდრე ვიღაც ლაწირაკისგან,რომელთანაც ურთიერთობასაც არავინ იცის,რა გართულება მოჰყვება. დაშინება, იძულება, მოძალადეზე მექანიკური მიჯაჭვულობა კი “ამცირებს” რისკ-ფაქტორებს.გოგონები მხოლოდ უკიდურე შემთხვევაში უტყდებიან დედებს, რომლებიც თავის მხრივ დუმილს არჩევენ და ხშირად შვილებს ადანასაულებენ. ვიქტიმოლოგია – ასე უწოდებენ მსხვერპლის მიერ პროვოცირებულ ძალადობას.თუმცა როგორც აღმოჩნდა,მოძალადეს აქტიურ და გამომწვევად ჩაცმულ “ლოლიტებზე”მეტად,მორცხვი,ჩაკეტილი,შეუმჩნეველი გოგონები იზიდავს.შიში ზრდის მიზიდულობის ძალას და სექსუალური გზით თვითდამკვიდრების ტრიუმფიც ორმაგდება.რაც უნდა გამომწვევი იყოს მსხვერპლის საქციელი,მოძალადე ამით პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება.იმ ადამიანების ფსიქოლოგიური ტრავმები,რომელთაც სექსუალური ძალადობა გამოსცადეს,მით უმეტეს ადრეულ ასაკში,გათანაბრებულია ომის ვეტერანების და საომარ ზონაში მცხოვრებთა სიმძიმეებთან. ფსიქიკა საბოლოოდ ინგრევა – მსხვერპლს უჩნდება დანაშაულის განცდა,ახლობლებისგან გაუცხოება და არც თუ იშვიათად გაბოროტება.მისთვის აბსოლუტურად იშლება ზღვარი სექსსა და ემოციურ მიზიდულობას შორის და ოჯახიდან გასვლის პირველივე შემთხვევაში ძალიან დიდია რისკ-ფაქტორი,რომ ის კვლავ გახდეს მსხვერპლი – ამჯერად უკვე ნებისმიერი სხვა ადამიანისა.ასევე დიდია ალბათობა,რომ თავადაც გახდეს მოძალადე, დამნაშავე. კრიმინოლოგიაში ამას “ძალადობის ციკლს” უწოდებენ. საქართველოს დღევანდელ იურისდიქციაში არანაირი მარეგულირებელი არ არსებობს ძალადობრივი ინცესტის მისამართით.თუმცა ძველ ქართულ სამართლებრივ ძეგლებში საგანგებო პუნქტებია გამოყოფილი,რომლის მიხედვითაც ასეთ შემთხვევაში განისაზღვრებოდა სასჯელის ფორმა (ასე რომ,ინცესტი “გარყვნილი დასავლეთიდან” შემოპარული არ ყოფილა ჩვენში).ამ განაცხადით სამართალდამცავ ორგანოებს, ფაქტობრივად,არც მიმართავენ,რადგან გარდა იმისა,რომ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ბარიერია გადასალახი,კანონის არარსებობა უნდობლობასა და უიმედობას იწვევს.აღიარების შემდეგ,მსხვერპლი არანაირად არ არის დაცული,ამიტომ ისევ დუმილს არჩევს. დუმილს არჩევენ ოჯახის წევრებიც,რომლებიც შეიძლება ხვდებიან,მაგრამ საქმის გართულება სხვადასხვა მოსაზრებით არ სურთ.სხვათა შორის,ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი,მაშინ როდესაც იზოლირებულ ქართულ კულტურაში ის უმეტესად გადამწყვეტი ხდება.ამჯერად უფრო მნიშვნელოვნად მატერიალური ფაქტორი გვევლინება – ურთიერთობის გამოაშკარავებამ მარჩენალის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს.მარჩენალს კი მხოლოდ მამის სახით ნუ წარმოიდგენთ – ის ხშირად ადრეულ ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შვილიცაა. არასამთავრობო ორგანიზაციის, “ქალი და ჯანმრთელობა” მიერ დაფიქსირებულია შემთხვევა,როცა დედამ გააუპატიურა არასრულწლოვანი გოგონა,რათა მას პროსტიტუცია გაადვილებოდა.ხოლო როცა ერთ-ერთმა ქალიშვილიმა ვეღარ გაუძლო და მამინაცვალთან მრავალწლიანი ურთიერთიობის შესახებ დედას შესჩივლა,პასუხად მიიღო:ოჯახს ვერ დავანგრევ,შენი პატარა და-ძმა მყავს გასაზრდელი და როგორმე შეეგუეო… მიახლოებითი სტატისტიკის მიხედვით საქართველოში 9-18 წლის მეძავეების რაოდენობით 19-25 წლის მეძავთა შემდეგ მეორე ადგილზე არიან.მათი დიდი ნაწილი,როგორც აღინიშნა,სწორედ ინცესტის მსხვერპლია.ისინი არჩენენ ოჯახის წევრებს,რომლებიც მათ სექსუალურ ექსპლუატაციას უწევენ… სტატისტიკა არასრულია,კანონი – გულგრილი.ჩვენ კი თავს ვიმშვიდებთ,რომ “ასეთი გარყვნილება ქართული კულტურისათვის არასდროს ყოფილა დამახასიათებელი” და ეკრანულ (უცხოურ) ფანტომებს ვებრძვით.
კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძალადობრივ და შიშის ატმოსფეროში გაზრდილ ბავშვებში ონკოლოგიური დაავადების რისკი მეტია. ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევრები იმ ფსიქოსოციალურ ფაქტორებს იკვლევდნენ, რომლებიც კიბოს განვითარების რისკის მატებას იწვევს. გაირკვა, რომ ისეთ ადამიანებს, ვისაც ბავშვობაში მკაცრად ეპყრობოდნენ, ონკოლოგიური დაავადება უფრო ხშირად უვითარდებათ – ამ შემთხვევაში, რისკი 49%-ით მატულობს. ყველა სხვა რისკ-ფაქტორის (სხვადასხვა სტრესი, ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მოწევა, ალკოჰოლის გამოყენება, არასწორი კვება და ჰიპოდინამია) შემთხვევაშიც კი, ამ დაავადების განვითარების რისკი ბევრად ნაკლებია.
“ჩვენი აზრით, ამ კავშირის გაგებას კორტიზოლის მოქმედების მექანიზმის შემდგომი შესწავლით შევძლებთ”, – აღნიშნავს სარა ბრენენსტალი. კორტიზოლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰორმონია, რომელიც ადამიანს საფრთხეზე რეაგირებაში ეხმარება. კორტიზოლი მართავს ბიოქიმიური რეაქციების მთელ კასკადს და მთავარ როლს თამაშობს ორგანიზმის დამცველობით რეაქციაში სტრესისა და შიმშილის დროს. მეცნიერების ვარაუდით, სწორედ ამ ჰორმონის პროდუცირების დარღვევა ხდება იმ ბავშვებში, რომლებიც ძალადობის პირობებში იზრდებოდნენ, რაც კიბოს განვითარების რისკის მატებას განაპირობებს.
ფსიქოფიზიოლოგები მუდმივად ატარებენ კვლევებს ოჯახური ძალადობის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების დასადგენად. ცნობილია, რომ ოჯახური ძალადობა იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკის საშუალოდ, 70%-ით მატებას. თუ ბავშვის ცემას სქესობრივი ძალადობა, ფსიქოლოგიური ტერორი, არასაკმარისი კვება და ა.შ. ემატება, მაშინ აღნიშნულმა რისკმა შეიძლება, 350%-ს მიაღწიოს. დამატებით, შესაძლოა, ფსიქიკური დარღვევების განვითარება, სოციალური კავშირების რღვევა, ფსიქოლოგიური პრობლემების გაჩენა. ასეთი ბავშვებისგან ხშირად ყალიბდებიან სოციალურად არაადაპტირებული ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან კანონდარღვევისკენ, თვითიზოლაციისკენ და ა.შ.
რამდენიმე ხნის წინ შემზარავი ტრაგედია დატრიალდა – 15 წლის გოგონამ მეუღლე, 20 წლის კ. ვ. ქორწინებიდან სამ კვირაში გულში დანის დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა.
ოფიციალური ვერსია ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტია. როგორც ირკვევა, ვ. ახალშერთულ ცოლთან ყოფით პრობლემებზე კამათი ხშირად ჰქონდა. მკვლელობის დილას ახალშეუღლებულებს საუზმის გამო ჩხუბი მოუვიდათ(!). გარდაცვლილის დის თქმით, რძალმა არაფრის კეთება არ იცოდა, მეუღლე კი ამის გამო ხშირად ეჩხუბებოდა. იმ დღეს ცოლმა საუზმე დაუგვიანა და ეს გახდა მიზეზი კონფლიქტისო.
მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ გოგონა ეჭვიანი იყო, რაც უთანხმოების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. სხვა ვერსია აქვს თავად მკვლელობაში ბრალდებულ გოგონას.
“ერთხელ ისე მცემა, რომ არა მისი მშობლები, მომკლავდა. ცოტა ხნის წინ ძმაკაცის თანდასწრებით მომაყენა შეურაცხყოფა. მკვლელობის დღეს კარ-ფანჯრები ჩაკეტა, რომ ჩემი კივილი არავის გაეგო. მემუქრებოდა, ყელს გამოგჭრი და თავს ზედ დაგაკლავო. მუცელზე დანა მომადო, შენი ბოლო წუთებიაო. რომ მივხვდი, სხვა გზა აღარ მქონდა, დავარტყი”.
რა მოხდა სინამდვილეში, გამოძიება გაარკვევს. საინტერესოა, რომ წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნო, გაცნობიდან ორ კვირაში კი დაქორწინდა.
ტრაგედიის მიზეზებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ მთავარი, რაც ამ ტრაგედიის მიღმა აშკარად ჩანს, ოჯახური ძალადობაა. როგორც გაირკვა, სულ სამი კვირის გათხოვილ 15 წლის გოგონას მისი უხეშობის გამო ქმართან გაყრა უნდოდა. ამას მოკლულის მამაც ადასტურებს, მაგრამ, მისი თქმით, კახა თავმომწონე კაცი იყო და არ უნდოდა, თავი შეერცხვინა.
ოჯახური ძალადობა ჩვენში ტაბუირებული თემაა. ოჯახის საქმეში ჩარევას თვით სამართალდამცავებიც ერიდებიან და მხოლოდ მაშინ ატეხენ განგაშს, როცა ტრაგედია მოხდება.
დაახლოებით ერთი წლის წინ მაღაზიაში შევედი და ერთიანად დასისხლიანებული და აკანკალებული გოგონა დავინახე. მაღაზიის მეპატრონე გოგონას კარისკენ ექაჩებოდა, აქაურობას ნუ მისვრი, შენ და შენმა ქმარმა სახლში მოაგვარეთ პრობლემებიო. ამ დროს გალეშილი ქმარი მაღაზიის გარეთ იდგა და იგინებოდა, შე კახპა, არ გამოხვიდე, თორემ აგკუწავო. ამასობაში პატრულიც მოვიდა და ნასვამი ქმარი თავაზიანად ჩააბრძანეს მანქანაში, რა პრეტენზია გაქვს ცოლთან, აბა, მოგვიყევიო. გოგონას გამოველაპარაკე. აკანკალებულმა გასაღები მომცა და მთხოვა, შინ მარტო დარჩენილი ბავშვისთვის მიმეხედა. კითხვა-კითხვით მივაგენი მათ საცხოვრებელს.
ოთახში სისხლის გუბეები იდგა, მიტოვებული პატარაც კი სისხლით იყო მოთხვრილი. ვიდრე ბავშვი დედასთან ჩავიყვანე, მაღაზიის წინ უკვე რეანიმობილი იდგა, რადგან სასტიკად ნაცემ ქალს გონება დაეკარგა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მოძალადე ქმარს მხოლოდ ხელწერილის დადება და გაფრთხილება აკმარეს(!).
ოჯახური ძალადობის უსასტიკესი მაგალითების მოძიება არ გამჭირვებია. როცა ქალთა საკონსულტაციო ცენტრში ძალადობის მსხვერპლთა საქმეები გამაცნეს, გავოგნდი, არც ერთი მათგანი არასოდეს გამხდარა სამართალდამცავებისა და საზოგადოების ყურადღების საგანი.
ქალთა საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან ფხაკაძე: – ოჯახური ძალადობის ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა ჩვენში ტაბუირებულია. ლოგიკა ასეთია, ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო. სამართალდამცავებიც ცდილობენ, არ ჩაერიონ მათ ურთიერთობაში, არადა, შედეგი ხშირად ტრაგიკულია.
ამას წინათ მოგვმართა ერთმა ქალმა, რომელიც ბუხრის საჩხრეკით სასტიკად იყო ნაცემი. 33 წლის ქალს შინაგანი ორგანოების ნახევარზე მეტი ამოჭრილი ჰქონდა ხშირი ცემისაგან დაზიანების გამო. ქალი ქმარმა ასე სასტიკად მხოლოდ იმიტომ დასაჯა, რომ ლექსები აღმოუჩინა და ეს ღალატად აღიქვა.
ოჯახური ძალადობის თანამედროვე ტრაგედიები
17 წლის ქეთი ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. მოძალადეები არ დასჯილან, რადგან პოლიციაში განაცხადი არავის შეუტანია. 21 წლისა გათხოვდა და მეუღლეს ყველაფერი უამბო. ამას ის მოჰყვა, რომ სიმთვრალეში მეუღლე მუდმივად სცემდა. ერთ დღეს მეუღლის მოქნეული დანა მათ მცირეწლოვან ბავშვს მოხვდა და დაიღუპა. ქეთი დღემდე ნერვიულ შოკშია(!).
თინა 13 წელია გათხოვილია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ძალადობა ოჯახში ქორწინების პირველივე წლიდან დაიწყო. ქმარი მუშაობის უფლებას არ აძლევს (თინა უცხო ენის პედაგოგია). როდესაც თინას 12 წლის ბიჭი დედის დაცვას ცდილობს, მამა მასაც სცემს. თინამ არაერთხელ მიმართა პოლიციას, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ ხელწერილს ადებინებენ თინას ქმარს.
ფსიქოლოგი ნანა ხოშტარია: – ადამიანს, რომელზეც წლების განმავლობაში ძალადობენ, მსხვერპლის ფსიქოლოგია უყალიბდება. მისი არსება მთლიანად დაპყრობილი აქვს მოძალადესთან ურთიერთობის სირთულეებს. აღარ აქვს აღარც ფსიქიკური და აღარც ფიზიკური რესურსი, რომ მოძალადეს გაუმკლავდეს. ძალადობა უპირველესად ფსიქიკურ რესურსს ართმევს ადამიანს და გარემოების ტყვედ აქცევს.
მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა გააკეთოს, რომ არ დაიმსახუროს ახალი ძალადობა. დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ადამიანს ჰყავს გულშემატკივრები: დედ-მამა, ნათესავები. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა გზა აქვს გამოვლილი მსხვერპლს. თუ ის ბავშვობიდან ძალადობის მოწმე ან მსხვერპლი იყო, ესე იგი მას უზარმაზარი რესურსი უკვე დახარჯული აქვს. ჩვენთან უმეტესად ისინი მოდიან, რომელთაც არსად აქვთ წასასვლელი.
ნინო ციხისთავი, არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის ქალთა ქსელის” თავმჯდომარე):
– ოჯახური ძალადობა პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან. არარეალიზებული ადამიანია სათავე ყოველგვარი აგრესიისა. ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ არარეალიზებულობის პრობლემა იწვევს ჯერ დუმილს, მერე ფრუსტრაციას, რასაც აუცილებლად მოჰყვება აგრესია, აგრესია კი სადმე უნდა გამოვლინდეს.
ყველაზე ხელმისაწვდომი და თანაც დაუსჯელი ადგილი ხომ ოჯახია? ყველაზე მეტად ეს ტვირთი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს აწვება. ახლახან გაერომ გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში ოჯახურ ძალადობაზე და მდგომარეობა შოკისმომგვრელია. დადგინდა, რომ ძალადობის ძირითადი მიზეზი სახლის დალაგება ან სადილის დაგვიანებაა. ტრაგედია, რომელიც ცოტა ხნის წინ დატრიალდა ამ პრობლემების მხოლოდ წვერია.
მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში დედამ 5 წლის შვილი მოკლა. ეს ამბავი საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. მავანმა საზოგადოება გულგრილობაში დაადანაშაულა. ბავშვთა უფლებების საკითხზე კითხვებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტები პასუხობენ.
გამოგზავნილი შეკითხვები:
მკითხველი: თათა
რაც მისაქციელში მოხდა საშინელი ტრაგედიაა. იქნებ მსგავსი ძალადობა იმის გამო ხდება, რომ თავად ცოლ-ქმარს შორისაცაა ძალადობა. დედა, რომელზეც ქმარი ძალადობს, მოგვიანებით თავად ხდება შვილებზე მოძალადე. ასეთი კითხვა მაქვს: აქვს თუ არა ბავშვს რაიმე საშუალება, რომ თავი დაიცვას? როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, რომელზეც ძალადობენ?
იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არის არასრულწლოვანი, საქართველოს კანონმდევლობით გათვალისწინებულ შემხთვევაში არასრლუწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს.
როდესაც მსხვერპლი არის 14 წელს ქვემოთ მყოფი მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანი და მას არ შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა, ასეთ დროს პირი, რომელიც ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმირებულია, ვალდებულია დახმარებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს, ასევე მას შეუძლია აღნიშნული ფაქტი საპატრულო პოლიციას შეატყობინოს.
საპატრულო პოლიციაში ინფორმაციის მიღებისთანავე პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. სააგენტოს სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის უფლების დარღვევის შეტყობინების მიღების შემდეგ უნდა მივიდეს ოჯახში. თუ ოჯახში ვიზიტის დროს სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, იგი დაუყოვნებლივ მიმართვას პოლიციას, ამ შემთხვევაში სააგენტო და პოლიცია იწყებენ მოქმედებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ბავშვის ინტერესების დასაცავად.
მკითხველი: ნონა
ვის უნდა მიმართოს მეზობელმა, რომელიც ძალადობის ფაქტს ხედავს?
ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში მსხვერპლის დასახმარებლად უნდა გამოიძახოთ საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციის გამოძახება ხდება 022 ოპერატორზე ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებით, რის შემდეგაც ხდება საპატრულო პოლიციის ადგილზე გამოცხადება. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიცია მოახდენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლისა და მოძალადის იდენტიფიცირებას, საჭიროების შემთხვევაში ან მსხვერპლის მოთხოვნის საფუძველზე, გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. შემაკავებელი ორდერი ეს არის პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი ღონისძიებები.
მკითხველი: ხათუნა
ვინ უნდა დაიცვას ოჯახის დანარჩენი წევრები? ალბათ, პატარებს, რომლებიც ოჯახში არსებულ ძალადობას ყოველდღე უყურებდნენ, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც ჭირდებათ. ვინ არის მოვალე ასეთ შემთხვევაში, ოჯახის დანარჩენ წევრებზე ამ კუთხით იზრუნოს?
ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხით, მუშაობენ არასამთარვობო, ორგანიზაციები. ამ კუთხთ მუშაობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია მიმართოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა, მაგ.: ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი და საკონსულტაციო ცენტრი “სახლი”. ამ ორგანიზაციების მთავარი მიზანია მოქალაქეთა მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება და მსხვერპლთა დაცვაზე ზრუნვა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია გულისხმობს უფასო სოციალურ, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ კონსულტაციებს, ასევე გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
მკითხველი: ლევანი
შვილზე ძალადობის შემთხვევაში, შეიძლება თუ არა დედას დედობის უფლება ჩამოერთვას?
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა არის უკანასკნელი ზომა, რომლის შესახებაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით. მშობელს, რომელიც სისტემატიურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს, მაგ: ბავშვს ექცევა უხეშად, მასზე ახდენს უარყოფით გავლენას ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
მკითხველი: სოფო
როდესაც ოჯახში ასეთი ტრაგედია ხდება, რა პასუხისმგებლობა ენიჭება ბავშვის მამას? შეიძლება სასამართლოს წინაშე მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს?
მშობლები თანაბარწილად არიან ვალდებულნი საკუთარი შვილების ინტერესების და უფლებების დაცვაზე, მათ შორის მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. როდესაც მშობელი მშობლის უფლებას სათანადოდ ვერ ახორციელებს ან შვილის საზიანოდ მოქმედებს, შესაძლებელია მშობლის უფლება სასამართლოს მეშვეობით შეეზღუდოს ან ჩამოერთვას . იმ შემთხვევაში თუ მამის ქმედება შვილის მიმართ რომელიმე დანაშაულებრივი ქმედების ნიშნებს შეიცავს, მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება.
მკითხველი: ვალერი
აქვს თუ არა რომელიმე ორგანიზაციას აღებული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ბავშვებზე ძალადობის ფაქტების მონიტორინგი აწარმოოს? ვის ევალება ძალადობის ფაქტების მონიტორინგი?
ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მონიტორინგს აწარმოებს სოციალური მომსახურების სააგენტო.
მკითხველი: ნათია
შეიძლება თუ არა მსგავსი ფაქტების შესახებ პოლიციას შეატყობინო ისე, რომ ინკოგნიტოდ დარჩე?
შესაძლებელია ფაქტი შეატყობინოთ პოლიციას ისე, რომ თქვენი ვინაობა არ დაასახელოთ, ასეთ შემთხვევაშიც კი პოლიცია ვალდებულია შემოსული შეტყობინების საფუძველზე ინფორმაცია გადაამოწმოს.
ოჯახში ძალადობა – ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. სიმწვავეს ისიც განაპირობებს, რომ ასეთი ფაქტები ფართო საზოგადოებისთვის ხშირად დაფარულია. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მეზობლის სახლიდან გაუთავებლად წივილ-კივილისა და ცემა-ტყეპის ხმა ისმის, ადამიანები ცდილობენ, კონფლიქტში არ ჩაერიონ, რადგან მიიჩნევენ, რომ სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა არ შეიძლება! არადა, ხშირად სიტუაცია ისე იძაბება, რომ კონფლიქტი უმძიმესი შედეგით, მკვლელობითაც კი სრულდება…
2006 წლიდან, საქართველოში მოქმედებს კანონი – “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”. ბოლო დროს მსხვერპლთა დასახმარებლად ცხელი ხაზის ნომრები სატელევიზიო რეკლამებში გაისმის და უკვე ბევრი მსხვერპლი ანდობს თავის პრობლემას ამ სამსახურს. თუ ადრე ჩუმად იყვნენ და ყველაფერზე ხელი ჩაქნეული ჰქონდათ, ახლა ცდილობენ, მოძალადეს თავი დააღწიონ. ძალადობის მსხვერპლთათვის თბილისსა და გორში სახელმწიფო თავშესაფრები არსებობს, ამ კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუშაობენ და რამდენიმე თავშესაფარი მათაც აქვთ.
ამ პრობლემის ირგვლივ არსებულ კითხვებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი მარი მესხი უპასუხებს:
– ოჯახური ძალადობის 5 ფორმა არსებობს: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური და იძულება. თუ ამ ჩამონათვალიდან რომელიმე ხორციელდება, ადამიანი ძალადობის მსხვერპლია.
– როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი მოძალადისგან?
– გააჩნია ძალადობის ხარისხსა და სიხშირეს. თუ ის სისტემატურად ხორციელდება, მსხვერპლმა სამართალდამცავებს უნდა მიმართოს ან ჩვენი ფონდის სერვისით ისარგებლოს. თუ მწვავე ფორმაა, მაშინ პოლიციის ჩარევა აუცილებელია. ასეთ დროს მოძალადის მოქმედების შესაჩერებლად, აუცილებელი მეთოდი – დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემაა. ამით მოძალადეს გარკვეული მოქმედებები ეკრძალება (მათ შორის, მსხვერპლთან გარკვეულ რადიუსზე მიახლოებაც). ბოლო დროს დახმარებისთვის იმდენი ადამიანი მოგვმართავს, რომ ხშირად, თავშესაფარში ადგილებიც არ გვყოფნის…
მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან. ჩვენი სისტემა დახვეწილია, რაც ხელს უწყობს იმაში, რომ მოქალაქე დაცული იყოს, ძალადობა დროულად აღიკვეთოს და მსხვერპლს რეაბილიტაციაში დავეხმაროთ. სწორედ ამ გზით უნდა ავიცილოთ მძიმე დანაშაულები. იცით, რომ გახშირდა ოჯახური კონფლიქტის შედეგად ჩადენილი მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, სხეულის დაზიანება თუ თვითმკვლელობა…
– თქვენი თავშესაფრიდან მსხვერპლი სად მიდის?
– კანონით, თავშესაფარში ყოფნის ვადა 3 თვემდეა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, 6-7 თვემდეც გაიზარდოს. ვცდილობთ, მსხვერპლს დასაქმებაში დავეხმაროთ და ამისათვის სხვადასხვა ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ.
– თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თავშესაფრიდან მსხვერპლი ისევ მოძალადესთან დაბრუნებულა?
– იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა, მაგრამ მსხვერპლთან ურთიერთობას ჩვენი სოციალური მუშაკები აგრძელებენ, რადგან მას დაცვა სჭირდება. ისინი მოძალადესთანაც მუშაობენ. არის შემთხვევები, როცა მოძალადე ინანიებს თავის საქციელს და ოჯახში სიტუაცია მართლა გამოსწორებულა. როცა მსხვერპლი თავშესაფარშია, ორივეს აქვს დრო იფიქროს თავის საქციელზე და კარგად აწონ-დაწონოს ყველაფერი. ჩვენთან 4-შვილიანი დედაც მოსულა. როგორც წესი, მსხვერპლთა უმრავლესობას 2 შვილზე მეტი ჰყავს. თავშესაფარში 3-შვილიანი ქალბატონი ახლაც არის. არის შემთხვევები, როცა ოჯახში აღარ ბრუნდებიან, რადგან მოძალადესთან ურთიერთობას აზრი აღარ აქვს. ახალგაზრდა ქალი 15 წელი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და წამებას უძლებდა.
საბოლოოდ, იძულებული გახდა, იქიდან წამოსულიყო. მასზე მეუღლე სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას. კეთილშობილი ქალია. როცა ჩვენთან მოვიდა, თვითშეფასების უნარი ნულამდე ჰქონდა დასული. მაგრამ მერე ყველაფერი გადააფასა, დასაქმდა და დღეს თავს კარგად გრძნობს. ოჯახის დანგრევა არ არის კარგი, მაგრამ როცა ეს გარდაუვალია, ჯობია, ოჯახი დაინგრეს, რადგანაც აქ საქმე მხოლოდ ცოლ-ქმრის ურთიერთობას არ ეხება, ასეთ დროს ყველაზე მეტად შვილები ზარალდებიან. ამით სისხლის სამართლის დანაშაულსაც ავიცილებთ. დღეს ბევრი ქალი ოჯახის წევრის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. თავდაცვის მომენტში შეიძლება, მსხვერპლმა ვერ მოზომოს და სხეულის ისეთი დაზიანება მიაყენოს მოძალადეს, რომ შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდეს.
– ის ქალბატონი 15 წელი ცემა-წამებას თუ იტანდა, რა იყო ბოლო წვეთი, რამაც ახალგაზრდა ქალს სახლიდან წამოსვლისკენ უბიძგა?
– მთელი ის პერიოდი იმის მოლოდინში იყო, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა. მეუღლე თითქმის ყოველდღე სცემდა, ასევე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასაც ახდენდა. ეუბნებოდა, რომ ქალი აღარავის სჭირდებოდა და დამოუკიდებლად ვერაფერს მიაღწევდა… ხშირად მსხვერპლი მართლა იჯერებს ამას და თვითშეფასების უნარი ეკარგება. მასაც სჯეროდა, რომ ამ კაცის იქით გზა არ ჰქონდა. ფსიქოლოგისა და ჩვენი თანამშრომლების დახმარებით, როგორც გითხარით, ის ქალბატონი მდგომარეობიდან გამოვიდა, მიხვდა, რომ ცხოვრება არ დამთავრებულა! ასევე სცოდავს ის გარემოც, რომელშიც მსხვერპლი იმყოფება. ბევრი ამბობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში ვერ ჩაერევა, რადგან ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია!..
– რაც შეეხება მსხვერპლის მოძალადესთან დაბრუნებას?
– თუ ვიცით, რომ ოჯახში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ასე მარტივად არ დავაბრუნებთ. ჩვენი ერთი ბინადარი უკან დაბრუნდა, მაგრამ ეს პოლიციის თანხლებით მოხდა. სამართალდამცველთა გამოჩენამ მოძალადეზე გავლენა მოახდინა. როცა ის ხედავს, რომ მსხვერპლი მარტო არ არის, ფიქრობს, მას პასუხი მოეთხოვება და უკან იხევს.
– მაინც რა კატეგორიის ადამიანები ხდებიან მსხვერპლი?
– ყველა კატეგორიის. საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებსაც მოუმართავთ. მართალია, თავშესაფრით არ უსარგებლიათ, მაგრამ ჩვენი სერვისით სარგებლობენ. ვისაც სამსახური და საკუთარი შემოსავალი აქვს, ის უფრო ადვილად იღებს ოჯახიდან წამოსვლის გადაწყვეტილებას. როცა ძალადობა იწყება, სანამ რთულ ფაზაში გადავა, ჯობია, დროულად მიმართონ შესაბამის სამსახურებს.
– კონფლიქტის დროს ალბათ ჯობია, ერთმა მხარემ პოზიცია დათმოს, არა?
– გააჩნია, დათმობაში რას გულისხმობთ. ხშირად მოძალადე მსხვერპლს მონად აქცევს. უკრძალავს მუშაობას – გარე სამყაროსთან კონტაქტს, მშობლებთან არ უშვებს… დედა-შვილს შორისაც ხშირია კონფლიქტი… იყო ასეთი შემთხვევა, როცა დედა იძულებული გახდა, ჩვენს თავშესაფარში მოსულიყო. არადა, მატერიალურად ის უზრუნველყოფდა შვილს. სოცმუშაკის ჩარევის შედეგად, სიტუაცია დარეგულირდა. დედაც მიხვდა, რომ შვილთან ურთიერთობაში რაღაც უნდა შეეცვალა და შვილიც იმავე აზრზე იყო. ისინი ახლა ერთად არიან. მისი 18 წლის ბიჭის პრეტენზიებიც გასაგები იყო.
– მსხვერპლის სტატუსი მამაკაცისთვის თუ მიგინიჭებიათ?
– არიან ასეთი მამაკაცებიც, ძირითადად – ასაკოვნები და ისინი შვილებისგან განიცდიან ძალადობას. ყველა მსხვერპლს თავისი ტკივილი აქვს, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. მათი ამბები გასაიდუმლოებულია და თავშესაფრის სხვა ბინადრებსაც არ ვუყვებით. თუ სურვილი აქვთ, თვითონ უყვებიან ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს გვერდში უდგანან, ბავშვებს უტოვებენ ან ერთმანეთის პატარები ბაღიდან გამოჰყავთ. იყო შემთხვევა, როცა თავშესაფარში მოძალადე მოვიდა და თვითმკვლელობა სცადა, ცოლის სახლში დაბრუნებას აპირებდა… ამიტომ ვცდილობთ, მათი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული დარჩეს. კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ: დები ერთ სახლში ცხოვრობდნენ; ყველაფერზე ჰქონდათ კონფლიქტი და გაუთავებლად ერთმანეთის მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ. სასამართლომ ორივეზე გასცა შემაკავებელი ორდერი. ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ადამიანი მსხვერპლიც არის და მოძალადეც.
– სექსუალურ ძალადობაზე რას გვეტყვით?
– ამ პრობლემითაც მოუმართავთ. ეს ყველა ქვეყანაში დაფარული პრობლემაა და ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებს შორის სექსუალური ძალადობაც ყოფილა. ასეთ დროს სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. საგანგაშო მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაცია `ძალადობისგან დაცვის ცენტრი` აქვეყნებს. ამ მონაცემებით, ოჯახური ძალადობის მხრივ საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ყველა რეგიონში 1300-მდე ქალი გამოკითხა.
მონაცემები თითქმის ყველა რეგიონში იდენტურია. გამოკითხულთა 3/4 მუდმივი ძალადობის ქვეშ ცხოვრობს. შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე ჯავახეთში 72-80 % დამცირებასა და შეურაცხყოფას განიცდის. 59-69% პროცენტი კი ფიზიკური ზეწოლის ქვეშაა. დაახლოებით ასეთივე მაჩვენებლებია ქვემო ქართლში, რაჭაში, იმერეთსა და აჭარაში. შედარებით ნაკლები შემთხვევაა გურიაში, სამეგრელოსა და თბილისში.
ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა კახეთშია. აქ გამოკითხულ ქალთა 92% აცხადებს, რომ ძალადობის მსხვერპლია. მათგან 86% ფიზიკურ ძალადობას განიცდის.
ყველაზე ხშირად მოძალადე ოჯახში არის მამაკაცი, რომელიც მეუღლეზე ძალადობს. მათ შორის ყველაზე ხშირი მიზეზი სოციალური ფონია.
ოჯახური ძალადობის კონკრეტული შემთხვევები სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. გიორგი ტუღუშის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ბოლომდე ზუსტი არ არის, რადგან ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი მოძალადეზე ხმამაღლა საუბარს და მის დადანაშაულებას გაურბის.
საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც მსგავსი პრობლემების მქონა ადამიანები მიმართავენ. მათ აქ სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. ასევე გახსნილია საიდუმლო თავშესაფრებიც.
საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შეშფოთებულია გაეროც. გაეროს ქალთა კომიტეტის დასკვნით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახური ძალადობა, ფართოდაა გავრცელებული. კომიტეტი დაჟინებით მოითხოვს მონაწილე ქვიყნებისგან (საქართველო) უმაღლეს პრიორიტეტთა ნუსხაში შეიყვანოს კანონი ოჯახური ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლათა დაცვისა და დახმარების შესახებ და ფართოდ მოახდინოს ამ კანონის პოპულარიზება მთელ საზოგადოებაში. ასევე, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით გაიზარდოს და მეტი აქტიურობა გამოიჩინონ მსხვერპლ ქალთა მიმართ.