ბავშვებზე ძალადობა მეტად აქტუალური თემაა. არსებობს ძალადობის მრავალი ფორმა. იგი გავრცელებულია საზოგადოების ყველა ფენაში. განსაკუთრებით ხშირია ოჯახში ძალადობის შემთხვევები, როდესაც მოძალადედ თვით ბავშვის მშობლები და ახლო ნათესავები გვევლინებიან. თუმცა ისინი, უმეტესად, ვერც ხვდებიან, რომ ძალადობენ საკუთარ შვილზე.
ბავშვი, მისი აღზრდა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება მეტად სათუთი თემაა, რადგან ძალადობაში გაზრდილი ბავშვი, ხშირ შემთხვევაში, თვითონ ხდება მოძალადე.
ამიტომ ჩვენი, როგორც საზოგადოების ერთგვარი მოვალეობაცაა, რომ წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის გამოსწორებაში, გამოვავლინოთ რაც შეიძლება მეტი შემთხვევა და გადავარჩინოთ ბავშვები ძალადობას.
ამ თემაზე “ამბიონი” ესაუბრა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ბავშვთა დახმარების ცენტრის ფსიქოლოგს, ქალბატონთამარ ობოლაძეს.
რამდენად ხშირია ბავშვზე ძალადობის შემთხვევები?
2007 წელს საქართველოში ჩატარდა ძალადობის ეროვნული კვლევა, რომელიც შეისწავლიდა ბავშვთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფორმებს ოჯახში, ინსტიტუციასა თუ სკოლაში.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. პატარები ძალადობას განიცდიან როგორც თანატოლების, ისე მოზრდილებისაგან.
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებიდან ყველაზე მეტად გვხვდება ემოციური ძალადობა, რომელსაც ფსიქოლოგიურ ძალადობასაც უწოდებენ (59%); გავრცელების მხრივ მეორე ადგილზეა ფიზიკური ძალადობა (54%); მესამე ადგილზე კი – სექსუალური ძალადობა (8%).
ხშირ შემთხვევაში, რა არის ბავშვზე ძალადობის მიზეზი?
ვერ დავასახელებთ ძალადობის გამომწვევ ერთ კონკრეტულ მიზანს. ბავშვთა მიმართ ძალადობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც პიროვნული, ისე კულტურული და სოციალური ფაქტორებით განპირობებული. ამ თვალსაზრისით, ძალადობის მიზეზების 4 ძირითად კატეგორიას გამოყოფენ:
1 ძალადობრივი ქცევა თაობიდან თაობას გადაეცემა;
2 სოციალური მდგომარეობით გამოწვეული სტრესი;
3 სოციალური იზოლაცია;
4 ოჯახის სტრუქტურა.
ძალადობის რისკი განსაკუთრებით მაღალია შემდეგი მიზეზების არსებობის შემთხვევაში: დაბალი სოციალური კულტურა და განათლება; მშობელთა მენტალური პრობლემები; ალკოჰოლიზმი და ნარკომანია; ხშირი ოჯახური კონფლიქტები; მშობელთა ასოციალურობა, არასრული ოჯახები და სხვა.
რა ტიპის ძალადობას ახორციელებენ ბავშვებზე და განსაკუთრებით რომელი ფორმებია გავრცელებული?
განასხვავებენ ძალადობის 4 ფორმას:
1. ფიზიკური ძალადობა, რაც გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ზემოქმედებას, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და იწვევს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას. მაგ.: ბავშვის ცემა, ყურის აწევა, თმაში მოქაჩვა, ხელის/ფეხის კვრა;
2. ემოციური, ანუ ფსიქოლოგიური ძალადობა არის სიტყვიერი ან ქცევითი ზემოქმედება ბავშვზე შიშის, დამცირების, მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საზიანო სხვა მდგომარეობის პროვოცირება. მაგ.: დაყვირება, განზრახ დამცირება, შერცხვენა, ბავშვის დათრგუნვა, დამცინავი სახელით მიმართვა, ბავშვის დაჩაგვრა;
3. სექსუალურ ძალადობას მიეკუთვნება ნებისმიერი ისეთი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის გამოყენებას სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან გამორჩენის მიზნით. მაგ.: სექსუალური მეტყველება, ეროტიული ელფერის ალერსი, თვალთვალი, პორნოგრაფიული ფილმების, ან ჟურნალების ნახვისათვის ხელშეწყობა, სექსუალური საუბრები, სექსუალური შეხება, სექსუალური ურთიერთობის მცდელობა, გაუპატიურების მცდელობა, გაუპატიურება;
4.უგულებელყოფა არის ბავშვის სიცოცხლის, განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი საჭიროებების (იგულისხმება საკვები, საცხოვრებელი პირ და ა.შ.) რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლის, ან მეურვის მხრიდან.
ასაკიდან გამომდინარე, ბავშვები, ალბათ, ვერ შეძლებენ თქვენთან მოსვლას. როგორ ხდება ძალადობის შემთხვევების გამოვლენა?
ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ფსიქოლოგთან ძირითადად მოჰყავს მშობლებს, ან მეურვეებს, ზოგჯერ კი ახლო ნათესავებს (ბებია-ბაბუას, დედის, ან მამის და-ძმებს).
ხშირ შემთხვევაში, ვინ არის მოძალადე?
საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ მოძალადეები ბავშვებისათვის უცნობი ადამიანები არიან. ეს მოსაზრება არ შეესაბამება სინამდვილეს. მოძალადეები ძირითადად ბავშვებისათვის კარგად ნაცნობი ადამიანები ხდებიან, ისინი, ვისაც ენდობიან, ვისთანაც ხშირად ურთიერთობენ პატარები. ზოგადად კი მოძალადე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი სქესის, სოციალური სტატუსის, ასაკის, რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.
რა მდგომარეობაა ბავშვზე ძალადობის კუთხით სკოლებში?
საუბრის დასაწყისში ვახსენეთ კვლევა, რომელიც ბავშვთა ძალადობის საკითხებს სკოლებშიც შეისწავლიდა. 2007 წლის მონაცემებით, სკოლაში გვხდებოდა როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ძალადობა და ორივე მათგანის გამოვლენის სიხშირე საკმაოდ დიდი იყო. არ ვიცი დღევანდელი მონაცემები სკოლაში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ მგონია, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა დღეს სკოლებში მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩემს მოსაზრებას საფუძვლად უდევს ის ღონისძიებები, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით. ამ ყველაფერს დაემატა მასწავლებელთა გადამზადებაც, რაც პედაგოგებს თანამედროვე მიდგომებსა და პოზიტიური აღზრდის მეთოდებს ასწავლის. ეს კი მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა ძალადობის აღკვეთას შეუწყობს ხელს.
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ თელავის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ბავშვზე ძალადობის რამოდენიმე ფაქტი. ზოგადად როგორი მდგომარეობაა ბავშვთა სახლებში?
იგივე კვლევა გვეუბნება, რომ ბავშვთა სახლებში ძალადობის ფაქტები მრავლად იყო. ბავშვთა სახლები დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეები ხორციელდება ინსტიტუციაში მყოფი ბავშვების კეთილდღეობისათვის. ბავშვთა სახლების ბავშვები მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსდებიან, სადაც მაქსიმუმ 8 ბავშვი იცხოვრებს მშობლებთან ერთად. ასეთი ტიპის დაწესებულება კი მნიშვნელოვნად შეამცირებს ძალადობის გამომწვევ სხვადასხვა ფაქტორს როგორც გარემოში, ისე თვითონ ბავშვებში (ვგულისხმობ თანატოლების მხრიდან ძალადობის ფაქტებს).
გვიამბეთ ბავშვზე ძალადობის კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც თქვენი ჩარევის შედეგად წარმატებით დასრულდა.
ასეთი ფაქტები არსებობს და მათზე საუბარიც ვრცლად შეიძლება. ერთ შემთხვევაში, მოძალადე მშობელი სასჯელს იხდის, სხვა შემთხვევაში მოძალადე მშობელს შეეზღუდა, ან ჩამოერთვა მშობლის უფლებები, მაგრამ მე ყველაზე წარმატებულად ერთ შემთხვევას ვთვლი.
1 წლის უკან ჩემთან მოიყვანეს გოგონა, რომელიც დედის მხრიდან ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვეპლი იყო. ბავშვის ემოციური მდგომარეობა რთული გახლდათ და ძალადობის ფიზიკური კვალიც აღენიშნებოდა სხეულზე. ჰქონდა ცემის შედეგად დარჩენილი იარების კვალი. ვიმუშავეთ ბავშვთან და დედასთან, რის შემდეგაც ბავშვი ისევ დედასთან განთავსდა. ჩვენი ორგანიზაციის სოციალური მუშაკი თვალ-ყურს ადევნებს ამ შემთხვევას და დღემდე ყველაფერი რიგზეა. რატომ ვთვლი ამ ფაქტს განსაკუთრებით წარმატებულად? რადგან ყველა დანარჩენ შემთხვევაში მოძალადე მშობელი, ბავშვისავე უსაფრთხოების მიზნით, ჩამოაცილეს შვილს. ამ კონკრეტულ ვითარებაში კი შევინარჩუნეთ მშობელი-შვილის ურთიერთობა. ანუ შევძელით დედასთან ძირეული ცვლილებების განხორციელება, რა თქმა უნდა, მისივე ხელშეწყობით და ბავშვის მდგომარების ისე გაუჯობესება, რომ შესაძლებელი გახდა მათი ნორმალური თანაცხოვრება.
როგორ მოგმართონ დაზარალებულებმა და რა სახის დახმარებას სთავაზობთ მათ?
ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდებაა “ბავშვთა დახმარების ცენტრი,” რომლის ბენეფიციარები არიან ძალადობის მსხვერპლი ბავშვები. ორგანიზაცია ბენეფიციარებს სთავაზობს უფასო სერვისს. იგი მოიცავს ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის ფსიქოლოგიურ დახმარებასა და იურიდიულ კონსულტაციას. ჩვენს სერვისებში შედის სოციალური მუშაკის მომსახურეობა, რაც გულისხმობს ბავშვის უსაფრთხოების შეფასებას, მშობლის გაძლიერებას, მისთვის საჭირო სერვისების განსაზღვრასა და მორგებას. შეიძლება მოგვმართოთ ბავშვთა დახმარების ხაზის მეშვეობით 80-65. “ჰელპლაინი” ცდილობს ბავშვებს შეუნარჩუნოს უსაფრთხოების განცდა, დაეხმაროს კომფორტის შენარჩუნებაში და მისცეს მათ ემოციური მხარდაჭერა. შეგიძლიათ განახორციელოთ ზარი ნომერზე 421-422.
ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლები ვერც კი გრძნობენ იმას, რომ ძალადობენ საკუთარ შვილზე. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ უნდა იურთიერთონ შვილებთან, მაგალითად, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა და მშობელს არ უჯერებს? დასჯის რა მეთოდებს უნდა მიმართონ, რომ ბავშვს არ მიაყენონ არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ზარალი?
ჩვენში ხშირად მოისმენთ ფრაზას, ბავშვი მტრად გაზარდე და მოყვრად გამოგადგებაო. მინდა ვუთხრა ყველა მშობელს, მსგავსი მოსაზრება აღზრდისათვის მიუღებელია. აღვნიშნავ იმასაც, რომ დასჯა არ არის აღზრდის მეთოდი. დასჯით ჩვენ ვასწავლით Bბავშვს, როგორ არ უნდა მოიქცეს, მაგრამ არ ვასწავლით, როგორ უნდა მოიქცეს, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია პირველთან შედარებით. განსაკუთრებით უარი უნდა ვთქვათ ფიზიკურ დასჯაზე, რაც უშედეგოა, რადგან ფიზიკური დასჯა იწვევს ტკივილს, ტკივილი ხსნის დანაშაულის განცდას. შედეგად ბავშვი ფიქრობს არა ჩადენილ დანაშაულზე, არამედ ტკივილზე. აღზრდის დროს მიმართეთ პოზიტიური აღზრდის მეთოდებს, რაც გულისხმობს აღზრდას დასჯის გარეშე და თუ მაინც აუცილებლად ჩათვლით ბავშვის დასჯას, მაშინ გამოიყენეთ დადებითი დასჯა და გაითვალისწინეთ მისი ზოგიერთი მნიშვნელოვანი პირობა; მაგ.: ბავშვს აუცილებლად უთხარით მოსალოდნელი დასჯის შესახებ, დასაჯეთ არასასურველი ქცევის ჩადენისთანავე და არა რამოდენიმე საათის შემდეგ. დასჯა არ უნდა იყოს ხანგრძლივი და ძალიან მკაცრი.
ბავშვებთან ურთიერთობის დროს ხშირად გამოიყენეთ წამახალისებელი წინადადებები და საჭიროების შემთხვევაში შეაქეთ ისინი.