“ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოებაც აქტიურად უნდა ჩაერთოს” სპექტრი. ბოლო დროს აქტუალური გახდა ოჯახური ძალადობის საკითხი. ფაქტები, რომელიც თავს იჩენს ძალადობის სახით ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგებით _ მსხვერპლით მთავრდება. რა არის ოჯახური ძალადობა და როგორ ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ? ამ საკითხთან დაკავშირებით `სპექტრი~ ფსიქოლოგ ბესიკ გიგოლაშვილს ესაუბრა.
ოჯახური ძალადობაა: როდესაც ქმარი ცოლს სცემს (ან პირიქით), ცოლი კი ამ ყველაფერს ითმენს, რადგან ორი შვილი ჰყავს გასაზრდელი; როდესაც ქმარი ცოლს ფულს სძალავს, ან საოჯახო ნივთებს პარავს, რათა გაყიდოს და ამ თანხით სასმელი იყიდოს; როდესაც დედ-მამა და ოჯახის სხვა წევრები ყოველდღე თვრებიან, შემდეგ ჩხუბობენ და ბავშვებს ამ ყველაფრის ატანა უწევთ. საზოგადოებას, გარშემომყოფებს ეს ყველაფერი გვესმის, ვხედავთ, თუმცა დუმილს ვარჩევთ.
რა არის ოჯახური ძალადობა სამართლებრივი ენით?
სამართლებრივად ოჯახში ძალადობა ასე განიმარტება _ გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებისა და თავისუფლების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით და იძულებით. ფიზიკური ძალადობა გამოიხატება ცემით, წამებით, ჯანმრთელობის დაზიანებით. ფსიქოლოგიური ძალადობა ნიშნავს, როცა ოჯახის ერთი წევრი მეორეს შეურაცხყოფს, ამცირებს, იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. არსებობს ასევე ეკონომიკური ძალადობა, რომელიც პირის კუთვნილი ქონების სარგებლობის და განკარგვის უფლებების შეზღუდვას იწვევს.
საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით 2003 წელს შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექ), რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში 11 სარეაბილიტაციო ცენტრს აერთიანებს. ორგანიზაციას გააჩნია ორი თავშესაფარი თბილისსა და ახალციხეში. 7 წლის განმავლობაში თბილისის თავშესაფარში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ასოთხმოცმა ადამიანმა გაიარა, 3 ათას ხუთასმა მოქალაქემ მიიღო კონსულტაცია, ხოლო ცხელ ხაზზე 5 ათასზე მეტი ზარი შევიდა.
ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს დედოფლისწყაროში საკონტაქტო პირი არ ჰყავს. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი დასახმარებლად ადგილობრივ პოლიციას მიმართავს. თუმცა ბევრმა არ იცის, თუ ვის უნდა დაუკავშირდეს მსგავს სიტუაციაში.
ძალადობის დაცვის ქსელი ასეთ ფაქტებს იკვლევს და ხშირად გამოდის მედიატორის როლში მსხვერპლსა და მის ოჯახის წევრებს შორის. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მსხვერპლთა დაცვის მიზნით საზოგადოების აქტიურობაა, რომელშიც ჟურნალისტები, ექიმები, პედაგოგები, პოლიცია და ფსიქოლოგები უნდა ჩაერთნენ.
ფსიქოლოგ ბესიკ გიგოლაშვილის თქმით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ქალები და ბავშვები არიან.
`ოჯახური ძალადობა რამდენიმე არსებით მომენტს გულისხმობს. გამოვყოფდი ეკონომიკურ ძალადობას, რომლის შემთხვევაშიც ოჯახის ერთი წევრი თავისი ესთეტიკური სილამაზისა და ინტელექტუალური განვითარების მიუხედავად, დამოკიდებული ხდება იმ წევრზე, რომელიც ოჯახში თანხის შემომტანია. ძალადობის ქვეშ უფრო ხშირად ცოლი ექცევა, რადგან უმეტესად ქალია დაუსაქმებელი. არსებობს კიდევ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ღირებულებითი ძალადობის ნიშნები. ძალადობა ჩვენს რეალობაში ხანდახან თავს იჩენს ერთი, ანდა ინტეგრირებული ფორმით. თუმცა, დამერწმუნეთ, ქალები საზოგადოებრივ საქმიანობაში უფრო მეტი რაოდენობით რომ ყოფილიყვნენ ჩართულები, ასეთი ფაქტების წინაშე გაცილებით იშვიათად აღმოჩნდებოდნენ,” _ გვითხრა ფსიქოლოგმა ბესიკ გიგოლაშვილმა და იქვე ბავშვთა ძალადობაზე გაამახვილა ყურადღება. “ოჯახური ძალადობა, განსაკუთრებით ბავშვებზე, გამოიხატება ფიზიკური ზიანის მიყენებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვური ნეგატივიზმი, ანუ მას მჩაგვრელის მიმართ გაუჩნდეს მტრობის და პროტესტის განცდა. დაფიქსირებულ ფორმად ითვლება მშობლების მხრიდან ჰიპერზრუნვა, ანუ გადაჭარბებული მზრუნველობა შვილზე, რაც რიგ შემთხვევაში ბავშვის გადაჭარბებით მშობლის გავლენის ქვეშ მოქცევას გულისხმობს.”
მისი განმარტებით, ყოფილა ისეთი მძიმე შემთხვევებიც, როცა პაციენტები შესაბამის საკონსულტაციო ცენტრში გაუგზავნია. სწორედ ამის გამო მიიჩნევს, რომ სასურველი იქნებოდა ოჯახური ძალადობის ცენტრის ფილიალი დედოფლისწყაროშიც გახსნილიყო.
ფსიქოლოგის თქმით, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა. `სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ მხოლოდ ოჯახურ საქმედ მიიჩნევა და არა საზოგადოებრივ საჭირბოროტო მოვლენად. მე მოვუწოდებ საზოგადოებას ამ პროცესში ჩართულობისა და აქტიურობისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ არასწორად განვითარებულ მომავალს,~ _ ამბობს ფსიქოლოგი ბესიკ გიგოლაშვილი.