არქივი
All posts for the month მარტი, 2012
ესტონეთის საელჩოში საქართველოს და ესტონეთის ერთობლივი კვლევის პრეზენტაცია მოეწყო. კვლევა ჩატარდა პროექტ მასმედიასთან თანამშრომლობის ეგიდით. “საქართველოში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახურ ძალადობის აცილებასა და ქალების დახმარებისთვის”. საქართველოში ამგვარი კვლევა პირველად ჩატარდა და მოიცავს სამედიცინო პერსონალის ჩართულობას ამ სფეროში. ამ პროექტის პარტნიორები არიან ესტონეთის ღია საზოგადოება და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი და თბილისის სასწრაფო დამხმარება.
საქართველოში სამედიცინო პერსონალის გამოკითხვა 2008 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ჩატარდა. გამოკითხვის მთავარი თემა იყო ქალზე ძალადობა ოჯახში, თუმცა სხვა ტიპის ძალადობაზეც გამახვილდა ყურადღება. ამგვარი გამოკითხვა 2003 წელს ესტონეთშიც ჩატარდა.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული მედიკების 50% თვლის, რომ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ოჯახში საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ყოველი მეათე ექიმის აზრით, საქართველოში ჯერ კიდევაა ძალადობროვი ქორწინებები. მედიკების მესამედი თვლის, რომ სექსუალური ძალადობა საქართველოში წარმოადგენს აკრძალულ თემას, რომელზეც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. ყოველი მეორე ექიმის შეფასებით, ოჯახში ფიზიკური ძალადობა, უპირველეს ყოვლისა ემუქრებათ ქალებს.
ყოველი მეორე ექიმი თვლის, რომ რისკის ჯგუფში პირველ რიგში, ფიზიკური ძალადობისგან იჩაგრებიან 30 წლამდე გათხოვილი ქალები. ექიმების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობის მთავარი მსხვერპლები არიან მოზარდი გოგონები -13-დან 18 წლამდე. ყოველი მეოთხე ექიმი თვლის, რომ ქალებში ყველაზე გავრცელებული ტრამვა _ ორსულობის შეწყვეტაა. ყოველი ექიმი წელიწადში რამდენჯერმე იღებს ორსულებს გართულებით. ექიმების მესამედ მოჰყავს მაგალითები საკუთარი პრაქტიკიდან, როცა ქალების ცემა დამთავრდა ნაყოფის მოშლით. გინეკოლოგების 9%-ს ჰქონდა შემთხვევები, როცა ორსულ ქალზე ძალადობის გამო, ინვალიდი ბავშვი დაბადებულა. საშუალოდ 31 მედიკოსი და 39 უბნის ექიმი ყოველდღიურად სამსახურში ხვდებიან პაციენტებს, რომლებიც განუწყვეტლივ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან. ექიმთა შეფასებით, ქალები რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან, ბევრად ენდობიან სასწრაფო დახმარების ექიმებსა და გინეკოლოგებს.
“ესტონეთში ამ პრობლემის წინააღმდეგ 9 წლის წინ დავიწყეთ ბრძოლა. ამ საკითხის გადაწყვეტას ორიგინალურად ვუდგებით. ჩვენ გვაქვს ბევრი პროფესიონალური ინფორმაცია, ჩვენ შევქმენით ეს სისტემა. საზოგადოებაში იყო დამკვიდრებული აზრი, რომ თუ ქალს სცემენ და ჩაგრავენ, ესე იგი ის დამნაშავე იყო და ეს მისი ბრალი იყო. დღეს კი გვაქვს ისეთი გაგება, რომ ესეც მძიმე დანაშაულია. და სახიფათოა ისეთი სახლი, სადაც ძალადობენ ქალზე და არა ქუჩა. ზოგი ქალისთვის ყველაზე სახიფათო ადგილი სახლია. ესტონეთის მოსახლეობამ ეს გაიგო. თავიდან პოლიცია ხმამაღლა დაგვცინოდა. 4 წლის შემდეგ, ამ პრობლემას სხვაგვარად დაუწყეს ყურება და დღეს პოლიციისთვის ოჯახური ძალადობის პრობლემა პრიორიტეტი გახდა. ესტონეთში ყოველი მეხუთე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, თუმცა ამ პრობლემაზე ცხრა წლის წინ არც კი ლაპარაკობდნენ.” _ ამბობს ირის პეტტაი ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი.
“ესტონელებმა ჩვენი მხარდაჭერის დიდი სურვილი გამოთქვეს. ამ სფეროში მათ გარკვეული გამოცდილება აქვთ და არაფერს იშურებენ, რომ თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარონ..,” _ ამბობს ნატო შავლაყაძე ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დირექტორი.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებზე ქართველებთან ერთად (თბილისში ერთ-ერთი თავშესაფარი ზაფხულში გაიხსნება), ისაუბრეს ესტონელებმაც, ჰელვე კაზემ, ირის პეტტაი და ივი პროსი ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. თუმცა ისინი თვლიან, რომ თავშესაფრების სიმრავლე პრობლემას არ ხსნის და პრობლემა უფრო ადრევე უნდა მოგვარდეს და მოძალადის მიმართ თავიდანვე უნდა იყოს მკაცრი ზომები მიღებული.
მათ მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველოში ყოველი მეორე მედიკოსი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ოჯახში აფასებს, როგორც სერიოზულ პრობლემას. გამოკითხულთა თითქმის ორჯელ ნაკლები, 27 % თვლის, რომ სერიოზული პრობლემაა ოჯახში სექსუალური ძალადობაც. ძალადობა ოჯახში ყველაზე მეტად აწუხებთ უბნის ექიმებსა და გინეკოლოგებს, უფრო ნაკლებად პედიატრებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებს. თუმცა ზუსტად, სასწრაფო დახმარების ექიმები ყოველდღიურ პრაქტიკაში ეჯახებიან ოჯახური ძალადობის უმძიმეს შედეგებს.
ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები ოჯახებში უფრო მეტად ქალები არიან (51 %) და ქალიშვილები (47 %). მამაკაცები ფსიქოლოგიურ ძალადობის მსხვერპლები ყველაზე იშვიათად არინ. ხოლო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი უპირველეს ყოვლისა არიან გათხოვილი ქალები და მათი მოზარდი ქალიშვილები. თითქმის მედიკების ნახევარი თვლის, რომ რისკ ჯგუფში შედიან ახალგაზრდა გათხოვილი ქალები 40 წლამდე.
პედიატრთა მესამედი თვლის, რომ ძალადობა ბავშვებზე საქართველოში აკრძალული თემაა, რომელზეც მხოლოდ სპეციალისტების წრეში საუბრობენ. 35% თვლის, რომ ეს თემას ასე თუ ისე შეეხო მედია და ამ პრობლემამ საზოგადოებამდეც მიაღწია.
ივი პროსიც ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ “მედიამ ყურადღება უნდა დაუთმოს ოჯახური ძალადობის პრობლემას. ამიტომ მედია თავისუფალი უნდა იყოს.” ~თავისუფალი მედია ეს დემოკრატიის გასაღებია, ეს თქვენი ქვეყნის მომავლის გასაღებია,” _ ამბობს ირის პეტაიც.
2008 წელს ამ ორგანიზაციების მიერ კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა: “ოჯახური ძალადობა და ქალთა წინააღმდეგ საქართველოს პოლიციის თანამშრომელთა გამოკითხვის შედეგები”. პოლიციელთა 92 % თვლის, რომ ოჯახებში ფიზიკური ძალადობა საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ყოველი მეოთხე ინციდენტი, დაკავშირებულია ოჯახურ ძალადობასთან. პოლიციელთა 81 % თვლის, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალია და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები 21-დან 30 წლამდე გათხოვილი ქალები არიან.
ორივე ქვეყნის წარმომადგენლები თვლია, რომ ამ პრობლების მოგვარება მხოლოდ ერთობლივი ძალებითაა შესაძლებელი და გამოსავალი ყველამ ერთად უნდა მოძებნოს, ექიმმაც, პოლიციელმაც, მასმედიის წარმომადგენლებმაც…
ძალადობა ოჯახში შეიძლება განხორციელდეს, როგორც მოხუცის, ისე ბავშვის და მამაკაცის მიმართ, თუმცა ამჯერად ჰაინრიხ ბიოლოს ფონდში გამართულ დისკუსიაზე ქალთა მიმართ ძალადობაზე მსჯელობდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, 2009 წელს, საქართველოში 169 ძალადობის მსხვერპლი ქალია რეგისტრირებული. გაეროს ამავე წელს ჩატარებული კვლევის თანახმად კი, სადაც ქალთა ანონუმურობა დაცული იყო, ერთხელ მაინც ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ძალადობის მსხვერპლია.
რატომ ერიდებიან საქართველოში ქალები, აღიარებას, რომ მათზე ძალადობა ხორციელება? რატომ ხდებიან ისინი ძალადობის მსხვერპლნი? მაინც რა შედეგი ექნება ამის გაცნობიერებას და აღიარებას? – ეს ის საკითხებია, რაზეც ბიოლის ფონდში შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად მსჯელობდნენ გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველი გენდერის საკითხებში, თამარ საბედაშვილი , გაეროს ქალთა ფონდის პროექტის მენეჯერი, ირინა ჯაფარიძე, ქალთა საკონსულტაციო ცენტრის „სახლი” ხელმძღვანელი,რუსუდან ფხაკაძე და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი მარი მესხი. ქალთა ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები დარბაზში შეკრებილი საზოგადოების დიდ ნაწილს შეადგენდნენ, დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ სტუდენტები და ჟურნალისტები.
დისკუსია დაიწყო ქალთა მიმართ ძალადობის ტიპებზე საუბროთ. ასეთი სულ ხუთია – ფიზიკური, ფსიქოლოგიურ, სექსუალური, ეკონომიკური და იძულების ძალადობა. მთავარ პრობლემად კი, გამოიკვეთა ის, რომ ძალადობის მსხვერპლმა, ხშირად, არც კი იცის, რომ მასზე ძალადობა ხორციელდება და ამას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს.
“10 წლის წინ უარესი მდგომარეობა იყო, ყველამ იცოდა, რომ ქმარი ცოლს ცემდა და ეს მიღებული ნორმა იყო. დღეს უკვე გვაქვს კანონი, რომელიც ცოლს მოძალადე ქმრისგან იცავს. თუმცა ქალები საკუთარი უფლებების დაცვას სამართლებრივად მენტალიტეტის გამო ერიდებიან, რა ცოლი ხარ თუ ქმრის დასაკავებლად პატრულს გამოიძახებ” განმარტა მარი მესხმა. მისი თქმით, ამას რეგიონებში უფრო მეტად ერიდებინ.
რუსუდან ფხაკაძის აზრით, მენტალიტეტი და სტიგმა არის მიზეზი იმ მოვლენისა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მათ ორგანიზაციას დახმარების თხოვნით სექსუალური ძალადობის სულ ორმა მსხვერპლმა მიმართა. “არა და მთელს მსოფლიოში ცნობილა, რომ ომის ერთ-ერთი მთავარი თანმდევი მოვლენა გაუპატიურებული ქელებია. ჩვენთან კი გამოდის, რომ იყო ომი და არ გვყავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები” აღნიშნა მან.
დისკუსიაზე აღინიშნა, რომ არა მხოლოდ ქალებს, არამედ, ზოგადად საზოგადებას არ აქვს სულყოფილი ინფორმაცია ძალადობის შესახებ. ამის მაგალითს საქარათველოს ბანკის რეკლამა წარმოადგენს, სადაც ქალი ნივთთანაა გაიგივებული, თუმცა ამ რეკლამას საყოველთაო აღშფოთება არ გამოუწვევია. ბიოლის ფონდში შეკრებილი საზოგადოების გაოცება გამოიწვია ფაქტმა, რომ საქართველოში მოქმედი 200 ქალთა ორგანიზაციიდან, საქართველოს ბანკს სასამართლოში არც ერთმა უჩივლა.
“ჩვენ მედიაში კრიტიკული წერილი გამოვაქვეყნეთ მხოლოდ, ახლა ტრანსპარანტებით ვერ გამოვალთ” აღნინა რუსუდან ფხაკაძემ.
“რატომ ყველა გამოდის და თქვენ რატომ ვერ გამოხვალთ”- უპასუხა დისკუსიის მოდერატორმა, გოგი გვახარიამ.
“ფსიქო-ფიზიკურად გამოფიტულ საზოგადოებას ეს არანაირ მუხტს არ გაუჩენს, ამიტომ ვფიქრობ კულტურული მეთოდებით უფრო მივაღწევთ შედეგს” განმარტა ფხაკაძემ.
“მანიფესტაციაც კულტურული მეთოდია” – გაისმა ამ აზრის მომხრე ადამიანების შეძახილები დარბაზიდან.
ამის შემდეგ, საუბარი ძალადობის მიზეზების განხილვით გაგრძელდა. “რატომ ხდება მამაკაცი მოძალადე, იქნებ ამის პროვოცირებას ქალი ახდენს?” დაინტერესდა ერთ-ერთი სტუდენტი.
ძალადობის მიზეზი ხშირად ძალაუფლების და კონტროლის განხორცილებაა, არსებობს ამის განმაპირობებელი სოციალური ფაქტორები, ალკოჰოლიზმი, განმარტა თამარ საბედაშვილმა. “თუმცა, ძალადობა გვხვდება აუზრუნველყოფილ ოჯახებშიც, რატომ? იმიტომ, რომ მამაკაცს პათოლოგიური წარმოდგენები აქვს ურთიერთობაზე. არასწორია მსჯელობა, რომ ქალი იწვევს ძალადობას. როგორ უნდა აიძულო მამაკაცი, რომ გცემოს და ამას გამათლება ჰქონდეს? როგორ უნდა მივიჩნიოთ სწორად, რომ ვიღაცას თქვენი ასეთი მეთოდებით აღზრდის უფლება აქვს?” აღნიშნა თამარ საბედაშვილმა. მისივე თქმით, ხშირად კაცებს უჩნდებათ შიში, რომ თუ ქალთა მიმართ ძალადობაზე ბევრს ისაუბრენ, ქალები დაიწყებენ კაცების ჩაგვრას. ეს ასე არ არის, რადგან ძალადობა ერთსქესიან წყვილებშიც ხდება, რადგან ასეთი საქციელის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი კონტროლის დამყარებაა.
როცა ქალი აღიარებს, რომ მასზე ძალადობა ხორციელდება, ეს მამაკაცების საქციელზე რაიმე სახით მოქმედებს? მცირდება ძალადობა? – დაინტერესდნენ დარბაზში.
“დღევანდელი კანონმდებლობით მოძალადე ქმარზე შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და როცა მოძალდე ხედავს, რომ მისი მსხვერპლი არც ისეთი მიუსაფარია, ჰყავს გულშემატკივარი, მისი დაჩაგვრა არც ისე ადვილია, ის უკან იხევს. რა თქმა უნდა ასე ძალადობა სრულად არ აღმოიფხვრება, მაგრამ მასთან ბრძოლა უფრო შედეგიანი იქნება” – განმარტა მარი მესხმა.
რამდენად არის აღიარება გამოსავალი იმ ქალთათვის, რომლებიც მოძალადე ქმართან მასზე ფინანსური დამოკიდებულების გამო ცხოვრობენ?
“ქალის ეკონომიკური დამოკიდებულების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მას თავის დროზე განათლება არ მიაღებინებს ან მუშაობა აუკრძალეს. ამიტომ გადამწყვეტი ფაქტორია, რომ მან მუშაობა დაიწყოს და საკუთარ თავში რწმენა აღიდგინოს, მიხვდეს, რომ შეუძლია იყოს კარგი სპეციალისტი” – აღნიშნა თამარ საბედაშვილმა, მისი თქმით, მათმა ორგანიზაციამ 40 ქალი დაასაქმა, რომელთაც ეგონათ , რომ არაფრის კეთება შეეძლოთ და მსხვერპლი ქალების დასაქმებაში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს.
დისკუსიის ბოლოს ყველა შეთანხმდა, რომ პირველ რიგში აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება თუ რა არის ძალადობა. ამის ეფექტური გზა სხვადასხვა ძალადობის ტიპის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება მიიჩნიეს. თუმცა, შემდეგ აღნიშნეს, რომ ასეთი ფილმების ტელევიზიით ჩვენება პრობლემა იქნება. “თუ სკანდალური არ იქნება, კომერციულ ტელევიზიებს ასეთი პროდუქციის ეთერში გაშვების ინტერესი არ აქვთ, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამარა ვართ” აღნიშნა რუსუდან ფხაკაძემ. თუმცა, დასასრულს ისიც გამოიკვეთა, რომ საზოგადოების არაინფორმირებულობაში არა მხოლოდ მედიაა დამნაშავე, ქალთა ორგანიზაციებიც არაეფეტურად მუშაობენ, რადგან დარბაზში მყოფთაგან თითქმის არავინ იცოდა, რომ 25 ნოემბრიდან საქრთველოს მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თექვსმეტ დღიანი “აქტიური კამპანია” მიმდინარეობს. “მეტი კონსოლიდაცია გვჭირდება”- დაასკვნეს დისკუსიის ბოლოს.
რადგან ჯერ არც დოკუმენტური ფილმი გადაღებულა და არც მანიფესტაციის გამართვა იგეგმება, თამარ საბედაშვილის ცნობით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას კვირას დაგეგმილი რაგბის მატჩი მიეძღვნება და ამ საკითხზე ყურადღება ამ სახით გამახვილდება.
საქართველოში ყოველი მე-11 ქალი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ქალთა 35%ის ქცევა ძალადობის გამოყენებით კონტროლდება პარტნიორის მხრიდან. ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებად მიიჩნევს ქალთა 34%. 78% თვლის,რომ ოჯახში ძალადობა ოჯახური პრობლემაა და მისი გარეთ გატანა დაუშვებელია. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების ერთი მესამედი დუმილს არჩევს. 309 903 ცხელი ხაზი ოჯახში მსხვერპლთა დასახმარებლად.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის ფაქტისთვის შესაბამისი შეფასების მიცემას ქართული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მოითხოვს.
ქართველი პოლიტიკოსების თქმით, ოკუპანტების მსგავსი ქმედება ბავშვების მიმართ მხოლოდ ფაშისტებისთვის იყო დამახასიათებელი. გალის რაიონში რუსი სამხედოების მიერ ქართველი მოზარდის მამუკა ფიფიას ცემის შესახებ ცოტახნის წინ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ცემის შედეგად მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება და ხელი აქვს მოტეხილი. მე-10 კლასის მოსწავლე მამუკა ფიფიასთან ოჯახის წევრები დაკავშირებას ისევ ვერ ახერხებენ. შამგონაში მცხოვრები მშობლები ჰყვებიან, რომ მათ შვილს ოკუპანტებმა სასკოლო ჩანთაში ქართული სახელმძღვანელოს აღმოჩენის შემდეგ სასტიკად სცემეს. ომბუდსმენი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ ინფორმაცია მომხდარის შესახებ რეაგირებისთვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიეწოდება.
ჩვენ ვგმობთ ქალზე ძალადობას! ეს დაუშვებელია! მორაგბეები ამას არ გავაკეთებთ…
გუშინ “რედისონ ბლუ”-ში მსგავსი განცხადებები ბევრი იყო.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში მიმდინარე ოცწლამდელთა მსოფლიო ალაფის მონაწილე ეროვნული ნაკრებები გაეროს გენერალური მდივნის გლობალურ კამპანიაში – “გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად” გააერთიანა.
გაეროს ქალთა ფონდის პროექტის “ShiEld – ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაძლევისთვის საქართველოში”, რომლის დონორიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida) გახლდათ, “რედისონ ბლუში” “ალაფის” მონაწილე ეროვნული ნაკრებების წარმომადგენლებს უხმო. უხმო კიდევ უხეში ნათქვამია. ქართულმა სარაგბო სამყარომ აქციაში “ალაფის” თითოეული ნაკრები გააერთიანა.
2008 წლის თებერვალში, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა წამოიწყო მრავალწლიანი გლობალური კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, თუ დასაძლევად. ამგვარი ინიციატივის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთისთვის საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია. ამასთან ბან კი მუნის კამპანია ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინაარმდეგ ბრძოლაში მამაკაცთა და ვაჟთა ჩართულობას.
2010 წლის დეკემბრიდან დღემდე ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის კამპანიის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რაგბის კავშირთან და ქართველ მორაგბეებთან. ამისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია მამაკაცთა ძალადობრივი ქცევის აღკვეთისკენ მიმართული ვიდეო რგოლი, რომელიც გუშინ იქნა წარმოდგენილი.
ღონისძიების დასასრულს მსოფლიო ალაფის მონაწილე ეროვნული ნაკრებების წარმომადგენლებმა ოფიციალური ხელომწერით ერთხელაც დაადასტურეს საკუთარი მონაწილეობა გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივისადმი – “გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად”, მხარდაჭერა.
გუშინდელ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებატა განმახორციელებელი საუწყებათშორისო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ფაფიაშვილი, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ რ. ბასი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი დამირა სარტბაევა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ტურნირების მენეჯერი ფილიპ ბურდარია და საქართველოს რაბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე.
ერთი სიტყვით, პირველი ნაბიჯი გადაიდგა. იმედი აქვთ, რომ მსგავს აქციას სხვებიც მიმართავენ. ეს მარტო ლოკალური პრობლემა არაა და მას გლობალური დატვირთვა აქვს.
დამსწრეთაგან ბევრჯერ ითქვა, რომ ნამდვილი მამაკაცი არავის არ აწყენინებს და რომ ისინი სხვებსაც უნდა ასწავლიდნენ მოიქცნენ შესაბამისად.
“მოხარული ვარ, რომ ფართოდ ვართ წარმოდგენილი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გენდერულ თანასწორობაზეა საუბარი. ყოველივეს არ აქვს ლოკალური დატვირთვა. ქალზე ძალადობა გლობალური პრობლემა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უნდა ვებრძოლოთ. კარგია, რომ ყოველივეს მხარს უჭერენ ისეთი მამაკაცები, როგორებიც არიან მორაგბეები.”, – დამსწრეთ მოუწოდებდა გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.
მოკლედ მოჭრა აშს-ის ელჩა საქართველოში ჯონ ბასმაც. მისი თქმით, ჯერ ის იყო მისასალმებელი, რომ აუდიტორიაში უმრავლესობას კაცები წარმოვადგენდით. მერე კი დასძინა: “საკუთარი გამოცდილებიდან გაგიზიარებთ: იმისთვის, რომ საქმე კარგად გამოვიდეს მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს ქალმა. საქართველოში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ერიოს ქალის ხელი.
მთლიანობაში კი უნდა შეცვალოს ქცევა. საამისოდ კი შესაცვლელია დამოკიდებულება. კარგი ისაა, რომ ამ საქმეში ჩართულები არიან ქართველი სპორტსმენები. ყველა ადამიანს აქვს იყო თავისუფალი. თავისუფლება კი ნიშნავს პიროვნულ თავისუფლებას”.
დასასრულს გია ნიჟარაძემაც გაგვიზიარა საკუთარი მოსაზრება: “როდესაც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელბმა სტატისტიკა წარმომიდგინეს, გულწრფელად გეტყვით, რომ გაოგნებული დავრჩი. ვერ წარმოვიდგენდი თუ საქართველოში ამ პრობლემაზე საუბარი მოგვიწევდა. საქართველო სადაც ქალის კულტია თურმე მსგავსი საშინელებები ხდება. ბევრი საშინელი ისტორია მოვისმინე და ბევრი ცუდი რამ აღმოვაჩინე.
ქალზე ძალადობის აღმოსაფხვრელად გავაკეთებთ ყველაფერს. რაგბი მარტო სპორტი არაა. ესაა ფასეულობათა კოდექსი. ჩვენთვის და თითოეული მოგარბისთვის ღირებულია ეს ფასეულობები. ამიტომაც ერთად ვიქნებით ამ საქმეში”.
დასასრულს ქალების წინააღმდეგ ძალადობისადმი ერთგვარი გალაშქრების დემოსნტრირება იყო ქარტიაზე ხელის მოწერის ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო “ალაფის” თითოეული ნაკრების წარმომადგენელმა.
გაეროს ერთობლივი პროექტის – „გაეროს ინიციატივა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად საქართველოში“ – მიერ ორგანიზებული შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებულ მხარეთა შორის გენდერული თანასწორობის სფეროში კოორდინაციის გაუმჯობესება და თანამშრომლობის ხელშეწყობა. შეხვედრაზე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ 2011-2013 წლებში გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის და 2011–2012 წლების ოჯახში ძალადობის შესახებ ეროვნული გეგმის პროექტებს, გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ამოცანებსა და საქმიანობას და ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების და პროექტების შესახებ.
დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ფაფიაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ჯემი მაკგლოდრიკი, დონორი ორგანიზაციების–მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროკომისიის, აშშ, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთის საელჩოების და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე: „გაეროს ერთობლივი პროექტი “გაეროს ერთობლივი ინიციატივა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად საქართველოში” 2006 წლიდან მოქმედებს. გაეროს მოსახლეობის ფონდი წარმოადგენს პროექტის მმართველ სააგენტოს. გაეროს ერთობლივი პროექტის მიზანია გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა, სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებს შორის კოორდინაციის და დიალოგის მხარდაჭერა გენდერული პოლიტიკის სფეროში.“
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გენდერული თანასწორობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით. უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება: საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, საქართველოს კანონი ოჯახური ძალადობის აღკვეთის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, საქართველოს კანონი ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. თითოეული ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი ქვეყანაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრების ეფექტური მექანიზმია. მიუხედავად ამ წინგადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ დიდი ძალისხმევაა საჭირო რეალური გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის, რაც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში:
-საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით 134 ქვეყნიდან 84 ადგილზეა;
-შეზღუდულია ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განსაკუთრებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში: ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტსა (150 დეპუტატიდან მხოლოდ 9 ქალი) და აღმასრულებელ ხელისუფლებაში (19 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალი). ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეულ ქალთა რაოდენობა მცირდება ყოველი არჩევნებისას და ამ ეტაპზე მხოლოდ 11%-ს შეადგენს;
-მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების 55%-ს ქალები შეადგენენ, ქალები მუშაობენ უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზე და ნაკლებ შემოსავლიან ეკონომიურ სექტორებში; შესაბამისად, მათი საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი მამაკაცების ხელფასის მხოლოდ ნახევარია.
-მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენდერული ძალადობა, რომლის მსხვერპლთა აბსოლუტურ უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. საქართველოში ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია თავისი მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან; 35.9% აღნიშნავს, რომ მეუღლის/პარტნიორის მხრიდან გამოუცდია ძალადობის სხვადასხვა ფორმები ქცევის კონტროლის მიზნით; ქალთა 78.3%-ს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა განიხილებოდეს და მისი ოჯახის გარეთ გატანა დაუშვებელია; ქალთა 34.1% ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს;
-ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული ფენომენია ადრეული ქორწინებები, მოტაცება ქორწინების მიზნით, ე.წ. “ღირსების მკვლელობებიც” კი;
– შესამჩნევია სიღარიბის ფემინიზაცია. ქალები ქვეყნის ღარიბ მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ;
-დაბალია მამაკაცთა პასუხისმგებლობა და ჩართულობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში: აივ ინფიცირებულ ქალთა 90%-მეტი დაინფიცირებულია პარტნიორის მიერ; მაღალია სქესობრივი გზით გადამდები დაავედებების და მათი მიზეზით გამოწვეული უშვილობის მაჩვენებელი;
-სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობა ქალები და გოგონებია, ხოლო იძულებითი მუშაობისათვის – მამაკაცები და ვაჟები;
საუწყებათაშორისო საბჭო
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბერის N625 ბრძანებულებით შეიქმნა ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე – ლალი ფაფიაშვილი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან შემდეგი უწყებები: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ: გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ფონდ „ტასოს”, საქართველოს პარლამენტის, აშშ-ის საელჩოს, ამერიკის იურისტთა ასოციაციის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, გაეროს ქალთა ფონდის (UNIFEM), გაეროს ბავშვთა ფონდის, ა/ო „სახლის”, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის, გაეროს განვითარების ფონდის (UNDP), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელებს.
საუწყებათაშორისო საბჭოს ძირითადი ამოცანებია ოჯახში ძალადობის აღკვეთა და მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, ოჯახში ძალადობის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება, მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრებო სექტორთან, ამ პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიოზაციებთან და აგრეთვე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი.
მიმაგრებული დოკუმენტი:
ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებ საუწყებათაშორისო საბჭოს დებულება
სამოქმედო გეგმა
სამოქმედო გეგმის მიზანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ეფექტური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწით და ამ პრობლემის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებით. სამოქმედო გეგმა აგრეთვე გულისხმობს ოჯახური ძალადობის პრევენციას, მსხვერპლთა თავშესაფრების შექმნას და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებას, ოჯახში მოძალადეთა რეაბილიტაციის კონცეფციის შემუშავებას, მიზნობრივი ჯგუფებისათვის ტრეინინგების ჩატარებას, ოჯახში ძალადობის შემთხვევების აღრიცხვასა და კლასიფიკაციას, საინფორმაციო-საგანამანათლებლო კამპანიის წარმოებას და სხვა.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სამთავრობო სტრუქტურები ვალდებულები არიან საუწყებათაშორისო საბჭოს სამ თვეში ერთხელ წარუდგინონ სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ კვარტალური ანგარიშები.
მიმაგრებული დოკუმენტები:
2009-2010 წლების სამოქმედო გეგმა
2011-2012 წლების სამოქმედო გეგმა
აღნიშნული ფონდი შეიქმნა საქართველოს 2006 წლის „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის საფუძველზე, რომელიც დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 ივლისის N437 ბრძანებით. 2009 წლის იანვრიდან ფონდის მანდატი გაფართოვდა და იგი უკვე ახორციელებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მომსახურებას შემდეგი საქმიანობებით:
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა;
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და/ან სხვა სახის დახმარება;
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია;
- ცხელი ხაზი;
ფონდის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანია, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო, 10 დეკემბრამდე გასტანა. ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ 16 ფაქტს აქვეყნებს.
ქალების 70%-ზე მეტი პარტნიორის მიერ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ოჯახური ძალადობის შემთხვევებს სწავლობდა, ქალებზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობა ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა საზოგადოებებში. კვლევის მიხედვით, იაპონიაში ქალებზე პარტნიორების 15% ძალადობს. ეთიოპიასა და პერუში – 70 %. ქვეყნებს შორის კი საშუალო ციფრი 29–დან 62%-მდე მერყეობს.
ქალებზე ძალადობის წინასწარმეტყველება და პრევენცია შესაძლებელია
ქალებზე ძალადობის ინტენსივობა და ხარისხი განსხვავებულია თითოეულ ქვეყანაში. სოციალური, კულტურული და ეკონომიკური სიტუაციის იდენტიფიცირების შემდეგ შესაძლებელია ძალადობის გამოვლენა ვივარაუდოთ და, შესაბამისად, შევაჩეროთ ის. სკოლაში შესაბამისი პროგრამების არსებობით შესაძლებელია ბავშვობიდან გავაცნობიერებინოთ ადამიანებს ძალადობის მავნე ზეგავლენის შესახებ. შევამციროთ ალკოჰოლის მოხმარება და სოციალური და კულტურული ნორმების ცვლილებით, ასევე, ცნობიერების ამაღლებით ძალადობის პრევენცია მოხდეს.
ქალების მიმართ გამოვლენილი ძალადობა ზემოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე
პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობა ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს, როგორებიცაა: დეპრესია, პოსტტრამვული აშლილობა, შფოთვა, სუიციდის მცდელობა და ტოქსიკომანია. ფიზიკური ძალადობას კი სხეულის დაზიანებამდე, ქრონიკული ტკივილის სინდრომამდე, გასტროენტერულ დარღვევებამდე და შეზღუდულ შესაძლებლობებამდე მიჰყავს ქალები. ძალადობას ასევე არასასურველი ფეხმძიმობის, აბორტისა და გინეკოლოგიური პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
ქალების მიმართ ძალადობა ბავშვთა ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს
როდესაც ბავშვი ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობის მოწმეა, ეს საფრთხეს უქმნის მის ნორმალური განვითარებას. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის შემსწრენი გამხდარან, მოგვიანებით მათ სოციალური, ემოციური, კოგნიტური და ქცევითი პრობლემები აღენიშნათ, იმ ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში იზრდებიან.
ქალთა მიმართ ძალადობა აივ ინფექციით დაინფიცირების საფრთხეს ზრდის
ინდოეთში, რუანდაში, სამხრეთ აფრიკაში, ტანზანიასა, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ გამოვლენილი სექსუალური ძალადობა აივ ინფექციით დაინფიცირების საფრთხეს ზრდის.
ქალთა მიმართ ძლადობა ხელისშემშლელია ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) მისაღწევად
2010 წლის MDG-ის მიმოხილვისას გამოიკვეთა, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციის და დედათა სიკვდილიანობის შემცირების პროგრესი ძალიან ნელია. სტაგნაციის მიზეზი კი ქალთა მიმართ ძალადობაა. კვლევების მიხედვით, ყოველ 4 ქალიდან ერთი ფეხმძიმობისას პარტნიორის მიერ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ფეხმძიმობის დროს ძალადობა მუცლის მოშლის საფრთხეს ზრდის, ასევე, ნაადრევ მშობიარობას და ნაყოფის დაზიანებას იწვევს, რის გამოც ახალშობილები წონის დეფიციტით იბადებიან.
ქალთა მიმართ ძალადობა ეკონომიკურ განვითარებაზე ზემოქმედებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობა წელიწადში 5,8 მილიარდი დოლარის ხარჯთანაა დაკავშირებული, რაც დაკავშირებულია სამედიცინო ხარჯებთან და არაპირდაპირ ხარჯებთან, როგორიცაა პროდუქტიული ადამიანის დაკარგვა.
ბავშვობაში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი მამაკაცები 3-4 ჯერ მეტი ალბათობით პარტნიორზე მოძალადეები ხდებიან
ასეთი შედეგები გამოვლინდა კვლევის მიხედვით, როდესაც ბავშვობაში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი მამაკაცები 3– ჯერ და 4–ჯერ მეტად ძალადობენ პარტნიორზე იმ მამაკაცებთან შედარებით, რომელთაც ბავშვობაში ტრავმული გამოცდილება არ ჰქონიათ.
მამაკაცები, რომლებიც აქტიურად იყენებენ ალკოჰოლს, ქალებზე ხშირად ძალადობენ
დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ალკოჰოლის ბოროტად მოხმარების დროს ქალებზე ძალადობის გამოვლენის 1.6–დან 4.8–მდე მეტი შანსია.
სექსუალური ძალადობა ფართოდ გავრცელებულია კონფლიქტური და პოსტკონფლიქტური გადაადგილების დროს
შეიარაღებული კონფლიქტების დროს, როდესაც სოციალური დახმარების სტრუქტურების ჩამოშლა ხდება, როგორიცაა ოჯახი და საზოგადოება, იზრდება ქალთა მიმართ ძალდობა. მაგალითად, გაუპატიურება მეომრების, პარტნიორებისა და ჰუმანიტარული აქტორების მხრიდან. მაგალითად, ქალი იძულებულია, სექსუალურ მომსახურებას დათანხმდეს საჭმლის სანაცვლოდ. გაუპატიურება მიჩნეულია ომისა და ეთნოწმენდის ტაქტიკად, როდესაც განსაკუთრებულად სასტიკი და დამამცირებელია ადამიანის მიმართ მოპყრობა, მათ შორის მამაკაცებზეც.
პროგრამები, რომლებიც ქალთა ხელმისაწვდომობას კრედიტებსა და ფინანსებზე გაზრდის, ასევე პროგრამები, რომლებიც ადამიანს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება, ქალთა მიმართ გამოვლენილ ძალადობას შეამცირებს
პროგრამა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში განხორციელდა, სახელით – მიკროსაფინანსო ჩარევა შიდსისა და გენდერული თანასწორობისთვის, იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია იმ ქალების მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლებიც გაჭირვებულ ქვეყნებში სოფლად ცხოვრობენ და რომელთაც ესაჭიროებათ ფინანსები აივ ინფექციის პრევენციისთვის (ქალებშიც და მამაკაცებშიც) და კულტურული ტრადიციებისა და გენდერული ნორმების ხელახალი კონსტრუირებისთვის, რაც უშუალო კავშირშია გამოვლენილ ძალადობასთან. 2 წლის შედეგების მიხედვით, 55 %–ით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა პარტნიორთა მხრიდან ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობის კუთხით.
სკოლის პროგრამები, რომლებიც მოზარდობის დროს ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად, საბოლოო ჯამში, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ემსახურება
უსაფრთხო პაემნების პროგრამა, რომელიც აშშ-ში განხორციელდა, 13-15 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამა გენდერული ნორმებისა და თანასწორობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, მანამ, სანამ სტერეოტიპები ჩამოყალიბდება.
მამაკაცების ჩართვა ქალთა ძალადობის პრევენციაში პოზიტიური შედეგების მომტანია
გამოკლვლევებმა აჩვენეს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა მავნე მასკულინური ნორმებისა და ძალადობის, როგორც სოციალური ნორმის, მიმღებლობასთანაა დაკავშირებული. ახალგაზრდა ბიჭები და ზრდასრული მამაკაცები, რომელთაც ხისტი შეხედულება აქვთ მასკულინური დომინანტობის შესახებ, უფრო ხშირად ხდებიან ქალთა მიმართ ძალადობის ავტორები. ამიტომ მამაკაცებთან მუშაობა გენდერული თანასწორობის კუთხით რეალურ შედეგს მოიტანს ქალთა ძალადობის პრევენციისთვის.
WHO, უზურუნველყოფს შემეცნებით პროგრამებს, რომლებიც ქალთა მიმართ გამოვლენილ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას შეამცირებს
WHO და მისი პარტნიორმა ორგანიზაციებამ შეიმუშავეს სახელმძღვანელო- ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენცია; გადადი მოქმედებაზე და მოაგროვე მტკიცებულებები – სადაც შეჯამებულია მტკიცებულებები და პროგრამები, რომლებიც ქალთა ძალადობის პრევენციას მოახდენენ.
WHO-მ შეიმუშავა რეკომენდაციები ჯანდაცვის მუშაკების მხარდასაჭერად, სექსუალური ძალადობის შედეგების აღმოსაფხვრელად
ეს რეკომენდაციები ემსახურება ისეთი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფას, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მხარდასაჭერად იქნება მიმართული. WHO და პარტნიორი ორგანიზაციები ავითარებენ ელექტრონულ პროგრამას მედიცინის მუშაკებისთვის, რომელშიც აღწერილია, როგორ უნდა იმუშავონ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან.
WHO მხარს უჭერს კვლევას ძალადობის მიზეზების გაგებისა და აღმოფხვრის შესახებ
ქალთა მიმართ ძალადობა აღიარებულია, როგორც მთავარი პრობლემა ჯანმრთელობისა და ადამიანთა უფლებების კუთხით, მაგრამ მასალების ნაკლებობა მიზეზებზე, მასშტაბებსა და შედეგებზე პრობლემის გადაწყვეტის საკითხს აფერხებს. მონაცემების შესაგროვებლად WHO-მ ინიცირება გაუკეთა პროექტს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა მიმართ გამოვლენილ ძალადობას შეისწავლის . WHO ასევე ეხმარება სექსუალური ძალადობის კვლევის ინიციატივას, მკვლევართა ჯგუფს, დონორებს და აქტივისტებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის მუშაობენ.
ერთი კლასელი მყავდა, ნანა, ძალიან ჩუმი და წყნარი. ისე დავამთავრეთ სკოლა, არ გაგვიგია მისი ხმა. არც დამეგობრებია ვინმეს. ნორმალურად სწავლობდა – ოღონდ ეგ იყო, ჩურჩულით ლაპარაკობდა, მისი მონაყოლი გაკვეთილი რომ გაეგონა, მასწავლებელი გვერდით დაუდგებოდა ხოლმე, ჩვენ კი ნამდვილად არ გვესმოდა, რას ამბობდა. არც ექსკურსიებზე დადიოდა და არც კლასის შეკრებებზე. რაღაცნაირად დათრგუნული და შეშინებული იყო. თუკი რაიმე არ იცოდა, მერეც, რომ მოვიზარდეთ, დიდი, შავი თვალები აუწყლიანდებოდა ხოლმე. ახლა არც ვიცი, სადაა.
მოგვიანებით, წლების შემდეგ გავიგე ნანას სიჩუმის მიზეზი. ის აიძულეს, გაჩუმებულიყო – თურმე საშინლად მკაცრი მამა ჰყოლია, რომელიც მუდმივად სცემდა, უყვიროდა, უკრძალავდა ურთიერთობებს, ტელეფონით საუბარს, ტელევიზორის ყურებას, ეზოში ჩასვლას და თამაშს. მაშინღა გავაცნობიერე, რომ ექვსი წლისა, როცა სკოლაში მოვიდა – უკვე სამუდამოდ დასახიჩრებული იყო. მაშინ ალბათ შეიძლებოდა მისი შველა, მაგრამ ამაზე არავის უზუნია.
დღეს მიჭირს თქმა, იძიებდნენ თუ არა მასწავლებლები მისი უცნაური ქცევის მიზეზებს. მათ, საბჭოთა მასწალებლებს, ევალებოდათ კლასში დისციპლინა დაეცვათ და ბავშვებისთვის ესწავლებინათ. ისიც არ ხმაურობდა და კარგად სწავლობდა. მეტს არაფერს თხოვდენენ და როგორც ახლა ვხვდები, არც არაფრით დაინტერესებულან. მარტო მშობელთა კრებებზე აღნიშნავდნენ, რომ ნანა ძალიან წესიერი და ჩუმი გოგონაა, ცოტა ზედმეტად ჩუმიც. ეგ იყო და ეგ. დედამისი თითქმის არ დადიოდა სკოლაში. მამა აკითხავდა ხოლმე. სად იყო დედა, არ ვიცი. შეიძლება, ქმარი საერთოდაც არ უშვებდა შინიდან.
კლასელები ვცდილობდით გვემეგობრა, თამაშში აგვეყოლიებინა, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. დასვენებებზე ისევ საკუთარ მერხთან რჩებოდა. ჩემი რამდენიმე მცდელობაც ასე წარუმატებლად დამთავრდა და შევეშვი. ახლა რომ ვიხსენებ, მაშინ გულშიც არ გამივლია, რომ მისი სიჩუმის მიზეზი შეიძლებოდა ოჯახში ძალადობა ყოფილიყო. ბავშვი რომ ხარ, სამყაროს მარტო შენი ჭრილიდან უყურებ და რაც შენს თავს არ ხდება, იმას სხვაზე ვერც წარმოიდგენ.
დღეს დილით საინფორმაციოებმა საშინელი ფაქტი გადმოსცეს – რომელიღაც სოფელში დედამ ხუთი წლის შვილი ცემით მოკლა. „რუთავი2-ზე” ვუყურე სიუჟეტს და ეგრევე ჩემი ჩუმი კლასელი გამახსენდა, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ცოცხალია, ბავშვობაში ნამდვილად კლავდნენ და მშველელი არავინ იყო. „რუსთავი-2-ის” ჟურნალისტები სოფელში იყვნენ ჩასულები და რამდენიმე მეზობელთან ინტერვიუ ჩაწერეს. საშინლად შეწუხებული, აღფოთებული მეზობლები ერთსა და იმავეს იმეორებდნენ – დედა ბავშვს გამუდმებით და დაუნდობლად სცემდა. როგორც ჩანს, არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ ეს დანაშაულია, რომელიც კანონით ისჯება, რომ არსებობს მექანიზმი, რომელიც ბავშვებს მოძალადე მშობლებისგან იცავს, რომ ისინიც იზიარებენ პასუხიმგებლობას, რადგან დანაშაული დაფარეს, არ გაახმაურეს. მაგრამ მათ, უბრალო ქართველ ქალებს დანაშაული მარტო შვილის მოკვლა ჰგონიათ; ცემა კი – არვითარ შემთხვევაში, შვილი შენია და შეგიძლია, სცემო, ოღონდ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს, არ უნდა მოკლა.
ოჯახში და ბავშვზე ძალადობა ყველა ქვეყნაში ხდება, ამისგან არავინაა დაცული, მაგრამ იქ, ცივილიზებულ ქვეყნებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა, მასწავლებლებმა, და რაც მთავარია, უბრალო მოქლაქეებმა იციან, რომ ძალადობა დასჯადია და მსხვერპლს სახელმწიფო იცავს. საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღესაც გადის სოციალური რეკლამა, სადაც მითითებულია ტელეფონი – მოქალაქეებს შეუძლიათ ასეთი შემთხვევების დროს დარეკონ და მათ აუცილებლად დაეხმარებიან. პირველი არხი მთელ საქართველოზე ვრცელდება, მაგრამ როგორც “რუსთავი2-ის” დღევანდელი სიუჟეტიდანაც გაირკვა, ჩვენ თანამოქალქეებს წარმოდგენაც არა აქვთ იმის შესახებ, რომ ძალადობა დასჯადია და თუკი შენს გვერდით ამგვარი რამ ხდება, პოლიციას თუ არა, სახალხო დამცველს მაინც უნდა მიმართო.
ხშირად მიფიქრია და მითქვამს კიდეც, რომ როგორც მეცხრამეტე საუკუნეში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” დადიოდა სოფელ-სოფელ და აარსებდა სასოფლო სკოლებს, სწორედ ისეა სამოქალაქო განათლება შესატანი საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ვინ უნდა გააკეთოს ეს, წარმოდგენა არა მაქვს. მედია? ლაპარაკიც არ ღირს… სამოქალაქო აქტივისტები და მოხალისეები კი ჯერ არ ჩანან. საქართველოში ჯერ ნამდვილად არ დამდგარა 21-ე საუკუნე, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გვისწავლია და ხშირად სწორედ ისე ვიქცევით, როგორც საბჭოთა მასწავლებლები.
http://liberali.ge/nino-bekishvili/rogorts-sabchota-mastsavlebelebi