2003 წლის ოქტომბერში ოჯახური ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით ჩამოყალიბდა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექ-ი). თუმცა ჯერ კიდევ 2001 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიური ქმედებები დაიწყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად. მოძრაობის გაძლიერებასა და განვითარებას საწყის ეტაპზე მხარი დაუჭირეს ფონდ “ღია საზოგადოება–საქართველოს” ქალთა პროგრამამ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE-ODIHR) გენდერულმა განყოფილებამ. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი აერთიანებს 11 კრიზისულ/სარეაბილიტაციო ცენტრს (თბილისი, ქუთაისი, გურჯაანი, ზუგდიდი, ოზურგეთი, მცხეთა, გორი, ამბროლაური, მესტია, ახალციხე, ბათუმი და მარნეული), რეგიონალურ და რაიონულ კომიტეტებს საქართველოს ყველა რეგიონში. ქვეყნის მასშტაბით ქსელში 400-მდე წევრია. ძდექ-ი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანია ქვეყანაში არაძალადობრივი საზოგადოების შექმნა. უახლოესი მიზანი კი _ მოქალაქეთა მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება, მსხვერპლთა დაცვაზე ზრუნვა. ძდექ-ის წევრები სხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ ოჯახური ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის შემუშავებაში. კანონი პარლამენტმა 2006 წლის 25 მაისს მიიღო. შემდეგ მომზადდა კანონში შესატანი ცვლილებები და ეროვნული სამოქმედო გეგმა. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქხელი ასევე მუშაობს ტრეფიკინგის მსხვერპლებთან, მსჯავრდებულ ქალებთან და ბავშვებთან, ყოფილ პატიმრებთან; ასევე დამოკიდებულების (ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე) მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან. დაარსების დღიდან (2003-2009 წლები) ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარს 122-მდე დაზარალებულმა მიაკითხა (ქალებმა და ბავშვებმა). მსურველი გაცილებით მეტია, მაგრამ თავშესაფრის შესაძლებლობები შეზღუდულია. ამავე პერიოდში ფსიქოლოგთან თუ იურისტთან კონსულტაციაზე იყო 3000-მდე ადამიანი. ზოგჯერ კონსულტაციაზე მიდის მოძალადეც. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია გულისხმობს უფასო სოციალურ, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ კონსულტაციებს, ასევე გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.