ძალადობა ოჯახში შეიძლება განხორციელდეს, როგორც მოხუცის, ისე ბავშვის და მამაკაცის მიმართ, თუმცა ამჯერად ჰაინრიხ ბიოლოს ფონდში გამართულ დისკუსიაზე ქალთა მიმართ ძალადობაზე მსჯელობდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, 2009 წელს, საქართველოში 169 ძალადობის მსხვერპლი ქალია რეგისტრირებული. გაეროს ამავე წელს ჩატარებული კვლევის თანახმად კი, სადაც ქალთა ანონუმურობა დაცული იყო, ერთხელ მაინც ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ძალადობის მსხვერპლია.
რატომ ერიდებიან საქართველოში ქალები, აღიარებას, რომ მათზე ძალადობა ხორციელება? რატომ ხდებიან ისინი ძალადობის მსხვერპლნი? მაინც რა შედეგი ექნება ამის გაცნობიერებას და აღიარებას? – ეს ის საკითხებია, რაზეც ბიოლის ფონდში შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად მსჯელობდნენ გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველი გენდერის საკითხებში, თამარ საბედაშვილი , გაეროს ქალთა ფონდის პროექტის მენეჯერი, ირინა ჯაფარიძე, ქალთა საკონსულტაციო ცენტრის „სახლი” ხელმძღვანელი,რუსუდან ფხაკაძე და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი მარი მესხი. ქალთა ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები დარბაზში შეკრებილი საზოგადოების დიდ ნაწილს შეადგენდნენ, დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ სტუდენტები და ჟურნალისტები.
დისკუსია დაიწყო ქალთა მიმართ ძალადობის ტიპებზე საუბროთ. ასეთი სულ ხუთია – ფიზიკური, ფსიქოლოგიურ, სექსუალური, ეკონომიკური და იძულების ძალადობა. მთავარ პრობლემად კი, გამოიკვეთა ის, რომ ძალადობის მსხვერპლმა, ხშირად, არც კი იცის, რომ მასზე ძალადობა ხორციელდება და ამას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს.
“10 წლის წინ უარესი მდგომარეობა იყო, ყველამ იცოდა, რომ ქმარი ცოლს ცემდა და ეს მიღებული ნორმა იყო. დღეს უკვე გვაქვს კანონი, რომელიც ცოლს მოძალადე ქმრისგან იცავს. თუმცა ქალები საკუთარი უფლებების დაცვას სამართლებრივად მენტალიტეტის გამო ერიდებიან, რა ცოლი ხარ თუ ქმრის დასაკავებლად პატრულს გამოიძახებ” განმარტა მარი მესხმა. მისი თქმით, ამას რეგიონებში უფრო მეტად ერიდებინ.
რუსუდან ფხაკაძის აზრით, მენტალიტეტი და სტიგმა არის მიზეზი იმ მოვლენისა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მათ ორგანიზაციას დახმარების თხოვნით სექსუალური ძალადობის სულ ორმა მსხვერპლმა მიმართა. “არა და მთელს მსოფლიოში ცნობილა, რომ ომის ერთ-ერთი მთავარი თანმდევი მოვლენა გაუპატიურებული ქელებია. ჩვენთან კი გამოდის, რომ იყო ომი და არ გვყავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები” აღნიშნა მან.
დისკუსიაზე აღინიშნა, რომ არა მხოლოდ ქალებს, არამედ, ზოგადად საზოგადებას არ აქვს სულყოფილი ინფორმაცია ძალადობის შესახებ. ამის მაგალითს საქარათველოს ბანკის რეკლამა წარმოადგენს, სადაც ქალი ნივთთანაა გაიგივებული, თუმცა ამ რეკლამას საყოველთაო აღშფოთება არ გამოუწვევია. ბიოლის ფონდში შეკრებილი საზოგადოების გაოცება გამოიწვია ფაქტმა, რომ საქართველოში მოქმედი 200 ქალთა ორგანიზაციიდან, საქართველოს ბანკს სასამართლოში არც ერთმა უჩივლა.
“ჩვენ მედიაში კრიტიკული წერილი გამოვაქვეყნეთ მხოლოდ, ახლა ტრანსპარანტებით ვერ გამოვალთ” აღნინა რუსუდან ფხაკაძემ.
“რატომ ყველა გამოდის და თქვენ რატომ ვერ გამოხვალთ”- უპასუხა დისკუსიის მოდერატორმა, გოგი გვახარიამ.
“ფსიქო-ფიზიკურად გამოფიტულ საზოგადოებას ეს არანაირ მუხტს არ გაუჩენს, ამიტომ ვფიქრობ კულტურული მეთოდებით უფრო მივაღწევთ შედეგს” განმარტა ფხაკაძემ.
“მანიფესტაციაც კულტურული მეთოდია” – გაისმა ამ აზრის მომხრე ადამიანების შეძახილები დარბაზიდან.
ამის შემდეგ, საუბარი ძალადობის მიზეზების განხილვით გაგრძელდა. “რატომ ხდება მამაკაცი მოძალადე, იქნებ ამის პროვოცირებას ქალი ახდენს?” დაინტერესდა ერთ-ერთი სტუდენტი.
ძალადობის მიზეზი ხშირად ძალაუფლების და კონტროლის განხორცილებაა, არსებობს ამის განმაპირობებელი სოციალური ფაქტორები, ალკოჰოლიზმი, განმარტა თამარ საბედაშვილმა. “თუმცა, ძალადობა გვხვდება აუზრუნველყოფილ ოჯახებშიც, რატომ? იმიტომ, რომ მამაკაცს პათოლოგიური წარმოდგენები აქვს ურთიერთობაზე. არასწორია მსჯელობა, რომ ქალი იწვევს ძალადობას. როგორ უნდა აიძულო მამაკაცი, რომ გცემოს და ამას გამათლება ჰქონდეს? როგორ უნდა მივიჩნიოთ სწორად, რომ ვიღაცას თქვენი ასეთი მეთოდებით აღზრდის უფლება აქვს?” აღნიშნა თამარ საბედაშვილმა. მისივე თქმით, ხშირად კაცებს უჩნდებათ შიში, რომ თუ ქალთა მიმართ ძალადობაზე ბევრს ისაუბრენ, ქალები დაიწყებენ კაცების ჩაგვრას. ეს ასე არ არის, რადგან ძალადობა ერთსქესიან წყვილებშიც ხდება, რადგან ასეთი საქციელის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი კონტროლის დამყარებაა.
როცა ქალი აღიარებს, რომ მასზე ძალადობა ხორციელდება, ეს მამაკაცების საქციელზე რაიმე სახით მოქმედებს? მცირდება ძალადობა? – დაინტერესდნენ დარბაზში.
“დღევანდელი კანონმდებლობით მოძალადე ქმარზე შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და როცა მოძალდე ხედავს, რომ მისი მსხვერპლი არც ისეთი მიუსაფარია, ჰყავს გულშემატკივარი, მისი დაჩაგვრა არც ისე ადვილია, ის უკან იხევს. რა თქმა უნდა ასე ძალადობა სრულად არ აღმოიფხვრება, მაგრამ მასთან ბრძოლა უფრო შედეგიანი იქნება” – განმარტა მარი მესხმა.
რამდენად არის აღიარება გამოსავალი იმ ქალთათვის, რომლებიც მოძალადე ქმართან მასზე ფინანსური დამოკიდებულების გამო ცხოვრობენ?
“ქალის ეკონომიკური დამოკიდებულების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მას თავის დროზე განათლება არ მიაღებინებს ან მუშაობა აუკრძალეს. ამიტომ გადამწყვეტი ფაქტორია, რომ მან მუშაობა დაიწყოს და საკუთარ თავში რწმენა აღიდგინოს, მიხვდეს, რომ შეუძლია იყოს კარგი სპეციალისტი” – აღნიშნა თამარ საბედაშვილმა, მისი თქმით, მათმა ორგანიზაციამ 40 ქალი დაასაქმა, რომელთაც ეგონათ , რომ არაფრის კეთება შეეძლოთ და მსხვერპლი ქალების დასაქმებაში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს.
დისკუსიის ბოლოს ყველა შეთანხმდა, რომ პირველ რიგში აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება თუ რა არის ძალადობა. ამის ეფექტური გზა სხვადასხვა ძალადობის ტიპის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება მიიჩნიეს. თუმცა, შემდეგ აღნიშნეს, რომ ასეთი ფილმების ტელევიზიით ჩვენება პრობლემა იქნება. “თუ სკანდალური არ იქნება, კომერციულ ტელევიზიებს ასეთი პროდუქციის ეთერში გაშვების ინტერესი არ აქვთ, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამარა ვართ” აღნიშნა რუსუდან ფხაკაძემ. თუმცა, დასასრულს ისიც გამოიკვეთა, რომ საზოგადოების არაინფორმირებულობაში არა მხოლოდ მედიაა დამნაშავე, ქალთა ორგანიზაციებიც არაეფეტურად მუშაობენ, რადგან დარბაზში მყოფთაგან თითქმის არავინ იცოდა, რომ 25 ნოემბრიდან საქრთველოს მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თექვსმეტ დღიანი “აქტიური კამპანია” მიმდინარეობს. “მეტი კონსოლიდაცია გვჭირდება”- დაასკვნეს დისკუსიის ბოლოს.
რადგან ჯერ არც დოკუმენტური ფილმი გადაღებულა და არც მანიფესტაციის გამართვა იგეგმება, თამარ საბედაშვილის ცნობით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას კვირას დაგეგმილი რაგბის მატჩი მიეძღვნება და ამ საკითხზე ყურადღება ამ სახით გამახვილდება.