სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საქართველოს პარლამენტს 2011 წლის ანგარიში გაუგზავნა.
ანგარიში ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას. ანგარიში ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ზოგად ტენდენციებს და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს.
გიორგი ტუღუშის ანგარიში 600-გვერდიანია და მისი ნახევარი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებს ეხება. მათ შორის საუბარია იმაზეც, რომ გასული წლის განმავლობაში საპატიმროებში 140 პატიმარი გარდაიცვალა.
„საანგარიშო წელს, სამწუხაროდ, კვლავ დაფიქსირდა სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ფაქტობრივად არ განსხვავდება 2010 წლის მაჩვენებლისგან. შესაბამისი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ტუბერკულოზი კვლავ რჩება პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად,“- განმარტავს გიორგი ტუღუში.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას –
2011 წლის განმავლობაში კვლავ ბევრმა მოქალაქემ მიმართა სახალხ დამცველის აპარატს სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში სისტემატურადაა განხილული სამართალდამცავი ორგანოების მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის ფაქტები. 2011 წლის საანგარიშო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რომლებიც უკავშირდებოდა ღირსების შემლახავ მოპყრობასა და ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2011 წლის განმავლობაში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე, მიმოხილულია ჟურნალისტებისა და ცალკეული პირების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ფაქტები, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის, მუქარის, მათი დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები.
„2011 წელს ასევე მკვეთრად შემცირდა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ სახალხო დამცველისთვის განცხადებით არავის მოუმართავს,“- აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.
ანგარიშში დეტალურად არის განხილული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ფართო სპექტრი: საკუთრების უფლება, სათანადო საცხოვრისის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან დაკავშირებული ასპექტები და სხვა.
ანგარისში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.
ანგარიშში ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა – მესხების და ლტოლვილების უფლებრივ მდგომარეობას.
განხილულია ოჯახური ძალადობის ფაქტები, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები.
„ანგარიშში წარმოდგენილია ჩვენი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები საკანომდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელთა მიზანიც ამ ანგარიშში აღწერილი დარღვეული უფლებების აღდგენა და უფლებადარღვევების პრევენციაა,“- განმარტავს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის ანგარიშს პარლამენტი ახლო მომავალში ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.