ეს ამბავი თავისი სიმძიმის გამო, რომელსაც პრეცედენტი არ გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, დარეგისტრირდა როგორც ჩ, ნ და ჭ საქართველოს წინააღმდეგ. საქმე ეხება სექსუალურ, ფიზიკურ, ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელსაც ახორციელებდა მამა თავისი შვილებისა და მეუღლის მიმართ. წლების განმავლობაში ძალადობის ქვეშ მოქცეულმა ქალბატონმა რეაგირებისათვის პოლიციასა და პროკურატურას მიმართა, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია.
აღნიშნული ფაქტი ერთ ჩვეულებრივ, თბილისურ ოჯახში ხდებოდა. მამაკაცსა და ქალბატონს თანაცხოვრების მანძილზე ხუთი შვილი შეეძინათ, ოთხი ვაჟი და ერთი გოგონა. ოჯახური ცხოვრება თავისი დინებით მიდიოდა, სანამ ქალბატონმა არ შენიშნა ქმრის უჩვეულო, გარყვნილი დამოკიდებულება შუათანა ვაჟისა და გოგონას მიმართ. ქალბატონმა მეუღლეს ამ ფაქტის ახსნა მოსთხოვა, პასუხად კი მიიღო, რომ ცოლს ეჩვენებოდა და ბავშვების მოფერებით ხსნიდა. იმის გამო, რომ ქალბატონი მეუღლეს ამგვარ ქმედებას უშლიდა, ოჯახში მდგომარეობა დღითიდღე იძაბებოდა, მამაკაცი უკვე ძალადობასაც მიმართავდა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც უმნიშვნელო საკითხებზე ბავშვებსა და ქალბატონსაც სცემდა. ქალბატონს რცხვენოდა თავისი ოჯახის ამბები ქვეყნის სააშკარაოზე გამოეტანა და საკუთარი ძალებით ებრძოდა აღნიშნულ პრობლემას, რომელიც ოჯახში მეუღლეთა შორის არაერთი კონფლიქტის მიზეზი გახდა. ეს ამბავი ოჯახში 8 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ამასობაში ბავშვებიც გაიზარდნენ და მამის მათდამი დამოკიდებულება, რომელიც მამაშვილური მოფერებით იხსნებოდა, მიხვდნენ, რომ არ ჰგავდა იმ ალერსს, რომელიც მამისაგან უნდა ეგრძნოთ. მოთმინების ძაფიც გაწყდა და ქალბატონმა პოლიციას, შემდეგ კი პროკურატურას მეუღლის დასჯის თხოვნით მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ შეესწავლათ მისი ფსიქიკური მდგომარეობა და ავადმყოფობის შემთხვევაში, სამკურნალო დაწესებულებაში გაეგზავნათ. მამაკაცი კი ახსნა–განმარტების მიცემის დროს ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ქალბატონი არ იყო საღად მოაზროვნე და ყველაფერს იგონებდა. ორი წლის განმავლობაში საქმე ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ უშედეგოდ.
ადვოკატის, ელენა ფილეევას დახმარებით, ქალბატონმა 2006 წლის აგვისტოში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. მამაკაცი მიხვდა, რომ ქალბატონი უკან დახევას აღარ აპირებდა და სახლიდან წავიდა. სახლში ტრავმირებული შვილები დარჩნენ, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვა გაგრძელდა. ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა ქალბატონის მცდელობა. 2008 წლის დეკემბერში ეს საქმე დაუშვებლად მიიჩნიეს ევროპულ სასამართლოში იმ მოტივით, რომ საქმეში არ აღინიშნებოდა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა.
ელენა ფილეევა (ადვოკატი):
– ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღნიშნული საქმე შევიდა ქალბატონისა და მისი შვილების სახელით ევროპული კონვენციის მე–3, მე–8 და მე–13 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მიერთების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია მთელი რიგი პოზიტიური ვალდებულებები, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან საკუთარი მოქალაქეების დაცვა. სათანადო პასუხისმგებელი პირისაგან სავალდებულოა საჩივრის სერიოზული განხილვა და ასევე საჭიროა ოჯახის სხვა წევრთა მიმართ განხორციელებული მე–3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის ფაქტზე ყურადღების გამახვილება. ამგვარ პირობებში პროკურატურას სათანადოდ უნდა განეხორციელებინა დეტალური და ეფექტური გამოძიება, რათა დაედგინა სიმართლე საჩივრის თაობაზე, დაედგინა პასუხისმგებელი პირები და დაესაჯა. ასევე სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა და ხელშეუხებლობა. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს და მიიღოს ყველა საჭირო ღონისძიება, რომ მოხდეს პირთა პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვა და პატივისცემა სხვა პირთა მხრიდან.
განმცხადებელმა განიცადა მძიმე სტრესი ოჯახში არსებული ძალადობის გამო, გარყვნილი ქმედებების და მეუღლის მიერ შვილების მიმართ მიყენებული ფსიქიკური ტრამვის შედეგად. ასევე რთული გადასატანი იყო ოჯახში არსებული დაძაბული სიტუაცია და ის, რომ განმცხადებელმა ვერ შეძლო დაეცვა საკუთარი შვილები ასეთი ქმედებებისაგან ვერც საკუთარი ძალებით და ვერც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების დახმარებით. აღნიშნული გახდა განსაკუთრებული მორალური ტანჯვის და ტკივილის საფუძველი. შვილები და დედა გახდნენ მე–3 მუხლის სწინააღმდეგო მოპყრობის მსხვერპლნი. მათ მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებებს. განმცხადებელს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ეროვნულ დონეზე დაეცვა თავისი და მისი შვილების დარღვეული უფლებები. მიუხედავად არაერთგზისი მცდელობისა, დედამ ვერ მოახერხა, შესაბამისი ორგანოების არაკეთილსინდისიერი და ზერელე დამოკიდებულების გამო, აღძრულიყო საქმე და მომხდარიყო სრული და ეფექტური გამოძიების ჩატარება საგამოძიებო ორგანოთა მიერ, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა იძლეოდა ამის საშუალებას. შესაბამისად განმცხადებლებს არ ჰქონდათ საშუალება, ქვეყნის შიგნით ეფექტურად დაეცვათ საკუთარი დარღვეული უფლებები, რის გამოც მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე–13 მუხლი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფუნქციონირებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე. მიუხედავად მრავალწლიანი პრაქტიკისა, ასევე განხილულ საქმეთა რაოდენობისა, ევროპული სასამართლოს მიერ დღემდე არ განხილულა არცერთი ოჯახური ძალადობის საქმე და არ არსებობს არცერთი პრეცედენტი ოჯახური ძალადობის პრობლემის თაობაზე.
საერთაშორისო მექანიზმები გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ მივმართოთ საქმის განსახილველად სხვა საერთაშორისო ორგანოს. კერძოდ, გაეროს საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც მუშაობს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე.
ოჯახური ძალადობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მიუხედავად ბოლო დროს საქართველოს კანონმდებლობაში წინგადადგმული ნაბიჯებისა, მაინც უამრავი ხარვეზები არსებობს. ახალი კანონის “ოჯახური ძალადობის შესახებ” მიღების შემდეგ მოკლე ვადაში საკმაოდ პოპულარული გახდა და დაფიქსირდა ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ფართო გამოყენება. სტატისტიკა და კვლევის შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა მოქმედი კანონმდებლობის დამუშავება და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად გადაჭრის არსებული პრობლემის ნაწილს.
საერთაშორისო აქტებით არის დადგენილი ქალთა უფლებების დაცვის მინიმალური სტანდარტი და ნებისმიერი საქმე, რომელიც გახდება საერთაშორისო ორგანოს განხილვის საგანი, შეფასებული იქნება ამ მინიმალური სტანდარტების კუთხით. განხილვის შედეგად სახელმწიფოს მიეცემა რეკომენდაციები საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.