ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
დეპუტატ რუსუდან კერვალიშვილის ინიციატივით, “სისხლის სამართლის კოდექსს” ახალი, სპეციალური მუხლი ემატება.კანონპროექტით დგინდება, რომ «ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური, ფსიქიკური ძალადობა ან იძულება, რამაც გამოიწვია მსხვერპლის ფიზიკური, ფსიქიკური ან მორალური ტკივილი თუ ტანჯვა, დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ექვს თვემდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 6 თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე».
ოჯახში იგივე ძალადობას თუ სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, მაშინ მოძალადე ოჯახის წევრს თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან შვიდ წლამდე დასჯიან.
ამ ქმედებებში ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი, შვილობილი, გერი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები და მეურვე.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას განვითარებულ ქვეყნებში საფუძველი XIX საუკუნის 70-80-იან წლებში ჩაეყარა, დღეისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აღიარებს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვისა და მოძალადეთა დასჯის აუცილებლობას.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ორწლიანი კვლევისა და ანალიზის შედეგად, 1996 წელს მომზადდა “გაერო-ს მოდელური კანონმდებლობა ოჯახურ ძალადობაზე,” რომელსაც ბევრი სახელმწიფო, მათ შორის საქართველოც შეუერთდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2008 წელს გამოვლინდა 198 ძალადობის ფაქტი, შესაბამისად ამდენივე მოძალადე და მსხვერპლი აღირცხა. 2009 წელს ეს რიცხვი შემცირდა 176-მდე. 2010 წელს კვლავ გაიზარდა 182-მდე, ხოლო 2011 წელს ოჯახური ძალადობის ფაქტებმა მაქსიმუმს მიაღწია. ოფიციალურად სულ აღრიცხულია 261 მოძალადე და 285 მსხვერპლი.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და სექესობრივ მოძალადეთა რაოდენობას, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაცია ასეთია: 2008 წელს აღრიცხული იყო სქესობრივად მოძალადე 19 ქალი და 179 კაცი, მსხვერპლი იყო ქალი 189, ხოლო მომაკაცი 9. 2009 წელს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა 164 ქალი და 13 მამაკაცი, მოძალადე ქალი იყო 12, მამაკაცი კი 164. 2010 წელს მსხვერპლ ქალთა რაოდენობა 166-მდე გაიზარდა, მამაკაცის კი 16-მდე. მოძალადე ქალი კვლავ 13 იყო, ხოლო მამაკაცი 169. 2011 წელს კი მსხვერპლის და მოძალადის რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის რაოდენობამ 253-ს მიაღწია, მამაკაცის 32-ს, ხოლო თავად მოძალადის რაოდენობა მამაკაცებში გაიზარდა 240-მდე, ხოლო ქალებში 21-მდე.
სტატისტიკის ამგვარ ზრდას ექსპერტები იმითაც ხსნიან, რომ ბოლო პერიოდში მსხვერპლი უფრო ადვილად საუბრობს ოჯახურ ძალადობაზე და შესაბამისად, უფრო ხშირად ითხოვს სახელმწიფოსგან დაცვას.
ესტონურმა არასამთავრობო ორგანიზაციის “ღია საზოგადოება” ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ირწმუნება, რომ საქართველოში ძალადობის რამდენიმე ფორმა გამოიკვეთა – ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური. როგორც ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, საქართველოში ოჯახში ფიზიკური ძალადობის შედეგად ყველაზე მეტად დედები იტანჯებიან (48 პროცენტი), შემდეგ ბავშვები (62 პროცენტი), გოგონები (26 პროცენტი), შემდეგ კი ბებიები და ბაბუები (15 პროცენტი).