პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლებისათვის, რომლებიც ოჯახური ძალადობის დანაშაულის საკითხებზე მუშაობენ, სპეციალური ტრეინინგი მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამართალდამცველები მონაწილეობენ, რომელთაც საკუთარ გამოცდილებას ამერიკელი პროკურორი დევიდ მარტინი უზიარებს. სემინარს ესწრებიან ოჯახური ძალადობის საკითხებით დაინტერსებული ექსპერტები.
ტრეინინგის მონაწილეები მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კომპლექსური მიდგომა ოჯახური ძალადობის დასაძლევად, ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეფერირების სისტემა, სერვისები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოში, ოჯახური ძალადობის დანაშაულზე გამოძახებული ოფიცრის მომზადება, SARA-ს მეთოდი ანუ ოჯახური ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმი; დაზარალებულის დაკითხვა და ოქმის შედგენა. განიხილავენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთან თანამშრომლობის პრობლემას.