არის თუ არა პატრიარქის 29 აპრილის ქადაგება ოჯახში თანასწორობის შესახებ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისკენ მიმართული?
ქალთა ფონდისა და მეხსიერების ცენტრი “ტასოს” გენერალური დირექტორი მარინა თაბუკაშვილი ამბობს, რომ ეს ქადაგება არ არის მოწოდება გენდერული უთანასწორობიკენ, თუმცა წარმოთქმულია ისეთი ადამიანის მიერ, ვისაც გენდერული მგრძნობელობა არ აქვს.
“საღვთო წერილი ამბობს, რომ ოჯახის მეთაური არის ქმარი. ოჯახი – ეს არის ერთი სხეული და არ შეიძლება, რომ ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია,” – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 29 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას.
მარინა თაბუკაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, თუკი პატრიარიქის ქადაგებაში მითითებული იქნებოდა საღვთო წერილის ის თავი, რომელშიც ნათქვამია, რომ ოჯახის მეთაური კაცია.
“საღვთო წერილში ამგვარი თავი არ არის და უფრო მეტიც, თავად სახარება ქალთა მიმართ არადისკრიმინაციულია”, – აცხადებს ფონდ “ტასოს” ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ვინაიდან ეკლესიის ავტორიტეტი საქართველოში ძალიან მაღალია, კარგი იქნებოდა, თუკი პატრიარქი ისეთ მწვავე თემაზე იქადაგებდა, როგორიცაა, ძალადობა ოჯახში და მრევლს არაძალადობრივი ქმედებისკენ მოუწოდებდა.
“პატრიარქმა იქადაგა, რომ ოჯახები ხშირად ინგრევა. ოჯახის დაშორება სამუწუხაროა, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ამის მიზეზი ქალი იყოს. პირიქით, უმეტესად კაცები შორდებიან ქალებს. ქადაგებაში ნახსენებია, რომ ქალი უნდა იყოს მომთმენი დედა და თავი შეწიროს ოჯახს. მისასალმებელია, როცა ოჯახში ჰარმონიაა, თუმცა ოჯახი შეიძლება გახდეს ტანჯვის სივრცე, სადაც ძირითადად ქალი იჩაგრება. მე ნამდვილად ვერ ვუსურვებ ქალებს, რომ ოჯახის შენარჩუნების მიზნით, იყვნენ მოტყუებულის და ჩაგრულის როლში,” – ამბობს მარინა თაბუკაშვილი.
“უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ადამიანის ბედნიერება არის, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა. მაგალითად, მეუღლე, ქმარი მოვიდა სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, შენ უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შენ უნდა შესთავაზო საჭმელი და სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს,” – განაცხადა ილია მეორემ.
“ეს მომენტი საყურადღებოა: საქართველოში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულნი და ძირითადად ქალები შრომობენ, ამიტომ მოყვარულ ქმარს შეუძლია, დაღლილ მეუღლეს ფეხები დაბანოს. მე მიმაჩნია, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ფეხები უნდა დაბანონ, თუ სიყვარულით და პატივისცემით არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ,” – აცხადებს მარინა თაბუკაშვილი.
მისივე თქმით, სასურველი იქნებოდა, პატრიარქი ამ განცხადებამდე გენდერის საკითხებზე მომუშავე ადამიანებს გასაუბრებოდა, რომლებიც შეძლებდნენ სხვანაირად ეჩვენებინათ მისთვის გენდერული უთანასწორობის პრობლემა. მარინა თაბუკაშვილი ამბობს, რომ რწმენა და გენდერული თანასწორობა ერთმანეთს ხელს არ უშლის და პირიქით, სიყვარულით და სათნოებით აძლიერებენ ერთმანეთს.
ქალის უფლებების დამცველი ნინო ციხისთავი ამბობს, რომ “უწმინდესი არის ის ადამიანი, ვინც ყველანაირ თანასწორობაზე, ცხოვრებისეულ საკითხებზე და ოჯახისეულ პრობლემებზე ყველაზე მეტად, ჩვენზე მეტად შეწუხებულია, მზრუნველია, ამიტომაც მისი ყველა სიტყვა, ყველა მოქმედება ერის გაჯანსაღებისკენაა მიმართული. ჩემი მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში ის არის, რომ სახელმწიფომ შეასრულს ის მოვალეობა, რომელიც გენდერის დაცვის კუთხით მას აკისრია”.
გალინა პეტრიაშვილი, ჟურნალისტთა ასოციაცია “გენდერმედიაკავკასიის” ხელმძღვანელი, ამბობს, რომ პატრიარქის განცხადება იმ ტრადიციებიდან და ნორმებიდან გამომდინარეობდა, რაც ღირებულია მართლმადიდებლური ეკლესიისათვის:
“თუმცა ეს ქადაგება არ უნდა იყოს მოწოდება სახელმწიფოსთვის და სამოქალაქო ინსტიტუტებისთვის. სახელმწიფიმ უნდა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე – ოჯახში. ოჯახის შიგნითაც ქალებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ამ საკითხზე ეკლესია”, – აცხადებს გალინა პატრიაშვილი.