ოჯახში ძალადობა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. კანონპროექტი ითვალისწინებს ოჯახის წევრის – დედის, მეუღლის, შვილის, შვილიშვილის, ასევე სიძის, რძლის და ყოფილი მეუღლის – დაპატიმრებას, თუკი რომელიმე მათგანი ძალადობას მიმართავს ოჯახში.
პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლებისათვის, რომლებიც ოჯახური ძალადობის დანაშაულის საკითხებზე მუშაობენ, სპეციალური ტრეინინგი მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამართალდამცველები მონაწილეობენ, რომელთაც საკუთარ გამოცდილებას ამერიკელი პროკურორი დევიდ მარტინი უზიარებს. სემინარს ესწრებიან ოჯახური ძალადობის საკითხებით დაინტერსებული ექსპერტები.
ტრეინინგის მონაწილეები მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კომპლექსური მიდგომა ოჯახური ძალადობის დასაძლევად, ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეფერირების სისტემა, სერვისები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოში, ოჯახური ძალადობის დანაშაულზე გამოძახებული ოფიცრის მომზადება, SARA-ს მეთოდი ანუ ოჯახური ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმი; დაზარალებულის დაკითხვა და ოქმის შედგენა. განიხილავენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთან თანამშრომლობის პრობლემას.
ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
დეპუტატ რუსუდან კერვალიშვილის ინიციატივით, “სისხლის სამართლის კოდექსს” ახალი, სპეციალური მუხლი ემატება.კანონპროექტით დგინდება, რომ «ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური, ფსიქიკური ძალადობა ან იძულება, რამაც გამოიწვია მსხვერპლის ფიზიკური, ფსიქიკური ან მორალური ტკივილი თუ ტანჯვა, დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ექვს თვემდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 6 თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე».
ოჯახში იგივე ძალადობას თუ სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, მაშინ მოძალადე ოჯახის წევრს თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან შვიდ წლამდე დასჯიან.
ამ ქმედებებში ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი, შვილობილი, გერი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები და მეურვე.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას განვითარებულ ქვეყნებში საფუძველი XIX საუკუნის 70-80-იან წლებში ჩაეყარა, დღეისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აღიარებს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვისა და მოძალადეთა დასჯის აუცილებლობას.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ორწლიანი კვლევისა და ანალიზის შედეგად, 1996 წელს მომზადდა “გაერო-ს მოდელური კანონმდებლობა ოჯახურ ძალადობაზე,” რომელსაც ბევრი სახელმწიფო, მათ შორის საქართველოც შეუერთდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2008 წელს გამოვლინდა 198 ძალადობის ფაქტი, შესაბამისად ამდენივე მოძალადე და მსხვერპლი აღირცხა. 2009 წელს ეს რიცხვი შემცირდა 176-მდე. 2010 წელს კვლავ გაიზარდა 182-მდე, ხოლო 2011 წელს ოჯახური ძალადობის ფაქტებმა მაქსიმუმს მიაღწია. ოფიციალურად სულ აღრიცხულია 261 მოძალადე და 285 მსხვერპლი.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და სექესობრივ მოძალადეთა რაოდენობას, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაცია ასეთია: 2008 წელს აღრიცხული იყო სქესობრივად მოძალადე 19 ქალი და 179 კაცი, მსხვერპლი იყო ქალი 189, ხოლო მომაკაცი 9. 2009 წელს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა 164 ქალი და 13 მამაკაცი, მოძალადე ქალი იყო 12, მამაკაცი კი 164. 2010 წელს მსხვერპლ ქალთა რაოდენობა 166-მდე გაიზარდა, მამაკაცის კი 16-მდე. მოძალადე ქალი კვლავ 13 იყო, ხოლო მამაკაცი 169. 2011 წელს კი მსხვერპლის და მოძალადის რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის რაოდენობამ 253-ს მიაღწია, მამაკაცის 32-ს, ხოლო თავად მოძალადის რაოდენობა მამაკაცებში გაიზარდა 240-მდე, ხოლო ქალებში 21-მდე.
სტატისტიკის ამგვარ ზრდას ექსპერტები იმითაც ხსნიან, რომ ბოლო პერიოდში მსხვერპლი უფრო ადვილად საუბრობს ოჯახურ ძალადობაზე და შესაბამისად, უფრო ხშირად ითხოვს სახელმწიფოსგან დაცვას.
ესტონურმა არასამთავრობო ორგანიზაციის “ღია საზოგადოება” ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ირწმუნება, რომ საქართველოში ძალადობის რამდენიმე ფორმა გამოიკვეთა – ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური. როგორც ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, საქართველოში ოჯახში ფიზიკური ძალადობის შედეგად ყველაზე მეტად დედები იტანჯებიან (48 პროცენტი), შემდეგ ბავშვები (62 პროცენტი), გოგონები (26 პროცენტი), შემდეგ კი ბებიები და ბაბუები (15 პროცენტი).
ეს ამბავი თავისი სიმძიმის გამო, რომელსაც პრეცედენტი არ გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, დარეგისტრირდა როგორც ჩ, ნ და ჭ საქართველოს წინააღმდეგ. საქმე ეხება სექსუალურ, ფიზიკურ, ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელსაც ახორციელებდა მამა თავისი შვილებისა და მეუღლის მიმართ. წლების განმავლობაში ძალადობის ქვეშ მოქცეულმა ქალბატონმა რეაგირებისათვის პოლიციასა და პროკურატურას მიმართა, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია.
აღნიშნული ფაქტი ერთ ჩვეულებრივ, თბილისურ ოჯახში ხდებოდა. მამაკაცსა და ქალბატონს თანაცხოვრების მანძილზე ხუთი შვილი შეეძინათ, ოთხი ვაჟი და ერთი გოგონა. ოჯახური ცხოვრება თავისი დინებით მიდიოდა, სანამ ქალბატონმა არ შენიშნა ქმრის უჩვეულო, გარყვნილი დამოკიდებულება შუათანა ვაჟისა და გოგონას მიმართ. ქალბატონმა მეუღლეს ამ ფაქტის ახსნა მოსთხოვა, პასუხად კი მიიღო, რომ ცოლს ეჩვენებოდა და ბავშვების მოფერებით ხსნიდა. იმის გამო, რომ ქალბატონი მეუღლეს ამგვარ ქმედებას უშლიდა, ოჯახში მდგომარეობა დღითიდღე იძაბებოდა, მამაკაცი უკვე ძალადობასაც მიმართავდა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც უმნიშვნელო საკითხებზე ბავშვებსა და ქალბატონსაც სცემდა. ქალბატონს რცხვენოდა თავისი ოჯახის ამბები ქვეყნის სააშკარაოზე გამოეტანა და საკუთარი ძალებით ებრძოდა აღნიშნულ პრობლემას, რომელიც ოჯახში მეუღლეთა შორის არაერთი კონფლიქტის მიზეზი გახდა. ეს ამბავი ოჯახში 8 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ამასობაში ბავშვებიც გაიზარდნენ და მამის მათდამი დამოკიდებულება, რომელიც მამაშვილური მოფერებით იხსნებოდა, მიხვდნენ, რომ არ ჰგავდა იმ ალერსს, რომელიც მამისაგან უნდა ეგრძნოთ. მოთმინების ძაფიც გაწყდა და ქალბატონმა პოლიციას, შემდეგ კი პროკურატურას მეუღლის დასჯის თხოვნით მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ შეესწავლათ მისი ფსიქიკური მდგომარეობა და ავადმყოფობის შემთხვევაში, სამკურნალო დაწესებულებაში გაეგზავნათ. მამაკაცი კი ახსნა–განმარტების მიცემის დროს ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ქალბატონი არ იყო საღად მოაზროვნე და ყველაფერს იგონებდა. ორი წლის განმავლობაში საქმე ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ უშედეგოდ.
ადვოკატის, ელენა ფილეევას დახმარებით, ქალბატონმა 2006 წლის აგვისტოში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. მამაკაცი მიხვდა, რომ ქალბატონი უკან დახევას აღარ აპირებდა და სახლიდან წავიდა. სახლში ტრავმირებული შვილები დარჩნენ, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვა გაგრძელდა. ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა ქალბატონის მცდელობა. 2008 წლის დეკემბერში ეს საქმე დაუშვებლად მიიჩნიეს ევროპულ სასამართლოში იმ მოტივით, რომ საქმეში არ აღინიშნებოდა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა.
ელენა ფილეევა (ადვოკატი):
– ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღნიშნული საქმე შევიდა ქალბატონისა და მისი შვილების სახელით ევროპული კონვენციის მე–3, მე–8 და მე–13 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მიერთების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია მთელი რიგი პოზიტიური ვალდებულებები, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან საკუთარი მოქალაქეების დაცვა. სათანადო პასუხისმგებელი პირისაგან სავალდებულოა საჩივრის სერიოზული განხილვა და ასევე საჭიროა ოჯახის სხვა წევრთა მიმართ განხორციელებული მე–3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის ფაქტზე ყურადღების გამახვილება. ამგვარ პირობებში პროკურატურას სათანადოდ უნდა განეხორციელებინა დეტალური და ეფექტური გამოძიება, რათა დაედგინა სიმართლე საჩივრის თაობაზე, დაედგინა პასუხისმგებელი პირები და დაესაჯა. ასევე სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა და ხელშეუხებლობა. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს და მიიღოს ყველა საჭირო ღონისძიება, რომ მოხდეს პირთა პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვა და პატივისცემა სხვა პირთა მხრიდან.
განმცხადებელმა განიცადა მძიმე სტრესი ოჯახში არსებული ძალადობის გამო, გარყვნილი ქმედებების და მეუღლის მიერ შვილების მიმართ მიყენებული ფსიქიკური ტრამვის შედეგად. ასევე რთული გადასატანი იყო ოჯახში არსებული დაძაბული სიტუაცია და ის, რომ განმცხადებელმა ვერ შეძლო დაეცვა საკუთარი შვილები ასეთი ქმედებებისაგან ვერც საკუთარი ძალებით და ვერც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების დახმარებით. აღნიშნული გახდა განსაკუთრებული მორალური ტანჯვის და ტკივილის საფუძველი. შვილები და დედა გახდნენ მე–3 მუხლის სწინააღმდეგო მოპყრობის მსხვერპლნი. მათ მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებებს. განმცხადებელს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ეროვნულ დონეზე დაეცვა თავისი და მისი შვილების დარღვეული უფლებები. მიუხედავად არაერთგზისი მცდელობისა, დედამ ვერ მოახერხა, შესაბამისი ორგანოების არაკეთილსინდისიერი და ზერელე დამოკიდებულების გამო, აღძრულიყო საქმე და მომხდარიყო სრული და ეფექტური გამოძიების ჩატარება საგამოძიებო ორგანოთა მიერ, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა იძლეოდა ამის საშუალებას. შესაბამისად განმცხადებლებს არ ჰქონდათ საშუალება, ქვეყნის შიგნით ეფექტურად დაეცვათ საკუთარი დარღვეული უფლებები, რის გამოც მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე–13 მუხლი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფუნქციონირებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე. მიუხედავად მრავალწლიანი პრაქტიკისა, ასევე განხილულ საქმეთა რაოდენობისა, ევროპული სასამართლოს მიერ დღემდე არ განხილულა არცერთი ოჯახური ძალადობის საქმე და არ არსებობს არცერთი პრეცედენტი ოჯახური ძალადობის პრობლემის თაობაზე.
საერთაშორისო მექანიზმები გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ მივმართოთ საქმის განსახილველად სხვა საერთაშორისო ორგანოს. კერძოდ, გაეროს საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც მუშაობს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე.
ოჯახური ძალადობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მიუხედავად ბოლო დროს საქართველოს კანონმდებლობაში წინგადადგმული ნაბიჯებისა, მაინც უამრავი ხარვეზები არსებობს. ახალი კანონის “ოჯახური ძალადობის შესახებ” მიღების შემდეგ მოკლე ვადაში საკმაოდ პოპულარული გახდა და დაფიქსირდა ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ფართო გამოყენება. სტატისტიკა და კვლევის შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა მოქმედი კანონმდებლობის დამუშავება და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად გადაჭრის არსებული პრობლემის ნაწილს.
საერთაშორისო აქტებით არის დადგენილი ქალთა უფლებების დაცვის მინიმალური სტანდარტი და ნებისმიერი საქმე, რომელიც გახდება საერთაშორისო ორგანოს განხილვის საგანი, შეფასებული იქნება ამ მინიმალური სტანდარტების კუთხით. განხილვის შედეგად სახელმწიფოს მიეცემა რეკომენდაციები საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
თბილისი, 12 იანვარი (პრაიმ-ნიუსი) – კახეთში მცხოვრები 63 წლის წალბატონი, რომელიც რამდენიმე წელია ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, შვილმა კიდევ ერთხელ ცემა. მომხდარის შემდეგ ქალბატონი სახლიდან გაიქცა და მისი ადგილ-სამყოფელი ამ დროისათვის უცნობია.
როგორც კახეთის საიონფორმაციო ცენტრი იუწყება, ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა სხვადასხვა სამსახურებს არაერთხელ მიმართა თავშესაფარში გადაყვანის მოთხოვნით მაგრამ უშედეგოდ. ქალბატონის თქმით, მას მეუღლე და შვილი ავიწროებს.
დაახლოებით სამი თვის წინ ის საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული იმის გამო, რომ მეუღლემ და შვილმა ჯერ ცემეს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადააგდეს.
სენტრის ცნობით, დაზარალებულმა არაერთხელ მიმართა პოლიციას მაგრამ ამ დრომდე შემაკავებელი ორდენიც კი არ აქვთ გამოწერილი.
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საქართველოს პარლამენტს 2011 წლის ანგარიში გაუგზავნა.
ანგარიში ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას. ანგარიში ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ზოგად ტენდენციებს და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს.
გიორგი ტუღუშის ანგარიში 600-გვერდიანია და მისი ნახევარი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებს ეხება. მათ შორის საუბარია იმაზეც, რომ გასული წლის განმავლობაში საპატიმროებში 140 პატიმარი გარდაიცვალა.
„საანგარიშო წელს, სამწუხაროდ, კვლავ დაფიქსირდა სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ფაქტობრივად არ განსხვავდება 2010 წლის მაჩვენებლისგან. შესაბამისი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ტუბერკულოზი კვლავ რჩება პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად,“- განმარტავს გიორგი ტუღუში.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას –
2011 წლის განმავლობაში კვლავ ბევრმა მოქალაქემ მიმართა სახალხ დამცველის აპარატს სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში სისტემატურადაა განხილული სამართალდამცავი ორგანოების მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის ფაქტები. 2011 წლის საანგარიშო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რომლებიც უკავშირდებოდა ღირსების შემლახავ მოპყრობასა და ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2011 წლის განმავლობაში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე, მიმოხილულია ჟურნალისტებისა და ცალკეული პირების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ფაქტები, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის, მუქარის, მათი დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები.
„2011 წელს ასევე მკვეთრად შემცირდა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ სახალხო დამცველისთვის განცხადებით არავის მოუმართავს,“- აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.
ანგარიშში დეტალურად არის განხილული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ფართო სპექტრი: საკუთრების უფლება, სათანადო საცხოვრისის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან დაკავშირებული ასპექტები და სხვა.
ანგარისში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.
ანგარიშში ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა – მესხების და ლტოლვილების უფლებრივ მდგომარეობას.
განხილულია ოჯახური ძალადობის ფაქტები, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები.
„ანგარიშში წარმოდგენილია ჩვენი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები საკანომდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელთა მიზანიც ამ ანგარიშში აღწერილი დარღვეული უფლებების აღდგენა და უფლებადარღვევების პრევენციაა,“- განმარტავს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის ანგარიშს პარლამენტი ახლო მომავალში ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობის შემთხვევები და სამართალდამცველებთან მათი პრობლემები ყოველ წელს მატულობს. ყველაზე დიდ პრობლემას კი უკვე სრულწლოვანების ასაკში მყოფი ახალგაზრდები აწყდებიან, რადგან მათ არასრულწლოვანებისგან განსხვავებით საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში არ იღებენ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებულების თანახმად, თუ მოზარდს ბავშვთა თავშესაფარში 18 წელი შეუსრულდა, მან ეს დაწესებულება უნდა დატოვოს.
“პირWელი” სრულწლოვანების ასაკში მყოფი იმ ახალგაზრდების ბედით დაინტერესდა, რომელთაც საცხოვრებელი არ აქვთ და ძირითადად, ქუჩაში ცხოვრება უწევთ.
ჟანა ვახტანგაშვილი ცხინვალში დაიბადა. დედაზე არაფერი იცის… სანამ ცხინვალში ცხოვრობდა, მამა ციხეში იჯდა და შემდეგ გარდაიცვალა. 9 წლის იყო, როცა გამზრდელი ბებიაც მოუკვდა და სრულიად მარტო დარჩა… მაშინ მეზობლებმა უთხრეს, “ჩვენ ჩვენს შვილებს ვერ ვარჩენთ და შენ როგორ შეგინახოთო” და 9 წლის ჟანა სამარშრუტო ტაქსში ჩასვეს და თბილისში გამოუშვეს.
ჟანა ვახტანგაშვილი: მეზობლებმა მითხრეს, თბილისში თავშესაფარია და იქ წადიო. ჩამსვეს სამარშუტო ტაქსში და მეც წამოვედი. თბილისში თავიდან გარეთ, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე ვათევდი ღამეებს. 2 წლის განმავლობაში ქუჩაში ვიყავი…და ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები გავიცანი. ვმათხოვრობდით.…ზოგი ტოკსიკომანი იყო, ზოგს რაღაც დაავადებები ჰქონდა… დავმეგობრდით… მერე ერთხელ ქვაზე დამეძინა, პატრულმა მიპოვა და გლდანის ღია ტიპის ბავშვთა სახლში მიმიყვანა, საიდანაც გამოვიპარე, რადგან ქუჩაში ყოფნას ვიყავი მიჩვეული. მალე პატრულმა უკან დამაბრუნა. ქუჩაში ცუდი რაღაცეები ხდებოდა…და ხშირად აღარ გავდიოდი. ბავშვთა სახლს შემოვრჩი, სადაც შემდეგ ჩემი შვილის მამა გავიცანი, ვიქორწინეთ და ბავშვი გვეყოლა… მალე ჩემი შვილის მამა წვრილმანი ქურდობისთვის ციხეში ჩასვეს. მაშინ ორსულად ვიყავი. სასჯელს 3 წელი იხდიდა და გასულ ზაფხულს, ივნისში გამოვიდა, მაგრამ სამსახურს ვერ შოულობს. სადმე რომ იმუშავოს, ნაცნობი სჭირდება. ერთხელ მითხრა, მე ვერ ვუყურებ ჩემ შვილს მშიერსო და წავიდა… ხანდახან მოდის, ქუჩაში ცხოვრობს.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ თავშესაფარში ტოქსიკომანებიც ცხოვრობდნენ, ბავშვს მათთან ერთად ვერ გავზრდიდი და იქიდან წამოსვლა გადავწყვიტე. ცოტა ხანს ისევ ქუჩაში ვიყავი. შემდეგ ჩემმა ნაცნობებმა ფული შემიგროვეს და ეს ოთახი დამიქირავეს. ჯერჯერობით აქ ვარ, მაგრამ მერე რა იქნება არ ვიცი, რადგან ამ ადამიანებსაც თავიანთი პრობლემები აქვთ, სამსახურები დაკარგეს და ბინის ქირას ვეღარ გადამიხდიან. მეც ვეძებ სამსახურს, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოვნახე. შეიძლება, ისევ გარეთ დავრჩე, მაგრამ მე ის დედა არ ვარ, რომელიც შვილს ჩააბარებს. ამას არც კი გავიფიქრებ.
იმ ახალგაზრდების ნაწილი, რომლებთანაც ერთად ჟანა რამდენიმე წელი ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი თავშესაფარში ცხოვრობდა, ღამეებს კვლავ ღია ცის ქვეშ, ინტენეტ კაფეში, ან გოგონები ძირითადად თურქულ ბარებში ათენებენ. ისინი უკვე სრულწლოვნები არიან და მათ თავშესაფრებში აღარ ღებულობენ.
ამ კატეგორიის ბავშვთა და სრულწლოვანთა პრობლემებს ქეთინო კობალაძე კარგად იცნობს. ის 2005-2011 წლებში მოზარდთა და ბავშვთა სოციალური ადაპტაცის ცენტრის გენერალური დირექტორი იყო. ამ დაწესებულებას სახელწოდება შეეცვალა და ახლა კრიზის ცენტრი ჰქვია.
ეს ცენტრი 2005 წელს 1 ივნისს, ქალაქის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა და აქ ბავშვები ქუჩიდან მოჰყავთ.
ქეთინო კობალაძე: ჩვენს ცენტრში ძირითადად ქუჩიდან მოსული ბავშვები ცხოვრობდნენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პატრულს მოჰყავდა. ამ ბავშვების ისტორიას სოციალური მუშაკი სწავლობდა. ჩემი ხელმძღვანელობის 6 წლის განმავლობაში ეს ცენტრი დაახლოებით 650-მდე ბავშვმა გაიარა. ზოგჯერ 18 წელს ზევით მყოფ ახალგაზრდებსაც ვაჩერებდით, რადგან წასასვლელი არ ჰქონდათ, თუმცა მათზე საცხოვრებელი ხარჯები, გარდა საწოლისა, გათვალისწინებული არ იყო და თანხები მე უნდა მომეძიებინა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, ამ ადაპტაციის ცენტრიდან სხვა რაიმე ტიპის ზრუნვაში სრულწლოვანთა გადამისამართება იყო. მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ბავშვთა თავშესაფარში ერთი ადამიანი მაინც იყო ისეთი, ვისაც 18 წელი შეუსრულდა და წასასვლელი არ ჰქონდა.
ერთი კერძო პირი, რაც არ უნდა მზრუნველი იყოს და თანხით უზრუნველყოფილი, ამ პრობლემის გლობალურად გადაჭრას მაინც ვერ მოახერხებს. ეს სახელმწიფოს პრობლემაა.
სახელმწიფო ამჟამად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს ეხმარება და ეს ბავშვები (სრულწლოვნები), რომლებიც სიღარიბის კი არა, სიღატაკის ქვემოთ არიან, დახმარებას ვერ იღებენ, რადგან კონკრეტული საცხოვრებელი არ გააჩნიათ, სადაც სოციალური აგენტი მივა, პირობებს შეისწავლის და მისამართის ველს შეავსებს. მათ საბუთებში წერია – უმისამართო. კატასტროფული პირობების მქონე ბინასაც ვერ ქირაობენ.
დღეს ბავშვთა ტიპის სახლებს აკეთებენ, სადაც ძველ თავშესაფრებთან შედარებით გაცილებით უკეთესი პირობებია და ამმხრივ, სახელმწიფო პოლიტიკას ვეთანხმები, მაგრამ იმ ბავშვს 18 წლის რომ გახდება, ისევ გარეთ გამოუშვებენ.
ეს პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს. ერთი თავშესაფარი ზრდასრულთათვის აუცილებლად უნდა არსებობდეს.
სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვების ჩართვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 52-ე ბრძანებით რეგულირდება, რომელიც სპეციალიზირებულ დაწესებულებებში პირის მოთავსებისა და მისი გაყვანის წესებსა და პირობებს ეხება.
ამ ბრძანების თანახმად, ბავშვთა სახლებიდან სრულწლოვანების ასაკს მიღწეული პიროვნების ამორიცხვის ერთ-ერთი საფუძველი სრულწლოვანების ასაკია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულწლოვანებას მიღწეული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეა. ასეთ შემთხვევაში სრულწლოვანების მიღწეული პირის გაყვანა სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ განხორციელდება.
ეთერ ცხაკაია: (სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი) ჩვენ შესწავლილი გვყავს ის კონტიგენტი, რომლებაც 18 წელს მიაღწია. აღსაზრდელთაგან უმცირესობას ბიოლოგიური ოჯახი ჰყავს, საცხოვრებელი აქვს და შეუძლია, დაბრუნდეს. ბევრს ასეთი ოჯახი არ აქვს, არც საცხოვრებელი გააჩნია და ეს ზოგადად პრობლემას წარმოადგენს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ვიდრე სააღმზრდელო დაწესებულებიდან გავა ახალგაზრდა, ყველა ბავშვზე ინდივიდუალური განვითარების გეგმაა გაწერილი, რომელშიც ბავშვის მონაცემებია გათვალისწინებული. ეს იმიტომ ხდება, რომ ზრდასრულმა პროფესიული განათლების მიღება და შემდეგ უკვე დასაქმება შეძლოს.
ამმხრივ მნიშვნელოვანია ახალი პროექტი “ჩემი მეგობარი”, რომლის ფარგლებშიც მცირე ტიპის საოჯახო სახლებს დიდი კომპანიები ჰყავს დამეგობრებული, რომლებიც მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებზე შეფობას იღებენ და თუ ამ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვი სრულწლოვანებას მიაღწევს, ისინი მათ განათლებაზე პასუხისმგებლობას აიღებენ. მაგრამ ეს საოჯახო ტიპის სახლი უნდა განვიხილოთ როგორც დროებითი ტიპის ადგილსამყოფელი და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ ბავშვების გაყვანა 18 წლამდე სხვა ალტერნატიულ მზრუნველობაში.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 501-ე დადგენილებით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელშიც დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ქვეპროგრამაა ჩადებული და მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს. ეს ქვეპროგრამა მაშინ შემუშავდა, როცა მოზარდთა ის ჯგუფი გამოიკვეთა, რომელიც სრულწლოვანების ასაკში ფაქტიურად ქუჩაში რჩება და მათ დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა არ აქვთ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 32000 ლარით განისაზღვრება. სახელმწიფო 4 თვის განმავლობაში თითოეულ ბენეფიციარს თვეში 500 ლარს გადაუხდის. იანვრიდან ასეთი სამიზნე ჯგუფში საქართველოს მასშტაბით 16 ბავშვია. ზოგი ამ თანხით ბინას იქირავებს, ზოგიც სამსახურს მოიძიებს. ამ ბენეფიციარების მიერ თანხის მიზნობრივ ხარჯვას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გააკონტროლებს.
2012-2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ის ბავშვები, რომლებიც 18 წლის ასაკის შემდეგ ქუჩაში დარჩენა ელით, სახელმწიფო მზრუნველობაში 24 წლამდე დარჩებიან. სახელმწიფო მათ განათლებაზე, გადამზადებასა და სამსახურით უზრუნველყოფაზე იზრუნებს.
– როგორ ფიქრობთ, როცა ბავშვი თავშესაფარში რაიმე ხელობას ისწავლის და შემდეგ ამ თავშესაფარს დატოვებს, ჩვეულებრივ პირობებში აღზრდილ ახალგაზრდას თუ გაუწევს კონკურენციას? როგორც ვიცი, დასაქმების შემთხვევები იშვიათია და ეს ბავშვები (სრულწლოვანები) ვინმემ თუ არ შეიფარა, ქუჩას უბრუნდებიან….
– არიან კონკურენტუნარიანი ბავშვებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ძალიან მცირე პროცენტია.
– იმ კატეგორიაში, რომელიც თქვენ დაასახალეთ, ის ახალგაზრდები თუ მოხვდებიან, რომლებმაც ბავშვთა სახლი უკვე დატოვეს და ქუჩაში წავიდნენ? მათთან თუ გაქვთ კონტაქტი?
– სამწუხაროდ, მათთან შეხება არ გვაქვს და ამ პროგრამაში მხოლოდ ის ბენეფიციარები არიან გათვალისწინებული, რომლებსაც 18 წელი 2012 წლიდან შეუსრულდებათ. მათთვის პირადი ანგარიშების გახსნას და თანხის გადარიცხვას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.
– ამჟამად ქუჩაში მცხოვრები ბავშვების აღრიცხვას თუ აწარმოებთ?
ეს კვლევის საგანია, რომელიც ბოლოს 2007 წელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარდა და ვფიქრობ, რომ ეს მონაცემი დღეს შეცვლილი იქნება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით მუშაობას იმ ბავშვებთან დავიწყებთ, რომლებიც თავისი ცხოვრების ძირითად პერიოდს ქუჩაში ატარებენ. ეს ურთულესი კატეგორიაა, რადგან მათ ქუჩაში ცხოვრების გარკვეული უნარები აქვთ და ძალიან რთულია მათი მინდობით აღზრდაში, ან სხვა სერვისში განთავსება. ძირითადად ამ ბავშვებს იურიდიული მშობლები ჰყავთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბავშვებს სახლიდან წასვლას და მათხოვრობას აიძულებენ.
ჩვენმა სააგენტომ ევროკავშირის გრანტი მოიპოვა და მიმდინარე წლიდან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ქუჩის ბავშვების მოძებაზე იმუშავებს, რაშიც ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან. შემდეგ ამ ბავშვებს სააღმზრდელო ტიპის დაწესებულებებში გადავანაწილებთ.
აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ მათ ოჯახებთან მუშაობა. ჩვენი უპირველესი მიზანია, ბიოლოგიურ მშობლებთან იყვნენ ბავშვები, მაგრამ თუ ოჯახი შესაძლებლობას არ მოგვცემს, ალბათ ჩვენ ცოტა გავმკაცრდებით.
– მაგრამ თუ ბავშვს ტოქსიკომანი ან ალკოჰოლზე დამოკიდებული მშობლები ჰყავს, როგორ მოსთხოვთ მათ შვილის უკან დაბრუნებას?
– ჩვენ ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ, რომ რაღაცნაირად ოჯახი გონზე მოვიყვანოთ. ამაში მშობლების რეაბილიტაციის პროგრამაც დაგვეხმარება. ბავშვის მინიმალური საჭიროებები ოჯახში უნდა დაკმაყოფილდეს და როგორმე უნდა დავიცვათ ისინი ძალადობისაგან.
– ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს რამდენად ხშირად ექმნებათ პრობლემები სამართალდამცველებთან? თუ გაქვთ სტატისტიკა?
– სამწუხაროდ, ჩვენ ეს სტატისტიკა არ გვაქვს. ეს ალბათ სამართალდამცველ ორგანოებს ექნებათ. ზოგადად ამ ქუჩის ბავშვებთან მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ამ სამუშაო ჯგუფში იქნებიან შსს-ს, იუსტიციის წარმომადგენლები, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროს და ა.შ. ეს მხოლოდ ერთი უწყების გასაკეთებელი საქმე არ არის. ყველა უწყებამ თავის სფეროში უნდა მოაგვაროს პრობლემები ამ კუთხით. ქუჩის ბავშვებთან მუშაობის მცდელობა დღემდე არ ყოფილა და ეს სტატისტიკაც ამიტომ არ გაგვაჩნია. რაც შეეხება ძალადობის შემთხვევებს, 2009 წელს ძალადობის 30 შემთხვევა, 2010 წელს – 90, 2011 წელს კი 148 ფაქტი დაფიქსირდა. ეს სტატისტიკა იმ მომართვებზე დაყრდნობით გაკეთდა, რომლებიც ჩვენს სისტემაში შემოვიდა.
– ძირითადად რა ტიპის ძალადობაზე მოგმართავენ?
– ძირითადად შერეული ტიპის ძალადობაა. სამწუხაროდ, სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც გვაქვს.
– იმ ადაპტაციის ცენტრს, რომელიც გლდანში მდებარეობს, დასახელება შეეცვალა და ახლა კრიზის ცენტრი ქვია. ამ ცენტრის ფუნქციები თუ შეიცვალა?
– მოგეხსენებათ, ეს ღია ტიპის დაწესებულება იყო და ბავშვები თავისუფლად მოძრაობდნენ, სურვილისმებრ ქუჩაშიც მიდიოდნენ და შემდეგ ღამის გასათევად ბრუნდებოდნენ ხოლმე. ახლა ცენტრის საქმიანობა სახელმწიფოს მხრიდან უფრო კონტროლდება და ასეთ მომსახურებაში შემოსული ბავშვების მოძრაობა ფიქსირდება. ზოგჯერ პრობლემებიც გვექმნება, რადგან არის გაქცევის მცდელობები. ძველად არსებულ ადაპტაციის ცენტრთან შედარებით, ახლა ბავშვებს თავისუფლად გასვლის საშუალება აღარ აქვთ. თუმცა ქუჩაში ცხოვრება გამოვლილ ბვშვებს ვერ ჩაკეტავ. განსაკუთრებულ სირთულეს კი ბოშები წარმოადგენენ, რადგან მათთვის ქუჩა ცხოვრების წესია.
სრულწლოვანთათვის სახელმწიფო თავშესაფარი ჯერჯერობით არ არსებობს და ერთადერთი ადგილი, სადაც ბავშვთა სახლებიდან გაშვებული ახალგაზრდები (სრულწლოვნები) ცხოვრობენ, ასოციაცია “მკურნალია”.
ნინო ჭუბაბრია: (ასოციაცია “მკურნალი”, ვიცე-პრეზიდენტი) ჩვენ ერთ-ერთი ბრიტანული ორგანიზაციისა და წმინდა გიორგის ფონდის დახმარებით შევიძინეთ ეს სახლი და ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ, რომლის პრეზიდენტი მამა გიორგი ჩაჩავაა. ჩვენთან ახლა 15 ახალგაზრდა ცხოვრობს, აქედან ორს – ბავშვი ჰყავს. ამ ბავშვებს (საუბარია სრულწლოვნებზე) მცირე ბიზნესით ვინახავთ. სოციალური საწარმო გვაქვს, სადაც თავად ეს ბავშვები მუშაობენ. იშვიათად თუ ვინმე გვეხმარება. ამ ადამიანებს სახელმწიფოსგან რაიმე დახმარება გარდა იმისა, რომ 18 წლამდე ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ, არ მიუღიათ.
ასევე ერთადერთი ცენტრი ვართ, რომელიც ამ ბავშვებს იურიდიულ დახმარებას უწევს. მოგეხსენებათ, ამ კატეგორიას, ძირითადად წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველებთან პრობლემები ხშირად ექმნება.
ამჟამად ბავშვთა სახლიდან წასვლის შემდეგ ღამის გასათევად რამდენიმე არჩევანია – ქუჩა, მიტოვებული ჯიხურები, ინტერნეტ კაფეები, გოგონებისთვის თურქული ბარები (როგორც ჩვენმა რესპოდენტებმა განაცხადეს, აქ ისინი მეძავებად მუშაობენ), ასოციაცია “მკურნალი” (თუ რა თქმა უნდა, მათთვის ადგილი მოინახა და ფინანსებიც საკმარისი აღმოჩნდა) და თუ ბედმა გაუღიმათ, კიდევ რამდენიმე ვარიანტის განხილვაც შეიძლება…
რატომ კლავენ დედები შვილებს
რატომ კლავენ დედები შვილებს და როგორია მკვლელი დედის ფსიქოსოციალური პორტრეტი? – ამ საკითხების გამოსაკვლევად შესაბამისი კვლევა „ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ (ძდექ) განახორციელა.
კვლევის ფარგლებში, ინდივიდუალური ინტერვიუს გზით, გამოიკითხნენ 23–დან 30 წლამდე ქალბატონები, რომლებიც სასჯელს იხდიან ჩვილ ბავშვთა მკვლელობისათვის.
23 წლის ქალბატონი სასჯელს იმის გამო იხდის, რომ ახალშობილი, რომელიც სახლის საპირფარეშოში მშობიარობის შემდეგ ნაგვის ყუთში დამალა, მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს.
ქალბატონი მშობლებთან და და–ძმასთან ერთად ერთ–ერთ რაიონში ცხოვრობდა, კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, არ დაუმალავს, რომ მამა ხშირად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასსა და დედამისზე. ქალბატონი ქორწინების გარეშე დაფეხმძიმდა, საგულდაგულოდ მალავდა. ამიტომაც ჩუმად, საკუთარი სახლის საპირფარეშოში იმშობიარა, თუმცა იმის გამო, რომ მშობიარობის შედეგად გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ აღიარა, რომ იყო ფეხმძიმედ და მიუთითა ადგილი – ნაგვის ყუთი, სადაც გადამალა ბავშვი. ბავშვი აღმოჩენისას უკვე გარდაცვლილი იყო.
მკვლევარები ამბობენ, რომ სწორედ ამ ტიპის შემთხვევებია ყველაზე გავრცელებული, როცა საუბარია ნეონატიციდური (ახალშობილის მკვლელობა დედის მიერ, მისი დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში) დედების ზოგად პორტრეტზე:
– მშობიარობენ დაუხმარებლად, მარტო, ჩუმად;
– უმრავლესად სახლში, საპირფარეშოში;
– მკვლელობა არ არის წინასწარ განზრახული, მკვლელობა რეაქტიულია – პანიკა.
მკვლელობის მოტივიაა არასასურველი ბავშვის მოცილება, ხოლო მკვლელობის მეთოდებს შორის ყველაზე ხშირად გამოიყენება რესპირატორული გზების გადაკეტვა – ბავშვის პირველი ტირილის ჩასახშობად, რომ ხმა არავინ გაიგოს და საიდუმლო ორსულობა ან ბავშვის არსებობა არ გამოაშკარავდეს.
მკვლევარებმა ნეონატიციდური დედების მეორე ტიპიც გამოიკვლიეს, როდესაც მკვლელობის მოტივი, ასევე, არასასურველი ბავშვის მოცილებაა, თუმცა ამ შემთხვევაში მკვლელობა დედას ბავშვის დაბადებამდე აქვს განზრახული. ასე იყო იმ ქალბატონის შემთხვევაში, რომელიც ფეხმძიმედ იყო, როდესაც ციხეში აღმოჩნდა. დაკავების დროს განქორწინებული იყო და ერთი ბავშვიც ჰყავდა. არ გაუმხელია, რომ ორსულად იყო და პენიტენციალური დაწესებულების საპირფარეშოში იმშობიარა: ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო, რის შედეგადაც ჩვილმა მიიღო ფატალური თავის ტრავმა. ქალბატონი, რომელიც ამჟამად 24 წლისაა, ამბობს, რომ ყოფილი მეუღლისგან არაერთხელ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
მკვლევარები ამბობენ, რომ ნეონატიციდური დედების არც ერთ კატეგორიაში (ტიპი I, ტიპი II) მკვლელობა არ არის განპირობებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით. ამ ქალებს (საქართველოს კვლევის მონაწილეებს, ისევე, როგორც სხვა შესწავლილ შემთხვევებს) არ აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, არასოდეს უმკურნალიათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არ არიან აღრიცხვაზე და ა.შ.
სამაგიეროდ, ფსიქიატრიულ სიმპტომებს ამჟღავნებს ფილიციდური (ბავშვის მკვლელობა ბიოლოგიური მშობლის მიერ, როდესაც მას როლი ოჯახში უკვე დამკვიდრებული აქვს) დედების 66%, ხოლო 40%-ზე მეტს მიუმართავს ფსიქიატრისთვის/ფსიქოლოგისთვის შვილის მკვლელობამდე.
24 წლის ქალბატონი სასჯელს 5 წლის შვილის მკვლელობისთვის იხდის. მან შვილს ეზოში ნივთის გატანა დაავალა. ბავშვს სახლში შესვლა დააგვიანდა, გაბრაზებული დედა შვილს ფიზიკურად გაუსწორდა. დარტყმის და აგრესიული ქცევით შეშინებულმა ბავშვმა გონება დაკარგა და ძირს დაეცა. დედამ შვილი სახლში შეიყვანა დახმარების აღმოჩენის მიზნით, გაუცნობიერებლად დასცა ძირს, დაუწყო გულმკერდზე დაწოლა და ცდილობდა მისთვის პირი გაესხნა. როდესაც ვერაფერს გახდა, დაურეკა მეუღლეს, რომელსაც შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მკვლევარები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევებში მკვლელობა არის აგრესიის, დასჯის სასტიკი მეთოდების გამოყენების შედეგი და პირველადი განზრახვა უკავშირდება დისციპლინის დამყარებას და არა – მკვლელობას.
მკვლევარები საუბრობენ მეორე შემთხვევაზეც, როდესაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია ვითარდება და მკვლელობა ხდება მწვავე აფექტის/ფსიქოზის მომენტში, როცა ბავშვზე აგრესიული რეაგირების (მკვლელობის) არანაირი მიზეზი, ან გამომწვევი ფაქტორი არ არსებობს.
მაგალითად, ერთმა ქალბატონმა თავისი მცირეწლოვანი შვილი მეორე სართულის აივნიდან იმის გამო გადააგდო, რომ ბავშვს შიოდა და ტირილს არ წყვეტდა. ქალბატონი ამჟამად 26 წლისაა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
მკვლევარები მიუთითებენ, რომ ორივე განხილულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის შემთხვევებს მკვლელი დედების მიმართ.
მკვლელი დედების ზოგადი პორტრეტი პირველად ფილიპ რესნიკმა გამოიკვლია. მან 1751–დან 1967 წლამდე მსოფლიო მასშტაბით 168 შემთხვევა შეისწავლა. საქართველოში ამ ტიპის კვლევა პირველად წელს ჩატარდა სწორედ რესნიკის და სხვა მკვლევარების მასალების გამოყენებით.
1976–დან 2005 წლამდე აშშ–ში 5 წლამდე ასაკის 3000 ბავშვზე მეტი იქნა მოკლული საკუთარი მშობლების მიერ. საქართველოში ამ ტიპის სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება.
2011 წლის 5 მაისს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით მიღებულ იქნა დადგენილება “გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”.
ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, გაეროს სტრუქტურები, პარლამენტის წევრები. დოკუმენტში ასევე შეტანილ იქნა რეკომენდაციები, რომელიც წარდგენილი იყო ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმზე 2011 წლის ნოემბრის თვეში.
როგორც პარლამენტის თავჯდომარემ ბატონმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია არა მარტო კანონების მიღება, არამედ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, რომლის ერთ–ერთი მაგალითია დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის მიერ დადგენილების პროექტის “გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” განხილვა. “ეს არ არის მხოლოდ დოკუმენტი, არამედ არის ის, რაც უახლოესი წლების მანძილზე უნდა გატარდეს ცხოვრებაში და რაც უნდა იყოს საფუძველი ამ სფეროში სახელმწიფოს ჩარევის და სახელმწიფოს საქმიანობის”, –აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, რუსუდან კერვალიშვილის შეფასებით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან ხდება პროექტის “დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიის” წარმატებით განხორციელებული ეტაპის აღნიშვნა. მან მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისთვის.