ძალადობა ოჯახში

ჩვენ ვგმობთ ძალადობას!

  • მთავარი გვერდი
  • სურათები
  • ვიდეოები
  • ძალადობა ოჯახში და მისი გადაჭრის გზები

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი “საფარის” ორგანიზაციულ შესაძლებლობას აუმჯობესებს

Posted by sastavi3 on ოქტომბერი 20, 2013
Posted in: თემები. დატოვე კომენტარი

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გრანტების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მმართველობითი და მენეჯერული შესაძლებლობების განვითარება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. იმ თხუთმეტი წლის განმავლობაში, რაც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (ყოფილი “ფონდ ევრაზიის საქართველოს წარმომადგენლობა”) საქართველოში მუშაობს, ფონდმა თავის საქმიანობაში ამ კუთხით დიდ წარმატებებს მიაღწია.

კავშირი “საფარი”, რომელიც 2001 წელს დაარსდა, ახდენს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციას და მართავს ამ სფეროშო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. 2004 წლიდან დღემდე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ამ ორგანიზაციას ოთხი გრანტით დაეხმარა. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით, “საფარმა” განახორციელა პროექტები, რომელთა მიზანი იყო ოჯახური ძალადობის შემცირება (რაც მოიცავს დახმარების გაწევას ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის), საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახური ძალადობის პრევენციის შესახებ, პოლიციელების და სოციალური მუშაკების გადამზადება ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე მუშაობისთვის, ასევე “ოჯახური ძალადობის შესახებ” საქართველოს კანონის სრულყოფილად განხორციელების ლობირებისა.

“საფართან” თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა მოაწყო რამდენიმე ინდივიდუალური კონსულტაცია “საფარის” პერსონალისთვის, ასევე განახორციელა ადგილზე ვიზიტები ორგანიზაციისთვის დახმარების გასაწევად პროგრამული და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში. როგორც ყველა გრანტის შემთხვევაში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი “საფართან” ერთად მუშაობდა პროექტების რეალისტური მიზნების, საქმიანობების და შედეგების ჩამოყალიბების მიზნით.

ამას გარდა, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხრიდან ორგანიზაციისთვის გაწეული დახმარების შედეგად “საფარმა” მნიშვნელოვნად განავითარა თავისი შესაძლებლობები გრანტების მოპოვებისა და განხორციელების კუთხით.

“საფარის” თავმჯდომარე ქ-ნი ნატალია ზაზაშვილი, აცნობიერებს ორგანიზაციისთვის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დახმარების მნიშვნელობას: “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისგან” მიღებული დაფინანსებით “საფარი” ორგანიზაციულად გაიზარდა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი მენეჯმენტი. ახლა “საფარს” გააჩნია სოლიდური ორგანიზაციული სტრუქტურა, ასევე აქვს ცენტრალური ოფისი და რეგიონული წარმომადგენლობები, რომელთაც გააჩნიათ მიმდინარე საქმიანობების კოორდინაციის ნათელი სისტემა.” ევრაზიის თანამშრომლობის მხრიდან მიღებული დახმარებით, “საფარიმ” ასევე გაზარდა თავის დონორთა ბაზა, რაც გულისხმობს გრანტების მიღებას ჰაინრიხ ბიოლის ფონდისა და შვეიცარიის საელჩოსგან.

ამჟამად “საფარი” “ოჯახური ძალადობის” შესახებ კანონის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის ემზადება. თავისი მზარდი ავტორიტეტის წყალობით, “საფარი” “საქართველოს ფსიქო-ტრავმის ასოციაციის” თანადამფუძნებელი გახდა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით საქართველოში ადამიანის უფლებების სახლის გახსნის საკითხზე მუშაობს.

წყარო: http://www.epfound.ge/georgian/siakhleni/tsarmatebis-istoria/ojakhuri-dzaladobis-tsinaaghmdeg-brdzolis-mkhardachera-evraziis-tanamshromlobis-fondi-safaris-orga.html

ოჯახური ძალადობა- სისხლის სამართლის დანაშაული

Posted by sastavi3 on დეკემბერი 14, 2012
Posted in: თემები. დატოვე კომენტარი

“სისხლის სამართლის კოდექსს”, დეპუტატ რუსუდან კერვალიშვილის ინიციატივით, ახალი, სპეციალური მუხლი დაემატება. კანონპროექტის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური, ფსიქიკური ძალადობა ან იძულება, რამაც გამოიწვია მსხვერპლის ფიზიკური, ფსიქიკური ან მორალური ტკივილი თუ ტანჯვა, დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ექვს თვემდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 6 თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

იმ შემთხვევაში თუ ოჯახურ ძალადობას რომელიმე წევრის სიცოცხლე ემსხვერპლება, მოძალადე 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ოჯახში ძალადობის სტატისტიკა და რეალობა საქართველოში

Posted by sastavi3 on დეკემბერი 14, 2012
Posted in: თემები. დატოვე კომენტარი

Nana Kvachadze

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისის შემდეგ აჭარაში ფიქსირდება. სპეციალისტები კი მიიჩნეევნ, რომ ეს ციფრები რეალურ სიტუაციას ზუსტად არ ასახავს და ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაცილებით მეტია, რადგან ძალადობის მსხვერპლნი სამართალდამცავებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის 14 ივნისს გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც ასახულია 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ოჯახური ძალადობის ყველა რაოდენობრივი მაჩვენებელი. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი დაფიქსირდა, რომელშიც მონაწილეობდა 1997 პირი.

შსს-ს ცნობით, მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები – 887, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 89-ს.  შესაბამისად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტად ქალები (904 ქალი) ხდებიან, ვიდრე მამაკაცები (117 კაცი).

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-დან 44-წლამდე ქალები არიან, ასევე, 44 წელს გადაცილებული მამაკაცები. ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა  თბილისი  (632  ფაქტი),  მეორეზე  – აჭარა  (84).

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” რეგიონული კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი მიიჩნევს, რომ  შსს-ს სტატისტიკა რეალურ სიტუაციას ნაკლებად ასახავს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ სამართალდამცავებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. უკიდურეს შემთხვევად კი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხე იგულისხმება. ელისო ამირეჯიბის თქმით, მანამდე ყველა ცდილობს კონფლიქტის ჩუმად მოგვარებას და ფიქრობენ, რომ ამის მოგვარება პოლიციის გარეშეც არის შესაძლებელი.

„ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს იმიტომ ეშინიათ პოლიციის გამოძახების, რომ თავიანთი ოჯახის წევრი ციხეში არ ჩასვან. თუმცა ჩვენი ორგანიზაციისადმი მომართვიანობა ბოლო დროს გაიზარდა,“- ამბობს ელისო ამირეჯიბი.

ოფიციალური სტატისტიკით, ოჯახში ძალადობის ფორმებს შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური ძალადობა და ა.შ.

„ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კოორდინატორ ელისო ამირეჯიბის თქმით, ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად ვერ აცნობიერებენ, რომ მათზე ძალადობენ, შესაბამისად, სანამ ისინი პოლიციას არ მიმართავენ, მანამდე სამართალდამცავები სიტუაციაში ვერ ჩაერევიან. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოწერა შეუძლია, რაც გულისხმობს, რომ მოძალადეს მსხვერპლთან მიკარება გარკვეული დროის მანძილზე შეეზღუდება.

„როგორც წესი, ძალადობის მსხვერპლნი ვერ აცნობიერებენ, რომ მათზე ძალადობა ხდება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ნორმალური, ტრადიციული ქცევები. ისინი ძირითადად ასეთ ოჯახებში არიან გაზრდილები, ამიტომ ძალადობას რთულად არქმევენ მსგავს ქმედებას. ძალიან რთულია, ძალადობა დაარქვა შენს ცხოვრებას და გააცნობიერო, რომ ხარ მსხვერპლი,“ – მიიჩნევს ელისო ამირეჯიბი.

„ახლაც გვყავს ადამიანი, მსხვერპლი, რომელიც  უმაღლესი განათლებით მხატვარია, მას ოჯახის წევრები 20 წლის განმავლობაში სულ ეუბნებოდნენ, შენ არაფერი შეგიძლია, შენ ხატვა არ შეგიძლია, შენ ვერაფერს აკეთებ.  ეს არის ძალადობა, როცა ცდილობ, თვითშეფასება დაუქვეითო ადამიანს, რომ მერე ადვილად სამართავი იყოს და შემდეგ მადლობელი იყოს, რომ შენ მისი პატრონი ხარ. ეს არის ქმედება, რომელსაც ძალუფლებისა და კონტროლის მიზნით ახორციელებს მოძალადე. ფსიქოლოგიური ძალადობა სწორედ მოიცავს თვითშეფასების დაქვეითებას, როცა ქალს ეუბნებიან, „შენ ვინ მოგიყვანდა ცოლად, მე რომ არ მომეყვანე”, „როგორ გაცვია”, „როგორ აზროვნებ”, „თავში ტვინი არ გაქვს”  და ა.შ.” – ამბობს ელისო ამირეჯიბი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ოჯახში ძალადობის ფორმა – გაუპატიურება მხოლოდ სამჯერ დაფიქსირდა. ელისო ამირეჯიბი აღნიშნულს არარეალურად მიიჩნევს. მისი თქმით, ოჯახში ძალადობის ქალ მსხვერპლთა უმრავლესობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლიცაა, სტატისტიკის მსგავს დაბალ მაჩვენებელს კი ერთადერთი ახსნა აქვს: პოლიცია გაუპატიურების მხოლოდ იმ ფაქტებს აღრიცხავს, რომელზეც გამოძიება დაიწყო.

„ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა არის გაუპატიურებული, რადგან ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური ძალადობის შემდეგ სექსუალური ურთიერთობა ძალადობას არ ნიშნავს?  თან ქალები ამას გაუპატიურებას არ არქმევენ და ამას ცოლქმრული მოვალეობის შესრულებად მიიჩნევენ,” – განმარტავს ელისო ამირეჯიბი.

dalada.wordpress.com

წყარო: http://netgazeti.ge/GE/105/News/10334/

” ოჯახური ძალადობა” რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

Posted by sastavi3 on სექტემბერი 26, 2012
Posted in: თემები. დატოვე კომენტარი

“ქალების უმრავლესობა მასზე ძალადობას ან არ აღიარებს, ან ვერ ხვდება”
საქართველოში კარგა ხანია მუშაობენ ახალ კანონპროექტზე- “ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ” და, როგორც ამბობენ, მალე მიიღებენ კიდეც.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში, როგორ ხდება ადამიანი მოძალადე?- ამ საკითხებზე ექიმი-ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი თამარ ხუბულავაგვესაუბრება:

– სტატისტიკის მიხედვით, აზიურ ქვეყნებში მოძალადეების როლში უმეტესად მამაკაცები გვევლინებიან, რაც ამ ქვეყნებში ნორმალურ საქციელად აღიქმება- იქ ოჯახური ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა.

რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, იქ ემანსიპაციის შედეგად მჩაგვრელი და მოძალადე ქალები მომრავლდნენ. ასე რომ, მოსაზრება, თითქოს მხოლოდ მამაკაცები არიან ტირანები, სწორი არ არის. თუმცა მამაკაცებისთვის დამახასიათებელია ლიდერობისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლისკენ სწრაფვა იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ.

– თავის გადარჩენაში რას გულისხმობთ?

– მამაკაცი ცდილობს, წარმოჩნდეს როგორც პიროვნება და ლიდერი. მოგეხსენებათ, ქვის ხანაში მამაკაცი მტაცებელ ცხოველებს ებრძოდა და თავის გადარჩენას ცდილობდა. ეს თვისებები მამაკაცს დღემდე შემორჩა. ლიდერობა კი არის თვისება, რომელიც აგრესიულობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მზრუნველობასთან.

– საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტი ბევრია?

– საკმაოდ. არსებობს ძალადობის რამდენიმე სახეობა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური. სამწუხაროდ, საქართველოში სექსუალური ძალადობის ფაქტიც ბევრია. ოჯახებში გაცილებით ხშირად ხდება ფსიქოლოგიური ძალადობა, თუმცა ფიზიკური ძალადობა უფრო თვალში საცემია. ფსიქოლოგიურ ძალადობაში კი უამრავი რამ იგულისხმება, შეიძლება ის დაფარულად ხდებოდეს და ამას მსხვერპლიც ვერ ხვდებოდეს.

ფსიქოლოგიური ძალადობაა, როდესაც ერთი ადამიანი ეუბნება მეორეს, რას ჰგავხარ, რა უშნოდ გაცვია, რა უჭკუო ხარო. ფსიქოლოგიური ძალადობის მეთოდია ირონიული და ცინიკური მიმართვაც. ან კიდევ შედარება, ის რა ჭკვიანია, შენ კი ლენჩი ხარ, ის რა ლამაზია, შენ კი- მახინჯი და ა.შ.

მსგავსი ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვებზეც ხორციელდება. ადრე ეს ყველაფერი ნორმალურად მიიჩნეოდა და იმას, რომ მშობელი მოძალადე იყო, ბავშვი კი- მსხვერპლი, ვერავინ ხვდებოდა. გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებმაც წლების განმავლობაში იმუშავეს ამ საკითხზე და დღეს, ბავშვს რომ დაუყვირო, დანაშაულად მიიჩნევა.

– საქართველოში ბევრი ქალია ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი?

– ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ქალების უმრავლესობა მასზე ძალადობას ან არ აღიარებს, ან ვერ ხვდება. ჩვენთან ხომ მთავარია, მეზობელმა არ გაიგოს ოჯახის ამბები და ყველაფერს აიტანენ.

მოძალადეა არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ადამიანი, რომელსაც თავდაჯერებულობა აკლია და ჰგონია, რომ თუ სხვა დაჩაგრავს, მასზე კარგი გამოჩნდებასაზოგადოებაში. ასეთი ადამიანი ილუზიას იქმნის, რომ ხელთ მართვის ბერკეტები აქვს და ძალადობს როგორც ოჯახში, აგრეთვე სამსახურში.

– როგორ ხდება ადამიანი მოძალადე?

– სხვადასხვა მიზეზით. ძირითადად, როდესაც ბავშვობიდან უყურებს, როგორ ძალადობს მამა დედაზე ან პირიქით. ან, როცა მშობლები ძალადობენ მასზე. ასეთ შემთხვევაში ბავშვში ილექება მოძალადის ფსიქიკა, რასაც ზრდასრულობისას ავლენს. მოძალადე ოჯახში აღზრდილი ბავშვიც მოძალადე ხდება.

– მსხვერპლის ფსიქოლოგია როგორია?

– მსხვერპლის ფსიქოლოგია უკვე სხვა ფენომენია. ზოგჯერ ახლობლები ხედავენ, რომ ოჯახში არის ძალადობა, მაგრამ ხშირად მსხვერპლი მათ დახმარებას არ სთხოვს, პირიქით, მოძალადეს ამართლებს და მის დაცვას ცდილობს. მსხვერპლს ეს ისევ და ისევ მოძალადისგან აქვს შთაგონებული და სჯერა, რომ მოძალადის გარეშე არაფერია.

ეს არის მსხვერპლისა და მოძალადის მყარი ტანდემი, რომელიც საკმაოდ ხშირია. ასეთ შემთხვევაში მსხვერპლს უყალიბდება ფსიქოლოგია, რომ არასრულფასოვანია და მოძალადისგან ასეთ დამოკიდებულებას იმსახურებს.

– რაც შეეხება მოძალადე ქალებს…

– ქალები უფრო ფსიქოლოგიური მოძალადეები არიან, ვიდრე ფიზიკური. ვინაიდან საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება სახარბიელო არ არის და მაღალია უმუშევრობის დონე, შესაბამისად, მამაკაცების უმეტესობა ქალებზეა დამოკიდებული, ფსიქოლოგიურ ძალადობას ქალები უფრო მიმართავენ.

მამაკაცისთვის ყოველდღე იმის თქმა, რომ უმაქნისია, ქალის გარეშე რა ეშველებოდა და ა.შ. მას თრგუნავს და ისღა დარჩენია, უსაქმურობასთან ერთად ალკოჰოლსაც მიეძალოს. რაც მთავარია, ფსიქოლოგიური ძალადობა მამაკაცში იწვევს აგრესიას და ის გადადის ფიზიკურ ძალადობაზე.

ასეთ შემთხვევაში გარეშე პირები მამაკაცს მიიჩნევენ მოძალადედ. კი ბატონო, იმ მომენტში მამაკაცი ძალადობს ქალზე, მაგრამ ამგვარი მოქმედების მიზეზიც ხომ უნდა ვიკითხოთ?!

გარდა ამისა, ოჯახში შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურ-სექსუალური ძალადობაც. ხშირად მოძალადე ცდილობს, სექსუალურ აქტამდე დათრგუნოს პარტნიორი, შემდგომ თავი კარგად იგრძნოს და არასრულფასოვნების კომპლექსი თუნდაც წამიერად დაძლიოს.

ამ შემთხვევაში მოძალადე პარტნიორს უდიერად მოიხსენიებს, ეუბნება, რომ არ ვარგა სექსში და ამით ერთგვარად ახდენს მსხვერპლის პოტენციის დაქვეითებას, რის გამოც მსხვერპლი ხშირად უარს ამბობს მოძალადესთან სექსუალურ კავშირზე.

ამ ყველაფრის გამო მოძალადეში სხვა სახის აგრესია იღვიძებს და პარტნიორს აუპატიურებს ან სცემს. ამ საქციელით მოძალადე ორმაგ სიამოვნებას განიცდის, რასაც ფსიქოლოგიაში მანკიერების წრეს უწოდებენ.

– როგორც ვიცი, საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მალე ახალ კანონს მიიღებენ. 

– კარგია, რომ ასეთ ძალადობას მიენიჭება დანაშაულის სტატუსი, მაგრამ მოძალადის იზოლირება გამოსავალი არ არის. ეს საკითხი სხვაგვარად უნდა გადაწყდეს და არა მოძალადის დაპატიმრებით.

ის ხომ რამდენიმე წლის შემდეგ ციხიდან გაცილებით აგრესიული გამოვა?! თუმცა ამ კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ უმწეო ადამიანს ეცოდინება, რომ მას კანონდამცველები დაეხმარებიან.

ესაუბრა ნინო მაისურაძე
გაზეთი “ყველა სიახლე”
(გამოდის ოთხშაბათობით)

აღზრდა ქართულად

Posted by sastavi3 on ივნისი 13, 2012
Posted in: თემები. დატოვე კომენტარი

   “მშობლებმა ბავშვთა 79,8% დასაჯეს ფიზიკურად და 82,3% – ფსიქოლოგიურად.
რესპონდენტთა მეხუთედზე მეტმა (21,5%) განაცხადა, რომ არაერთხელ ჰყავს ნაცემი ბავშვი. რვა რესპონდენტმა აღიარა, რომ სცადეს ბავშვის დახრჩობა ან მოგუდვა, ხოლო ექვსმა – ბავშვის დაწვა.” – 2007 წელს იუნისეფის მხარდაჭერით ჩატარებულმა კვლევამ ოჯახში ბავშვზე ძალადობის ძალიან მაღალი დონე გამოავლინა.

ოჯახში ბავშვზე ძალადობის თემაზე საქართველოში მსგავსი მასშტაბის კვლევა აღარ ჩატარებულა, თუმცა ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ბავშვზე ძალადობა ოჯახში ქალზე ძალადობის პირდაპირპროპორციულია.  2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია.

ფსიქოლოგების, მაია ცირამუასა და ნატო ზაზაშვილის აზრით, ბავშვზე ძალადობა ქართული აღზრდის ტიპურ ელემენტად ითვლება და ჩვენთან, მეტწილად,  ბავშვის აღზრდის რეპრესიული მოდელია გავრცელებული.

ფსიქოლოგი და კავშირ „საფარის” ხელმძღვანელი ნატო ზაზაშვილი აღზრდის ოთხ ტიპად დაყოფას ემხრობა, რომელიც ორი პარამეტრის, კონტროლისა და ზრუნვის კატეგორიებით გამოიყოფა. როდესაც მზრუნველობაც და კონტროლიც დაბალია, უგულებელყოფასთან გვაქვს საქმე. ამის ყველაზე რადიკალური გამოვლინება ქუჩის ბავშვებია. როდესაც მაღალი კონტროლი და ძალიან დაბალი ერმოციური მხარეა, მაშინ აღზრდა ავტორიტარულია. დაბალი კონტროლი და მაღალი ემოცია, მაღალი ნებადართულობა გამანებივრებელი სტილია. ყველაზე ჯანსაღ აღზრდის სტილად მაღალი კონტროლისა და მაღალი ზრუნვის კომბინაცია ითვლება.  ფსიქოლოგი ამბობს, რომ ჩვენთან წახალისებაზე აქცენტი ნაკლებადაა, ორიენტირი დასჯაზეა. ხშირად ხდება აღრევაც.  ბავშვი სადაც დასასჯელია წახალისდება, სადაც წასახალისებელია, ისჯება.

„ჩვენთან გავრცელებულია ჰიპერმზრუნველობაც. ეს ყველაზე არაეფექტური სტილია. ფსიქოლოგთა ნაწილი მიიჩნევს და მეც ვეთანხმები, რომ ეს ფარული ძალადობაა.  ამ შემთხვევაში მშობელი უარყოფს ბავშვის ყველა უნარს. ყველაფერი იცის მშობელმა. თუ დააკვირდებით, ხშირად გვესმის: „ჩვენ წავედით ბაღში, ჩვენ წავედით სკოლაში,ჩვენ ჩავაბარეთ იურიდიულზე”, – ახალგაზრის პიროვნება, სურვილები სრულიად უგულვებელყოფილია.” – ამბობს ნატო ზაზაშვილი.

ზაზაშვილი ხაზს უსვამს, რომ მშობელი,განსაკუთრებით დედა ძალიანააა მიბმული საკუთარ შვილზე და მასთან სეპარაცია მტკივნეული პროცესია, თუმცა ბავშვის სწორად აღზრდისთვის ამის გაცნობიერება აუცილებელია.

„ჰიპერმზრუნველი მშობელი ბავშვს არ აცდის გადაწყვეტილების მიღებას, არჩევნის გაკეთებას, არადა ესაა ის, რაც ბავშვს მოქალაქედ გადააქცევს. უამრავი მიზეზი არსებობს, რომელიც პასიური საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ერთ-ერთი აღზრდის ასეთი სტილიცაა.” – ამბობს ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ქართველი დედის ფსიქოპორტრეტში რამდენიმე მნიშვნელოვან შტრიხს გამოყოფს. ქართველი დედა უმეტესწილად მარტოა და აქ ფიზიკური სიმარტოვე არ იგულისხმება. ბავშვის აღზრდის მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ეკისრება და მამა, როგორც წესი, აღზრდაში არ მონაწილეობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვს ემოციური მიჯაჭვულობა ჰქონდეს მშობელთან სამ წლამდე, თუმცა ორი წლიდან მშობელი უნდა ცდილობდენს ბავშვს დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის საშუალება მისცეს. მშობლები არც საკუთარ თავში და არც ბავშვში დარწმუნებულები არ არიან, აქედან გამომდინარე ბავშვები მუდმივი კონტროლისა და მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ. ნდობის ნაკლებობა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, მუდმივი შფოთვა  ქართველი მშობლის კიდევ ერთი თვისებაა. მშიშარაა, ბავშვს მუდმივი კონტროლის ქვეშ ამყოფებს და უკრძალავს ისეთ რამეებსაც, რაც მისი განვითარებისთვის აუცილებელია.”

მაია ცირამუა ამბობს, რომ ჩვენთან ჰგონიათ, რაც უფრო მეტ შენიშვნებს აძლევ ბავშვს, მით უფრო კარგი აღზრდილი იქნება. თუმცა იგივე შედეგის მიღწევა სხვა გზებითაცაა შესაძლებელი – კარგი ქცევისთვის ბავშვი დააჯილდოვო და წაახალისო.  გარდა ამისა, ქართველი მშობელი ეგოცენტრულია. შვილი მუდმივად მის ინტერესებსა და სურვილებს უნდა ასრულებდეს, არ უნდა ანერვიულებდეს და ხელს არ უშლიდეს მის სიმშვიდეს.

„ხშირად გამიგია, როგორ არ უშვებენ მოზარდ გოგონებს სადღაც წვეულებაზე. მშობლის მოტივაცია, ისაა რომ არ უნდა ინერვიულოს ბავშვის უსაფრთხოებაზე და მაშინაც კი ცდილობს არ გაუშვას მოზარდი სადმე, როდესაც საფრთხის რისკები მინიმალურია.” – ამბობს ცირამუა.

კიდევ ერთი შტრიხი ქართველი მშობლის ფსიქოპორტრეტში ბრაზის მართვის პრობლემაა.

მაია ცირამუას თქმით, „დედა ხშირად სწორედ იმიტომ უყვირის, სცემს და შეურაცხყოფას აყენებს ბავშვს, რომ საკუთარ ემოციებს ვერ უმკლავდება. ქართველი დედა შემოქმედებითი არაა, დინებას მიჰყვება და კითხვებს არ სვამს, დაღლილია. ამიტომაც აღზრდის არსებული ტრადიცია ურყევია და არ იცვლება.”

ცირამუა იმასაც ამბობს ამბობს, რომ ქართველი მშობლისთვის სასურველი შვილი ფსიქოლოგებისთვის პრობლემური ბავშვია: „დამყოლი, ჩუმი, დამჯერე, ბავშვი, რომელიც პროტესტს არ გამოხატავს. ისევ შფოთვებთან მივდივართ, ბავშვი, რომელიც მისი შფოთვების მაპროვოცირებელი არ იქნება.”

ჰიპერმეურვე მშობლის შვილი უინიციატივო, დაბალი თვითშეფასების, ხაზგასმით დამჯერი მოზარდია. ფსიქოლოგები უაპელაციო დამჯერებლობას ბავშვზე ფიზიკური თუ ემოციური ძალადობის შედეგად მიიჩნევენ.

„ასეთი ბავშვი მთელი ცხოვრება ვერ რეალიზდება. მისი იდენტობა მიჰყვება მშობლის იდენტობას და ზუსტად იმეორებს მას. იდენტობის ძიების ეტაპი, რომელიც ყველა მოზარდს უდგება, ჩვენთან გაპარულია, არ არსებობს. ასეთი აღზრდის სტილით უპასუხისმგებლო, უინიციატივო მოქალაქეებს ვზრდით, რომელსაც არ შეუძლია იყოს აქტიური, აქტიურად  მიიღოს პროცესებში მონაწილეობა.” – ამბობს მაია ცირამუა.

თუმცა არსებობს განვითარების სხვა პერსპექტივაც – მოზარდი ჯანყდება, გაურბის შეთავაზებულ ცხოვრების სტილს, რაც მისთვის (და მშობლისთვისაც) მტკივნეული პროცესია.

მაია ცირამუა აღზრდის კიდევ ერთ გავრცელებულ ტიპს გამოყოფს – უგულებელყოფას. „არსებობს საზოგადოებაში ისეთი ჯგუფები, მაგალითად, ძალიან გაჭირვებულები, სადაც ძალიან აქტუალურია ფიზიკური უგულებელყოფა, როდესაც ბავშვის ფიზიკურ საჭიროებებიც არაა დაკმაყოფილებული. ასევე არსებობს წარმატებული, ასევე ფინანსურად ძლიერი ოჯახები, სადაც მეორე პრობლემა დგას, ემოციური უგულებელყოფა, არ არსებობს კომუნიკაცია შვილთან, დაიტერესება ბავშვის პერსონით.”

მსგავსი მოპყრობა ბავშვის დევიაციურ, ხშირად კრიმინალურ ქცევას იწვევს.

„ის  იპარავს ტელეფონს, არა იმიტომ რომ ეს ტელეფონი სჭირდება, მას სჭირდება აღიარება, რაც სხვანაირად ვერ მოახერხა.” – ამბობს ცირამუა.

ფსიქოლოგის აზრით, ყველაზე ეფექტური აღზრდის ის მოდელია, რომელშიც მაღალი  კონტროლი ძლიერი ზრუნვითა და ემოციური კავშირით ბალანსდება, თუმცა, ამ შემთხვევაში, კონტროლი თვალთვალსა და რეპრესიებს არ გულისხმობს. ეს ბავშვებს ასაკის შესაბამის პასუხისმგებლობის გრძნობს უვითარებს.

პედაგოგი თეონა ბექიშვილი კითხვაზე, თუ როგორ ზრდიან საქართველოში ბავშვებს პასუხობს – „არ აცდიან  ცხოვრებას”.

„დაბალ კლასებში მოიყვანს მშობელი შვილს საკლასო ოთახში, გახდის, ამოუღებს პირველი გაკვეთილისთვის წიგნებს. ამ ყველაფერს შორიდან რომ უყურებ, მაშინვე ხვდები, რომ ცუდადაა საქმე. სახლში სავარაუდოდ უზის გვერდზე, არ აცდის აზროვნებას, სთხოვს, დავალება  იდეალურად იყოს შესრულებული. ეს იდეალურად შერულებული, იდეალურად სუფთა, გამართული დავალება ძალადობის ხარჯზე იქმნება. ასეთ მშობელს ბავშვი მაქსიმუმ მეექვსე კლასამდე უჭირავს, შემდეგ ბავშვი იზრდება და ხშირად, საერთოდ, აღარ სწავლობს.” – ამბობს ბექიშვილი.

მშობლის მსგავსი დამოკიდებულების მიზეზად პედაგოგს მშობლის არარეალიზებულობა მიაჩნია: „რასაც თავად ვერ მიაღწიეს, სურთ შვილებმა მიაღწიონ და ამგვარად საკუთარ აუხდენელ ოცნებებს ებღაუჭებიან.”

სოციოლოგი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლალი სურმანიძე აღზრდის მოდელებს კულტურების მიხედვით გამოყოფს. მისი თქმით, დასავლური ტიპის, ინდივიდუალისტურ კულტურებში აქცენტირებულია ინდივიდის ავტონომიურობა, კოლექტივისტურ, არადასავლურ კულტურებში უფრო კონფორმისტული ტენდენციებია, აქცენტი დამჯერებლობაზეა.

„ჩემი აზრით, და სხვა მკვლევარებიც მეთანხმებიან, ჩვენ მცირე ჯგუფებზე ორიენტირებული კოლექტივისტური კულტურა ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი მცირე ჯგუფი ოჯახია, ამიტომაც ოჯახის გავლენა საქართველოში ძალიან ძლიერია. თაობიდან თაობამდე აღზრდა უფრო ლოიალური ხდება, თუმცა ზოგადი კულტურული ტენდენცია ტრადიციული რჩება. ბავშვი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია მშობლებზე და მშობლები განსაზღვრავენ, რა ტიპის ადამიანი უნდა ჩამოყალიბდეს.” – ამბობს სურმანიძე.

მისი აზრით, ზრდილობიანობა, უფროს-უმცროსის პატივისცემა და ოჯახის ინტერესების გათვალისწინება ის ღირებულებებია, რომელიც აღზრდის დროს აქცენტირდება. მისი აზრით, საქართველოში აღზრდის დროს ორიენტირი უფრო წახალისებაზეა, ვიდრე დასჯაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ძლიერია კონტოლიც.

„რაც გამოკვეთილია და სავარაუდოდ, კოლექტივისტური კულტურის მახასიათებელია, ესაა ბავშვის ქცევის კონტროლი. ვისთან მეგობრობს, სად მიდის და ა.შ. ამას ძალიან მკაცრად აკონტროლებენ. იგულისხმება, რომ ბავშვი ოჯახის გაგრძელელებაა და ცუდ წრეში არ უნდა აღმოჩნდეს. თუმცა ხშირად კონტროლი უსაფრთხოების მიზნებითაა გამოწვეულიც.” – ამბობს ლალი სურმანიძე.

წყარო

Posted by sastavi3 on ივნისი 1, 2012
Posted in: ფოტო. დატოვე კომენტარი

This slideshow requires JavaScript.

ოჯახური ძალადობა ოჯახური ურთიერთობების დინამიკა

Posted by sastavi3 on ივნისი 1, 2012
Posted in: თემები. %(count)s კომენტარი

ოჯახური ძალადობა და ოჯახური ურთიერთობების დინამიკა

(წინამდებარე მასალა შესრულებულია ჩემს მიერ, საუნივერსიტეტო სწავლებიდან. ქართულ ინტერნეტ სივრცეში წარმოადგენს სრულ ექსკლუზივს).

ოჯახური ძალადობა დამანგრეველ და ყოვლისმომცველ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. ოჯახური ძალადობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებობს და სცილდება კლასის, შემოსავლის, განათლებისა და კულტურის საზღვრებს. რადგან ოჯახურ ძალადობას ძირითადად ადგილი აქვს ოჯახურ სივრცეში, ამიტომ ხშირად ამის შესახებ შეტყობინება არ კეთდება. მსხვერპლისათვის, ოჯახისა და საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი სათანადოდ შეფასებული არ არის. საზოგადოებები ამ ეპიდემიასთან სათანადოდ გამკლავებას ვერ ახერხებენ, რადგან მეზობლები, სამართალდამცავები და ხელისუფლება თავს იკავებენ ჩაერთონ იმაში, რაც მათი განმარტებით პირადი საქმეა.

ოჯახური ძალადობა და მისი ფორმები:

არსებული ლიტერატურის თანახმად, ოჯახს შიდა ძალადობად მოიაზრება ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ძალის, დამცირების ან რაიმე სახის შეზღუდვის, ჩაგვრის გამოყენება მასზე ძალაუფლებისა და კონტროლის მოსაპოვებლად. ამდენად, ოჯახური ძალადობის გამოვლინებათა სპექტრი მეტად ფართო და მრავალსახოვანია, დაწყებული მისი ყველაზე აშკარა და უკიდურესი ფორმით – სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნით, ცემით თუ ფიზიკური წვალებით, დამთავრებული ფარული თუ ღია ფსიქოლოგიური ზეწოლით და ამა თუ იმ სახის ჩაგვრით, რაც, ხშირ შემთხვევებში არანაკლები ზიანის მომტანია როგორც მისი უშუალო მსხვერპლისათვის, ასევე ოჯახის სხვა წევრებისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის.

ოჯახური ძალადობის პრობლემის მოგვარების საკითხში უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეიძლება განვიხილოთ 2006 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”. ამ კანონით პირველად განისაზღვრა ოჯახური ძალადობა და მისი ფორმები, ისევე როგორც ჩამოყალიბდა შესაბამისი რეაგირებისათვის აუცილებელი ნაბიჯები.

ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯქხის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით (“საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, მუხლი 3.)

კანონში ჩადებულია ძალადობის ისეთი ფორმების განმარტება, როგორებიცაა ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა და სექსუალური ძალადობა.
ფიზიკური ძალადობა – სხეულის დაზიანება, ფიზიკური თავდასხმა ან სხვადასხვა სახის აგრესიული საქციელი, დაწყებული დაჟეჟილობით _ მკვლელობამდე. ის ხშირად იწყება ერთხელობრივი დარტყმით, რომელიც გადაიზრდება უფრო ხშირ და სერიოზულ თავდასხმაში;

სექსუალური ძალადობა – ქალის იძულება შევიდეს სექსუალურ კავშირში ან თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ მონაწილეობა მიიღოს სექსუალურ აქტში;

ეკონომიკური ძალადობა – ფინანსური კონტროლი, ეკონომიკური რესურსებისაგან მოწყვეტა, მუშაობის აკრძალვა, უარი ფულის მიცემაზე, ეკონომიკური ზიანის მიყენება (პირადი საკუთრების განადგურება) და ა.შ.;

ფსიქოლოგიური ძალადობა – მოიცავს დამცირებას, უხეშ დამოკიდებულებას, ზედმეტ მესაკუთრეობას, ქალის იზოლირებას მეგობრებისა და ოჯახის წევრებისაგან, დაშინებას, მუქარას, მისით მანიპულირებას და ა.შ. ზოგიერთი ავტორი ფსიქოლოგიურის პარალელურად გამოყოფს ვერბალურ ძალადობას, რაც გულისხმობს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას. ძალადობის ეს სახე, მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს ფსიქოლოგიური ჩაგვრის დიდ დოზას, ხშირად ცალკე განიხილება თავისი განსაკუთრებული სპეციფიკურობის გამო.

ოჯახური ძალადობის სტატისტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში:

• ოჯახური ძალადობა არის ყველაზე ხშირი დანაშაული.

• ყოველ 15 წამში ხდება ოჯახური ძალადობის ერთი ფაქტი.

• ქალების 30% და მამაკაცების 8% განუცდია ოჯახური ძალადობა.

• მოკლულ ქალთა 30% მოკლულია პარტნიორის მიერ.

• პატნიორის მკვლელობათა 3/4 ქალების მკლელობაზე მოდის.

• ქალთა ცემის რიცხვი ოჯახური ძალადობისას აღემატება ქალთა დაზიანების ფაქტებს ავტოავარიის, გაუპატიურების და თავდასხმის შედეგად (ერთად აღებული).

• ოჯახურ ძალადობას ადგილი აქვს ყველა სოციალური, ეკონომიური, ასაკობრივი და ეთნიკური ჯგუფის წევრთა შორის.

• განსაკუთრებით მაღალია ძალადობა დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში.

• ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აღინიშნება ოჯახურ ძალადობას შემთხვევათა მხოლოდ 10%-ში.

ოჯახური ძალადობის სტატისტიკა საქართველოში (კავკასიის ქალთა კვლევისა და კონსულტირების ქსელი).

2010 წელს, კავკასიის ქალთა კვლევისა და კონსულტირების ქსელმა გამოაქვეყნა კვლევა ოჯახური ძალადობის შესახებ. კვლევის ფარგლებში გამოკითხულ იქნა 1000 ქალი ქვეყნის მასშტაბით.

• გამოკითხულ ქალთა 22.2%-მა განაცხადა, რომ სულ მცირე ერთხელ მაინც ყოფილა მეუღლისაგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

• რესპონდენტთა დაახლოებით 5% მიუთითებდა ძალადობის ხშირ შემთხვევებზე.

• 25.5%-მა აღიარა ქმრისაგან სექსუალური შეურაცხყოფა.

კვლევამ ცხადყო მნიშვნელოვანი ბარიერების არსებობა ქალთა მიერ დაცვისა და სერვისების მოძიების საქმეში:

• 13.1 % -მა განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ შეეტყობინებინათ პოლიციისათვის ფიზიკური ოჯახური ძალადობის შესახებ.

• მხოლოდ 1.8%-მა მიმართა უშუალოდ პოლიციას.

• რესპონდენტთა 8.4 %-ს სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება სულ მცირე ერთხელ მაინც ოჯახური ძალადობის შედეგად.

მხოლოდ 2.7% მოიძია სამედიცინო დახმარებამ – ეს შეუსაბამობა დახმარების საჭიროების მქონე და დახმარების უშუალოდ მომძიებელ პირთა რიცხვს შორის შეიძლება ნაწილობრივ მიეწეროს საზოგადოებაში არსებულ მიდგომებს:

• გამოკითხულ ქალთა თითქმის 90%-ზე მეტმა მიუთითა, რომ ”ქალი უნდა იყოს უფრო თავშეკავებული და ეცადოს არ გამოიწვიოს ძალადობა”.

• ქალთა 60%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ”ყველაფრის მიუხედავად, რაც ხდება ოჯახში, ოჯახის შიგნით უნდა დარჩეს”.

საკანონმდებლო პროცედურები: კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ წარმოადგენს ვალდებულებას მოაგვაროს ოჯახური ძალადობის პრობლემა სხვადასხვა სოციალური და იურიდიული მომსახურების გამოყენებით. ახალი კანონი მოიცავს პოლიციას გაფართოებულ პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას ოჯახური ძალადობის შემთხვევებში და წარმოადგენს ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების კონკრეტულ გზებს.
პოლიციას მოეთხოვება მიაწოდოს მსხვერპლს ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ, გადაიყვანოს ისინი საავადმყოფოში ან თავშესაფარში მოთხოვნის შესაბამისად და დახმარება გაუწიონ მათ მათი საკუთრების გადატანაში, ისევე როგორც უზრუნველყონ იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც გააკეთა შეტყობინება ოჯახური ძალადობის შემთხვევის შესახებ (რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს მსხვერპლი).

კანონს შემოაქვს შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოქმედება. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოცემული აქტი, რომელიც განსახილველად უნდა გადაეცეს სასამართლოს 24 საათის განმავლობაში. ამ ორდერმა უნდა უზრუნველყოს მსხვერპლის დროებითი უსაფრთხოება. თუ პოლიცია გასცემს შემაკავებელ ორდერს, სასამართლომ იგი უნდა განიხილოს, გააგრძელოს ან აკრძალოს 24 საათის განმავლობაში. რაც შეეხება დამცავ ორდერს, ეს არის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაცემული დოკუმენტი, რომელიც სამ თვემდე ვადით უკრძალავს მოძალადეს კონტაქტს. ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა შეიძლება პირდაპირ მიმართოს სასამართლოს დაცვისათვის. მსხვერპლის მიერ მიმართვის შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეიძლება მოაწყოს მოსმენა და გამოსცეს დამცავი ორდერი.

სერვისები:

ოჯახური ძალადობის მართვისკენ მიმართული პრევენციული პროგრამები გულისხმობს სოციალური მომსახურების მიწოდებას ოჯახური ძალადობის ამოსაცნობად და აღმოსაფხვრელად სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით:

• საკუთარი უფლებების ცოდნისათვის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის მოწყობა, რომლებიც მსხვერპლთა უფლებებთან დაკავშირებით ინფორმაციას გაავრცელებენ.

• მსხვერპლთა მხარდასაჭერად და დასაცავად და მოძალადის სარეაბილიტაციოდ საგანმანათლებლო კურსების შეთავაზება.

• დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამების განვითარება, რომლებიც ზემოაღნიშნული ზომების პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფენ.

• ოჯახური ძალადობის გამომწვევი მიზეზების სოციალური კვლევა და ანალიზი, მსხვერპლთა მხარდაჭერა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მუშაობა იმ ხალხის გამოსავლენად, ვინც მოძალადის რისკ ჯგუფში ხვდება.

ოჯახური ძალადობის მართვისკენ მიმართული ინტერვენციული / სარეაბილიტაციო პროგრამები მოიცავს:

• სოციალური მუშაობას მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრებში, რაც უზრუნველყოფს მოძალადის დროებით განთავსებას და მის რეაბილიტაციას (რისხვის მართვის ტრენინგები) .

• დროებით თავშესაფრებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სოციალური იურიდიული, სამედიცინო, ფინანსური, ინფორმაციული და ფსიქოლოგიური დახმარების მიწოდებას.

• ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარებასა და განხორციელებას.

 interesting.ge

ძალადობა გადამდებია

Posted by sastavi3 on ივნისი 1, 2012
Posted in: თემები. დატოვე კომენტარი

 ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიულად რეაგირება, საქართველოს კანონმდებლობით, საპატრულო პოლიციის პრეროგატივაა, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა თავად პოლიციელია მოძალადე?

„ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“ (ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობს) ბოლო ექვსი თვის მანძილზე სამი შემთხვევა  ჰქონდათ, როდესაც მათ დასახმარებლად პოლიციელი მეუღლეების მხრიდან ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა მიმართეს.

„პოლიციელი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი ქალი მოვიდა ჩვენთან. მან თქვა, რომ მორიგეობიდან დაბრუნებულმა ქმარმა, სანამ გამოიცვლიდა, ჩექმა, რომელიც ეცვა,  წვივში ჩაარტყა. მთელი ფეხი ჩალურჯებული ჰქონდა 4 თვის ფეხმძიმე ქალს,“ – იხსენებს ორგანიზაციის იურისტი მანანა ფურცხვანიძე.

ორგანიზაციამ ადგილზე პატრული გამოიძახ.  როგორც მანანა ფურცხვანიძე ყვება, პატრულის ბრიგადა მომზადებული მოვიდა, რამაც ქმრის აგრესია, რომელიც ნაცემ ცოლს მოჰყვა, შეაკავა.

ქალი სახლიდან წამოვიდა, მაგრამ ერთ–ერთი შვილის ქმრის სახლში დატოვება მოუხდა.

ქალმა შეიტანა სარჩელი განქორწინებაზეც და ქონების გაყოფაზე. თუმცა ბაჟი, რომელიც სასამართლოში იყო გადასახდელი, მან ვერ გადაიხადა, რის გამოც საბუთების უკან გამოტანა მოუხდა. პოლიციელმა ქმარმა ისარგებლა სასამართლოდან საქმის გამოტანით და  თანაცხოვრებისას შეძენილი ბინა გაყიდა.

„ქალი დედ–მამასთან ცხოვრობს. პრინციპული გადაწყვეტილება აქვს, რომ არ შეურიგდეს ქმარს. ძლიერი ქალია, მაგრამ ყველა ასეთი არ არის“, – ამბობს ფურცხვანიძე.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“ სხვა შემთხვევების შესახებაც ყვებიან. ერთ–ერთი ქალბატონი, რომელმაც მათ დასახმარებლად მიაკითხა, ამბობდა, რომ მისმა პოლიციელმა მეუღლემ კარგად იცოდა კანონები და ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, მას ფიზიკურ დაზიანებებს არ აყენებდა. სამაგიეროდ, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელდებდა და მოკვლით ემუქრებოდა. ქალი ყვებოდა, რომ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც იძულებით პირს გააღებინებდა ხოლმე და შიგ იარაღის ლულას ჩაუდებდა.

ძალადობის მსგავსი ფორმების დასაბუთება მსხვერპლისთვის რთულია, რათა მოძალადე კანონმდებლობის შესაბამისად წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

„რთულია სასამართლოში ასეთი საქმის მოგება, რადგან ჭირს მტკიცებულებების შეგროვება. მეზობელი და ახლობელიც არ აძლევა ხოლმე ხშირად ჩვენებას: ზოგი – მენტალიტეტიდან გამომდინარე, ზოგიც – იმიტომ, რომ თავად შეიძლება ეშინოდეს მოძალადის,“ – ამბობს მანანა ფურცხვანიძე.

საქართველოში 2006 წლიდან მოქმედებს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“. საქართველოში ფუნქციონირებს ოახში ძალადობის მსვერპლთა 6 თავშესაფარი (4 – არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე და 2 სახელმწიფოს მიერ გახსნილი).

კანონის შესაბამისად, ოჯახში ძალადობის შემთხვევის ფაქტებზე ოპერატიულად რეაგირება საპატრულო პოლიციის პრეროგტავიაა, რომელიც ვალდებულია, ყოველ შემთხვევაზე გამოწეროს შემაკავებელი ორდერი, რომელიც სასამართლოს გადაეცემა დასამტკიცებლად. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ხდება დამცავი ორდერის გამოწერა, რომელიც სამი ან ექვსი თვის მანძილზე იცავს მსხვერპლს მოძალადისგან.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“ აცხადებენ, რომ ხშირია შემთხვევა, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, როდესაც პატრული თავს არიდებს შემაკავებელი ორდერების გამოწერას. ამ საკითხს სახალხო დამცველიც შეეხო თავის ანგარიშში, რომელიც მან ცოტა ხნის წინათ პარლამენტში წარადგინა განსახილველად.

„სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების და განხორციელებული სატელეფონო კონსულტაციების შედეგადად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ტენდენცია: რეგიონებში ოჯახური ძალადობის ფაქტზე საპატრულო პოლიციის გამოძახება ნაკლებად ხდება, გამონაკლის შემთხვევებში, მიუხედავად ზოგიერთი ფაქტის სიმწვავისა, შემაკავებელი ორდერის გამოწერა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არ ხორციელდება, მიზეზად განმცხადებლები ასახელებენ უფლებამოსილ პოლიციელთა მოსაზრებას ოჯახური ძალადობის საკითხის მიმართ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ქვეყნის მასშტაბით 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით,  ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. მიუხედავად ამისა, გასული წლის მანძილზე საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 132 შემაკავებელი და 34 დამცავი ორდერი გაიცა. ამავე პერიოდში მხოლოდ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას („ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს“) 220–მა ძალადობის მსხერპლმა ქალმა მიმართა იურიდიული თუ ფსიქოლოგიური დახმარებისთვის.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ზემოთ აღნიშნული კვლევის თანახმად, ქალთა  35,9% აღნიშნავს, რომ მეუღლის/პარტნიორის მხრიდან გამოუცდია ძალადობა სხვადასხვა ფორმით, 14.3% ემოციურ ძალადობაზე საუბრობს, 6,9% – ფიზიკურ ძალადობაზე, ხოლო 3,9% – სექსუალური ძალადობის შესახებ.

სპეციალისტები საუბრობენ, რომ ძალადობას განმეორებითი და ციკლური ხასიათი აქვს. არსებობს მათ მიერ შემუშავებული ე.წ. ძალადობის ბორბალი, რომელიც ძალადობის ეტაპებს ასახავს.

ძალადობის პროცესში მსხვერპლი ფიქრობს, რომ მან მოძალადე უნდა დაამშვიდოს. დამშვიდებული მოძალადე მსხვერპლს ჰპირდება, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება, იხდის ბოდიშს. ან შესაძლებელია მსხვერპლს ადანაშაულებს ძალადობაში და ამბობს, რომ მსხვერპლი უბრალოდ აჭარბებს. მოგვიანებით, მოძალადე ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა, საჩუქრებს ჩუქნის მსხვერპლს. მსხვერპლი კი ფიქრობს, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, რის შემდეგაც ისევ იწყება ძალადობის იგივე ციკლი.

„ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციაში“ კვლევების საფუძველზე მიაჩნიათ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალები არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ხდებიან პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი.

იურისტი მანანა ფურცხვანიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“ მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე მას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი (რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალია) ძალადობის პირველივე შემთხვევაზე მისულიყოს ორგანიზაციაში დახმარებისთვის.

სამი წლის მანძილზე ქალი პერიოდულად მიდიოდა მათთან არასამთავრობო ორგანიზაციაში. ყოველ მისვლაზე ქალი სასტიკად ნაცემი იყო, შეფუთული – თავსაფრით, კისრის არეში დაზიანებები რომ დაეფარა და  სათვალით, თვალის არეში სილურჯეები რომ არ დამჩნეოდა.

ქალი წლების მანძილზე მოძალადე ქმართან ცხოვრობდა. თავშესაფარში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ იძულებული გახდა, ისევ მოძალადესთან დაბრუნებულიყო. ქმრის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლოდან უკან გამოიტანა და თავშესაფარში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა.

როგორც იურისტი, მანანა ფურცხვანიძე ამბობს, ხშირია შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი ქალები ისევ მოძალადეებთან ბრუნდებიან. საქართველოში მიზეზი ყველა შემთხვევაში თითქმის ერთნაირია.

„ქალი ამბობდა ,რომ მას გვერდით არ დაუდგებოდნენ– დედ–მამა და ძმა  და იძულებულს გახდიდნენ, მოძალადე ქმართან დაბრუნებულიყო. ჩვენ ქალის დედას დავურეკეთ. მან გვითხრა, რომ მას არაჩვეულებრივი სიძე ჰყავს და გვირჩია, რომ  სიძის მეგობრებში და ნათესავებში გაგვეკითხა, თუ როგორი კარგი იყო ის. ჩვენ ვკითხეთ, ჰყავდა თუ არა მას ნაცემი შვილი ნანახი. მან გვიპასუხა, რომ დიახ, ყავდა“, – ამბობს მანანა ფურცხვანიძე.

მისი დახმარებით ქალმა სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, თუმცა შემდეგ უკანვე გამოიტანა.

„იმდენად ჩაერია ოჯახი, რომ ქალმა განცხადება გამოიტანა, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, რთული იქნებოდა ამ საქმის მოგება. ის, რომ ქმარმა დაარტყა ხელი და მას აქვს სხეულზე სილურჯეები, არ არის საკმარისი საქმის მოსაგებად.  მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს აღებული ექსპერტიზის დასკვნები, უნდა იყოს მოწმეების ჩვენებები. ამ ქალის შემთხვევაში, რომელსაც ოჯახის წევრებიც კი არ დაუდგნენ გვერდით, ძალიან რთული იყო მტკიცებულებების შეგროვება“.

თავშესაფრიდან გამოსული ქალი, რომელიც მოძალადის ოჯახში იძულებით დაბრუნდა, რადგან დედ–მამამ არ მიიღო, აღარ მისულა „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“.

„როდესაც ოჯახში დაბრუნა, მას შემდეგ ჩვენ მასთან კონტაქტი დავკარგეთ. იცით, როგორი კომპლექსი უჩნდებათ იმის გამო, რომ ბოლომდე არ იბრძოლეს თავისი უფლებებისთვის, ჰგონიათ, რომ დამნაშავეები არიან საკუთარი თავის წინაშე და ჩვენთან აღარ მოდიან“, – ამბობს ორგანიზაციის იურისტი.

ძალადობის გამომწვევი ერთი მიზეზი თავად ძალადობაა, რადგან ძალადობის მსხვერპლი შემდეგში თავად ხდება მოძალადე, ან მსხვერპლი.

ერთ–ერთი ქალბატონი, რომელსაც „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ დაეხმარა, იხსენებდა, რომ ხშირად უყვებოდა მოძალადე ქმარი ბავშვობის მძიმე მოგონებების შესახებ, რაც მამის მხრიდან ოჯახის წევრებზე ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა.

ქმარმა მას უამბო, რომ ერთხელ მამამისმა დედას ძუძუში დაახალა მარილის ტყვია, როდესაც ის შვილს ძუძუთი კვებავდა.

მოგვიანებით ქმარი თავად გახდა მოძალადე და უკვე თავად უსწორდებოდა სასტიკი მეთოდებით მეუღლეს, რის შედეგადაც მას ხშირად ჰქონდა სილურჯეები სახეზე, ყბის არეში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს ფსიქიკური პრობლემები, ემოციური სტრესი და სუიციდისადმი მიდრეკილება აქვთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ძალადობის მსხვერპლი დედები საკუთარ შვილებზე ახორციელებენ ძალადობას.

ერთ–ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა და–ძმის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი შენიშნა. როგორც შემდეგ გაირკვა, დედა, რომელიც თავის მხრივ მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო, ბავშვებს ცემდა.

ძალადობის მსხვერპლი ქალების უმრავლესობა 35 წლიდან ასაკის ქალები არიან. როგორც გაეროს კვლევის მიხედვით, ასევე, არასამთავრობოების პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, 20–25 წლის ქალები იშვიათად საუბრობენ ძალადობაზე და კიდევ უფრო იშვიათად აკითხავენ კონსულტაციისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალების 34%  რიგ შემთხვევაში ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას, 78,3%  ამბობს, რომ ოჯახური ძალადობა ოჯახშივე უნდა რჩებოდეს.

რწმენა და გენდერული თანასწორობა

Posted by sastavi3 on მაისი 22, 2012
Posted in: თემები. დატოვე კომენტარი

 არის თუ არა პატრიარქის 29 აპრილის ქადაგება ოჯახში თანასწორობის შესახებ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისკენ მიმართული?

ქალთა ფონდისა და მეხსიერების ცენტრი “ტასოს” გენერალური დირექტორი მარინა თაბუკაშვილი ამბობს, რომ ეს ქადაგება არ არის მოწოდება გენდერული უთანასწორობიკენ, თუმცა წარმოთქმულია ისეთი ადამიანის მიერ, ვისაც გენდერული მგრძნობელობა არ აქვს.

“საღვთო წერილი ამბობს, რომ ოჯახის მეთაური არის ქმარი. ოჯახი – ეს არის ერთი სხეული და არ შეიძლება, რომ ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია,” – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 29 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას.

მარინა თაბუკაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, თუკი პატრიარიქის ქადაგებაში მითითებული იქნებოდა საღვთო წერილის ის თავი, რომელშიც ნათქვამია, რომ ოჯახის მეთაური კაცია.

“საღვთო წერილში ამგვარი თავი არ არის და უფრო მეტიც, თავად სახარება ქალთა მიმართ არადისკრიმინაციულია”, – აცხადებს ფონდ “ტასოს” ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ვინაიდან ეკლესიის ავტორიტეტი საქართველოში ძალიან მაღალია, კარგი იქნებოდა, თუკი პატრიარქი ისეთ მწვავე თემაზე იქადაგებდა, როგორიცაა, ძალადობა ოჯახში და მრევლს არაძალადობრივი ქმედებისკენ მოუწოდებდა.

“პატრიარქმა იქადაგა, რომ ოჯახები ხშირად ინგრევა. ოჯახის დაშორება სამუწუხაროა, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ამის მიზეზი ქალი იყოს. პირიქით, უმეტესად კაცები შორდებიან ქალებს. ქადაგებაში ნახსენებია, რომ ქალი უნდა იყოს მომთმენი დედა და თავი შეწიროს ოჯახს. მისასალმებელია, როცა ოჯახში ჰარმონიაა, თუმცა ოჯახი შეიძლება გახდეს ტანჯვის სივრცე, სადაც ძირითადად ქალი იჩაგრება. მე ნამდვილად ვერ ვუსურვებ ქალებს, რომ ოჯახის შენარჩუნების მიზნით, იყვნენ მოტყუებულის და ჩაგრულის როლში,” – ამბობს მარინა თაბუკაშვილი.

“უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ ადამიანის ბედნიერება არის, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა. მაგალითად, მეუღლე, ქმარი მოვიდა სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, შენ უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შენ უნდა შესთავაზო საჭმელი და სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს,” – განაცხადა ილია მეორემ.

“ეს მომენტი საყურადღებოა: საქართველოში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულნი და ძირითადად ქალები შრომობენ, ამიტომ მოყვარულ ქმარს შეუძლია, დაღლილ მეუღლეს ფეხები დაბანოს. მე მიმაჩნია, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ფეხები უნდა დაბანონ, თუ სიყვარულით და პატივისცემით არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ,” – აცხადებს მარინა თაბუკაშვილი.

მისივე თქმით, სასურველი იქნებოდა, პატრიარქი ამ განცხადებამდე გენდერის საკითხებზე მომუშავე ადამიანებს გასაუბრებოდა, რომლებიც შეძლებდნენ  სხვანაირად ეჩვენებინათ მისთვის გენდერული უთანასწორობის  პრობლემა. მარინა თაბუკაშვილი ამბობს, რომ რწმენა და გენდერული თანასწორობა ერთმანეთს ხელს არ უშლის და პირიქით, სიყვარულით და სათნოებით აძლიერებენ ერთმანეთს.

ქალის უფლებების დამცველი ნინო ციხისთავი ამბობს, რომ “უწმინდესი არის ის ადამიანი, ვინც ყველანაირ თანასწორობაზე, ცხოვრებისეულ საკითხებზე და ოჯახისეულ პრობლემებზე ყველაზე მეტად, ჩვენზე მეტად შეწუხებულია, მზრუნველია, ამიტომაც მისი ყველა სიტყვა, ყველა მოქმედება ერის გაჯანსაღებისკენაა მიმართული. ჩემი მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში ის არის, რომ სახელმწიფომ შეასრულს ის მოვალეობა, რომელიც გენდერის დაცვის კუთხით მას აკისრია”.

გალინა პეტრიაშვილი, ჟურნალისტთა ასოციაცია “გენდერმედიაკავკასიის” ხელმძღვანელი, ამბობს, რომ პატრიარქის განცხადება იმ ტრადიციებიდან და ნორმებიდან გამომდინარეობდა, რაც ღირებულია მართლმადიდებლური ეკლესიისათვის:

“თუმცა ეს ქადაგება არ უნდა იყოს მოწოდება სახელმწიფოსთვის და სამოქალაქო ინსტიტუტებისთვის. სახელმწიფიმ უნდა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე – ოჯახში. ოჯახის შიგნითაც ქალებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ამ საკითხზე ეკლესია”, – აცხადებს გალინა პატრიაშვილი.

ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

Posted by sastavi3 on მაისი 11, 2012
Posted in: თემები. დატოვე კომენტარი

ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. “სისხლის სამართლის კოდექსს” დეპუტატ რუსუდან კერვალიშვილის ინიციატივით, ახალი, სპეციალური მუხლი ემატება.

კანონპროექტით დგინდება, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური, ფსიქიკური ძალადობა ან იძულება, რამაც გამოიწვია მსხვერპლის ფიზიკური, ფსიქიკური ან მორალური ტკივილი თუ ტანჯვა, დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ექვს თვემდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 6 თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.
ოჯახში იგივე ძალადობას თუ სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, მაშინ მოძალადე ოჯახის წევრს თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან შვიდ წლამდე დასჯიან.

აღნიშნულ ქმედებებში ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი, შვილობილი, გერი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები და მეურვე.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

პოსტების ნავიგაცია

← Older Entries
  • ძებნა

  • კალსენდარი

    იანვარი 2021
    ო ს ო ხ პ კ კ
     123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
    « ოქტ    
  • ბოლო პოსტები

    • ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი “საფარის” ორგანიზაციულ შესაძლებლობას აუმჯობესებს
    • ოჯახური ძალადობა- სისხლის სამართლის დანაშაული
    • ოჯახში ძალადობის სტატისტიკა და რეალობა საქართველოში
    • ” ოჯახური ძალადობა” რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?
    • აღზრდა ქართულად
    • (უსათაურო)
    • ოჯახური ძალადობა ოჯახური ურთიერთობების დინამიკა
    • ძალადობა გადამდებია
    • რწმენა და გენდერული თანასწორობა
    • ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება
    • ნულოვანი ტოლერანტობა ოჯახში ძალადობას
    • ძალადობა ოჯახში – სისხლის სამართლის დანაშაული
    • „ოჯახური ძალადობა“ – ტრეინინგი პროკურორების და გამომძიებლებისათვის
    • პა­ტიმ­რო­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თ­ვის
    • ოჯახური ძალადობა 8 წლის განმავლობაში და უპრეცედენტოდ მიჩნეული საქმე
  • საუკეტესო პოსტი&გვერდი

    • ოჯახური ძალადობის მაგალითი !!!
  • სტატისტიკა

    • 67,361
  • არქივი

    • ოქტომბერი 2013
    • დეკემბერი 2012
    • სექტემბერი 2012
    • ივნისი 2012
    • მაისი 2012
    • აპრილი 2012
    • მარტი 2012
    • თებერვალი 2012
    • იანვარი 2012
    • დეკემბერი 2011
    • ნოემბერი 2011
Blog at WordPress.com.
ძალადობა ოჯახში
Blog at WordPress.com.
გაუქმება
Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy