ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. “სისხლის სამართლის კოდექსს” დეპუტატ რუსუდან კერვალიშვილის ინიციატივით, ახალი, სპეციალური მუხლი ემატება.
კანონპროექტით დგინდება, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური, ფსიქიკური ძალადობა ან იძულება, რამაც გამოიწვია მსხვერპლის ფიზიკური, ფსიქიკური ან მორალური ტკივილი თუ ტანჯვა, დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ექვს თვემდე ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 6 თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.
ოჯახში იგივე ძალადობას თუ სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, მაშინ მოძალადე ოჯახის წევრს თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან შვიდ წლამდე დასჯიან.
აღნიშნულ ქმედებებში ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი, შვილობილი, გერი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები და მეურვე.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.