ოჯახური ძალადობა და ოჯახური ურთიერთობების დინამიკა
(წინამდებარე მასალა შესრულებულია ჩემს მიერ, საუნივერსიტეტო სწავლებიდან. ქართულ ინტერნეტ სივრცეში წარმოადგენს სრულ ექსკლუზივს).
ოჯახური ძალადობა დამანგრეველ და ყოვლისმომცველ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. ოჯახური ძალადობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებობს და სცილდება კლასის, შემოსავლის, განათლებისა და კულტურის საზღვრებს. რადგან ოჯახურ ძალადობას ძირითადად ადგილი აქვს ოჯახურ სივრცეში, ამიტომ ხშირად ამის შესახებ შეტყობინება არ კეთდება. მსხვერპლისათვის, ოჯახისა და საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი სათანადოდ შეფასებული არ არის. საზოგადოებები ამ ეპიდემიასთან სათანადოდ გამკლავებას ვერ ახერხებენ, რადგან მეზობლები, სამართალდამცავები და ხელისუფლება თავს იკავებენ ჩაერთონ იმაში, რაც მათი განმარტებით პირადი საქმეა.
ოჯახური ძალადობა და მისი ფორმები:
არსებული ლიტერატურის თანახმად, ოჯახს შიდა ძალადობად მოიაზრება ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ძალის, დამცირების ან რაიმე სახის შეზღუდვის, ჩაგვრის გამოყენება მასზე ძალაუფლებისა და კონტროლის მოსაპოვებლად. ამდენად, ოჯახური ძალადობის გამოვლინებათა სპექტრი მეტად ფართო და მრავალსახოვანია, დაწყებული მისი ყველაზე აშკარა და უკიდურესი ფორმით – სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნით, ცემით თუ ფიზიკური წვალებით, დამთავრებული ფარული თუ ღია ფსიქოლოგიური ზეწოლით და ამა თუ იმ სახის ჩაგვრით, რაც, ხშირ შემთხვევებში არანაკლები ზიანის მომტანია როგორც მისი უშუალო მსხვერპლისათვის, ასევე ოჯახის სხვა წევრებისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის.
ოჯახური ძალადობის პრობლემის მოგვარების საკითხში უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეიძლება განვიხილოთ 2006 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”. ამ კანონით პირველად განისაზღვრა ოჯახური ძალადობა და მისი ფორმები, ისევე როგორც ჩამოყალიბდა შესაბამისი რეაგირებისათვის აუცილებელი ნაბიჯები.
ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯქხის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით (“საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, მუხლი 3.)
კანონში ჩადებულია ძალადობის ისეთი ფორმების განმარტება, როგორებიცაა ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა და სექსუალური ძალადობა.
ფიზიკური ძალადობა – სხეულის დაზიანება, ფიზიკური თავდასხმა ან სხვადასხვა სახის აგრესიული საქციელი, დაწყებული დაჟეჟილობით _ მკვლელობამდე. ის ხშირად იწყება ერთხელობრივი დარტყმით, რომელიც გადაიზრდება უფრო ხშირ და სერიოზულ თავდასხმაში;
სექსუალური ძალადობა – ქალის იძულება შევიდეს სექსუალურ კავშირში ან თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ მონაწილეობა მიიღოს სექსუალურ აქტში;
ეკონომიკური ძალადობა – ფინანსური კონტროლი, ეკონომიკური რესურსებისაგან მოწყვეტა, მუშაობის აკრძალვა, უარი ფულის მიცემაზე, ეკონომიკური ზიანის მიყენება (პირადი საკუთრების განადგურება) და ა.შ.;
ფსიქოლოგიური ძალადობა – მოიცავს დამცირებას, უხეშ დამოკიდებულებას, ზედმეტ მესაკუთრეობას, ქალის იზოლირებას მეგობრებისა და ოჯახის წევრებისაგან, დაშინებას, მუქარას, მისით მანიპულირებას და ა.შ. ზოგიერთი ავტორი ფსიქოლოგიურის პარალელურად გამოყოფს ვერბალურ ძალადობას, რაც გულისხმობს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას. ძალადობის ეს სახე, მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს ფსიქოლოგიური ჩაგვრის დიდ დოზას, ხშირად ცალკე განიხილება თავისი განსაკუთრებული სპეციფიკურობის გამო.
ოჯახური ძალადობის სტატისტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში:
• ოჯახური ძალადობა არის ყველაზე ხშირი დანაშაული.
• ყოველ 15 წამში ხდება ოჯახური ძალადობის ერთი ფაქტი.
• ქალების 30% და მამაკაცების 8% განუცდია ოჯახური ძალადობა.
• მოკლულ ქალთა 30% მოკლულია პარტნიორის მიერ.
• პატნიორის მკვლელობათა 3/4 ქალების მკლელობაზე მოდის.
• ქალთა ცემის რიცხვი ოჯახური ძალადობისას აღემატება ქალთა დაზიანების ფაქტებს ავტოავარიის, გაუპატიურების და თავდასხმის შედეგად (ერთად აღებული).
• ოჯახურ ძალადობას ადგილი აქვს ყველა სოციალური, ეკონომიური, ასაკობრივი და ეთნიკური ჯგუფის წევრთა შორის.
• განსაკუთრებით მაღალია ძალადობა დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში.
• ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აღინიშნება ოჯახურ ძალადობას შემთხვევათა მხოლოდ 10%-ში.
ოჯახური ძალადობის სტატისტიკა საქართველოში (კავკასიის ქალთა კვლევისა და კონსულტირების ქსელი).
2010 წელს, კავკასიის ქალთა კვლევისა და კონსულტირების ქსელმა გამოაქვეყნა კვლევა ოჯახური ძალადობის შესახებ. კვლევის ფარგლებში გამოკითხულ იქნა 1000 ქალი ქვეყნის მასშტაბით.
• გამოკითხულ ქალთა 22.2%-მა განაცხადა, რომ სულ მცირე ერთხელ მაინც ყოფილა მეუღლისაგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
• რესპონდენტთა დაახლოებით 5% მიუთითებდა ძალადობის ხშირ შემთხვევებზე.
• 25.5%-მა აღიარა ქმრისაგან სექსუალური შეურაცხყოფა.
კვლევამ ცხადყო მნიშვნელოვანი ბარიერების არსებობა ქალთა მიერ დაცვისა და სერვისების მოძიების საქმეში:
• 13.1 % -მა განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ შეეტყობინებინათ პოლიციისათვის ფიზიკური ოჯახური ძალადობის შესახებ.
• მხოლოდ 1.8%-მა მიმართა უშუალოდ პოლიციას.
• რესპონდენტთა 8.4 %-ს სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება სულ მცირე ერთხელ მაინც ოჯახური ძალადობის შედეგად.
მხოლოდ 2.7% მოიძია სამედიცინო დახმარებამ – ეს შეუსაბამობა დახმარების საჭიროების მქონე და დახმარების უშუალოდ მომძიებელ პირთა რიცხვს შორის შეიძლება ნაწილობრივ მიეწეროს საზოგადოებაში არსებულ მიდგომებს:
• გამოკითხულ ქალთა თითქმის 90%-ზე მეტმა მიუთითა, რომ ”ქალი უნდა იყოს უფრო თავშეკავებული და ეცადოს არ გამოიწვიოს ძალადობა”.
• ქალთა 60%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ”ყველაფრის მიუხედავად, რაც ხდება ოჯახში, ოჯახის შიგნით უნდა დარჩეს”.
საკანონმდებლო პროცედურები: კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ წარმოადგენს ვალდებულებას მოაგვაროს ოჯახური ძალადობის პრობლემა სხვადასხვა სოციალური და იურიდიული მომსახურების გამოყენებით. ახალი კანონი მოიცავს პოლიციას გაფართოებულ პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას ოჯახური ძალადობის შემთხვევებში და წარმოადგენს ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების კონკრეტულ გზებს.
პოლიციას მოეთხოვება მიაწოდოს მსხვერპლს ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ, გადაიყვანოს ისინი საავადმყოფოში ან თავშესაფარში მოთხოვნის შესაბამისად და დახმარება გაუწიონ მათ მათი საკუთრების გადატანაში, ისევე როგორც უზრუნველყონ იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც გააკეთა შეტყობინება ოჯახური ძალადობის შემთხვევის შესახებ (რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს მსხვერპლი).
კანონს შემოაქვს შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოქმედება. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოცემული აქტი, რომელიც განსახილველად უნდა გადაეცეს სასამართლოს 24 საათის განმავლობაში. ამ ორდერმა უნდა უზრუნველყოს მსხვერპლის დროებითი უსაფრთხოება. თუ პოლიცია გასცემს შემაკავებელ ორდერს, სასამართლომ იგი უნდა განიხილოს, გააგრძელოს ან აკრძალოს 24 საათის განმავლობაში. რაც შეეხება დამცავ ორდერს, ეს არის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაცემული დოკუმენტი, რომელიც სამ თვემდე ვადით უკრძალავს მოძალადეს კონტაქტს. ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა შეიძლება პირდაპირ მიმართოს სასამართლოს დაცვისათვის. მსხვერპლის მიერ მიმართვის შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეიძლება მოაწყოს მოსმენა და გამოსცეს დამცავი ორდერი.
სერვისები:
ოჯახური ძალადობის მართვისკენ მიმართული პრევენციული პროგრამები გულისხმობს სოციალური მომსახურების მიწოდებას ოჯახური ძალადობის ამოსაცნობად და აღმოსაფხვრელად სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით:
• საკუთარი უფლებების ცოდნისათვის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის მოწყობა, რომლებიც მსხვერპლთა უფლებებთან დაკავშირებით ინფორმაციას გაავრცელებენ.
• მსხვერპლთა მხარდასაჭერად და დასაცავად და მოძალადის სარეაბილიტაციოდ საგანმანათლებლო კურსების შეთავაზება.
• დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად პროგრამების განვითარება, რომლებიც ზემოაღნიშნული ზომების პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფენ.
• ოჯახური ძალადობის გამომწვევი მიზეზების სოციალური კვლევა და ანალიზი, მსხვერპლთა მხარდაჭერა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მუშაობა იმ ხალხის გამოსავლენად, ვინც მოძალადის რისკ ჯგუფში ხვდება.
ოჯახური ძალადობის მართვისკენ მიმართული ინტერვენციული / სარეაბილიტაციო პროგრამები მოიცავს:
• სოციალური მუშაობას მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრებში, რაც უზრუნველყოფს მოძალადის დროებით განთავსებას და მის რეაბილიტაციას (რისხვის მართვის ტრენინგები) .
• დროებით თავშესაფრებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სოციალური იურიდიული, სამედიცინო, ფინანსური, ინფორმაციული და ფსიქოლოგიური დახმარების მიწოდებას.
• ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარებასა და განხორციელებას.
interesting.ge
dzalian sainteresoaa !