ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობის შემთხვევები და სამართალდამცველებთან მათი პრობლემები ყოველ წელს მატულობს. ყველაზე დიდ პრობლემას კი უკვე სრულწლოვანების ასაკში მყოფი ახალგაზრდები აწყდებიან, რადგან მათ არასრულწლოვანებისგან განსხვავებით საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში არ იღებენ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებულების თანახმად, თუ მოზარდს ბავშვთა თავშესაფარში 18 წელი შეუსრულდა, მან ეს დაწესებულება უნდა დატოვოს.
“პირWელი” სრულწლოვანების ასაკში მყოფი იმ ახალგაზრდების ბედით დაინტერესდა, რომელთაც საცხოვრებელი არ აქვთ და ძირითადად, ქუჩაში ცხოვრება უწევთ.
ჟანა ვახტანგაშვილი ცხინვალში დაიბადა. დედაზე არაფერი იცის… სანამ ცხინვალში ცხოვრობდა, მამა ციხეში იჯდა და შემდეგ გარდაიცვალა. 9 წლის იყო, როცა გამზრდელი ბებიაც მოუკვდა და სრულიად მარტო დარჩა… მაშინ მეზობლებმა უთხრეს, “ჩვენ ჩვენს შვილებს ვერ ვარჩენთ და შენ როგორ შეგინახოთო” და 9 წლის ჟანა სამარშრუტო ტაქსში ჩასვეს და თბილისში გამოუშვეს.
ჟანა ვახტანგაშვილი: მეზობლებმა მითხრეს, თბილისში თავშესაფარია და იქ წადიო. ჩამსვეს სამარშუტო ტაქსში და მეც წამოვედი. თბილისში თავიდან გარეთ, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე ვათევდი ღამეებს. 2 წლის განმავლობაში ქუჩაში ვიყავი…და ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები გავიცანი. ვმათხოვრობდით.…ზოგი ტოკსიკომანი იყო, ზოგს რაღაც დაავადებები ჰქონდა… დავმეგობრდით… მერე ერთხელ ქვაზე დამეძინა, პატრულმა მიპოვა და გლდანის ღია ტიპის ბავშვთა სახლში მიმიყვანა, საიდანაც გამოვიპარე, რადგან ქუჩაში ყოფნას ვიყავი მიჩვეული. მალე პატრულმა უკან დამაბრუნა. ქუჩაში ცუდი რაღაცეები ხდებოდა…და ხშირად აღარ გავდიოდი. ბავშვთა სახლს შემოვრჩი, სადაც შემდეგ ჩემი შვილის მამა გავიცანი, ვიქორწინეთ და ბავშვი გვეყოლა… მალე ჩემი შვილის მამა წვრილმანი ქურდობისთვის ციხეში ჩასვეს. მაშინ ორსულად ვიყავი. სასჯელს 3 წელი იხდიდა და გასულ ზაფხულს, ივნისში გამოვიდა, მაგრამ სამსახურს ვერ შოულობს. სადმე რომ იმუშავოს, ნაცნობი სჭირდება. ერთხელ მითხრა, მე ვერ ვუყურებ ჩემ შვილს მშიერსო და წავიდა… ხანდახან მოდის, ქუჩაში ცხოვრობს.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ თავშესაფარში ტოქსიკომანებიც ცხოვრობდნენ, ბავშვს მათთან ერთად ვერ გავზრდიდი და იქიდან წამოსვლა გადავწყვიტე. ცოტა ხანს ისევ ქუჩაში ვიყავი. შემდეგ ჩემმა ნაცნობებმა ფული შემიგროვეს და ეს ოთახი დამიქირავეს. ჯერჯერობით აქ ვარ, მაგრამ მერე რა იქნება არ ვიცი, რადგან ამ ადამიანებსაც თავიანთი პრობლემები აქვთ, სამსახურები დაკარგეს და ბინის ქირას ვეღარ გადამიხდიან. მეც ვეძებ სამსახურს, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოვნახე. შეიძლება, ისევ გარეთ დავრჩე, მაგრამ მე ის დედა არ ვარ, რომელიც შვილს ჩააბარებს. ამას არც კი გავიფიქრებ.
იმ ახალგაზრდების ნაწილი, რომლებთანაც ერთად ჟანა რამდენიმე წელი ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი თავშესაფარში ცხოვრობდა, ღამეებს კვლავ ღია ცის ქვეშ, ინტენეტ კაფეში, ან გოგონები ძირითადად თურქულ ბარებში ათენებენ. ისინი უკვე სრულწლოვნები არიან და მათ თავშესაფრებში აღარ ღებულობენ.
ამ კატეგორიის ბავშვთა და სრულწლოვანთა პრობლემებს ქეთინო კობალაძე კარგად იცნობს. ის 2005-2011 წლებში მოზარდთა და ბავშვთა სოციალური ადაპტაცის ცენტრის გენერალური დირექტორი იყო. ამ დაწესებულებას სახელწოდება შეეცვალა და ახლა კრიზის ცენტრი ჰქვია.
ეს ცენტრი 2005 წელს 1 ივნისს, ქალაქის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა და აქ ბავშვები ქუჩიდან მოჰყავთ.
ქეთინო კობალაძე: ჩვენს ცენტრში ძირითადად ქუჩიდან მოსული ბავშვები ცხოვრობდნენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პატრულს მოჰყავდა. ამ ბავშვების ისტორიას სოციალური მუშაკი სწავლობდა. ჩემი ხელმძღვანელობის 6 წლის განმავლობაში ეს ცენტრი დაახლოებით 650-მდე ბავშვმა გაიარა. ზოგჯერ 18 წელს ზევით მყოფ ახალგაზრდებსაც ვაჩერებდით, რადგან წასასვლელი არ ჰქონდათ, თუმცა მათზე საცხოვრებელი ხარჯები, გარდა საწოლისა, გათვალისწინებული არ იყო და თანხები მე უნდა მომეძიებინა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, ამ ადაპტაციის ცენტრიდან სხვა რაიმე ტიპის ზრუნვაში სრულწლოვანთა გადამისამართება იყო. მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ბავშვთა თავშესაფარში ერთი ადამიანი მაინც იყო ისეთი, ვისაც 18 წელი შეუსრულდა და წასასვლელი არ ჰქონდა.
ერთი კერძო პირი, რაც არ უნდა მზრუნველი იყოს და თანხით უზრუნველყოფილი, ამ პრობლემის გლობალურად გადაჭრას მაინც ვერ მოახერხებს. ეს სახელმწიფოს პრობლემაა.
სახელმწიფო ამჟამად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს ეხმარება და ეს ბავშვები (სრულწლოვნები), რომლებიც სიღარიბის კი არა, სიღატაკის ქვემოთ არიან, დახმარებას ვერ იღებენ, რადგან კონკრეტული საცხოვრებელი არ გააჩნიათ, სადაც სოციალური აგენტი მივა, პირობებს შეისწავლის და მისამართის ველს შეავსებს. მათ საბუთებში წერია – უმისამართო. კატასტროფული პირობების მქონე ბინასაც ვერ ქირაობენ.
დღეს ბავშვთა ტიპის სახლებს აკეთებენ, სადაც ძველ თავშესაფრებთან შედარებით გაცილებით უკეთესი პირობებია და ამმხრივ, სახელმწიფო პოლიტიკას ვეთანხმები, მაგრამ იმ ბავშვს 18 წლის რომ გახდება, ისევ გარეთ გამოუშვებენ.
ეს პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს. ერთი თავშესაფარი ზრდასრულთათვის აუცილებლად უნდა არსებობდეს.
სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვების ჩართვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 52-ე ბრძანებით რეგულირდება, რომელიც სპეციალიზირებულ დაწესებულებებში პირის მოთავსებისა და მისი გაყვანის წესებსა და პირობებს ეხება.
ამ ბრძანების თანახმად, ბავშვთა სახლებიდან სრულწლოვანების ასაკს მიღწეული პიროვნების ამორიცხვის ერთ-ერთი საფუძველი სრულწლოვანების ასაკია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულწლოვანებას მიღწეული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეა. ასეთ შემთხვევაში სრულწლოვანების მიღწეული პირის გაყვანა სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ განხორციელდება.
ეთერ ცხაკაია: (სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი) ჩვენ შესწავლილი გვყავს ის კონტიგენტი, რომლებაც 18 წელს მიაღწია. აღსაზრდელთაგან უმცირესობას ბიოლოგიური ოჯახი ჰყავს, საცხოვრებელი აქვს და შეუძლია, დაბრუნდეს. ბევრს ასეთი ოჯახი არ აქვს, არც საცხოვრებელი გააჩნია და ეს ზოგადად პრობლემას წარმოადგენს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ვიდრე სააღმზრდელო დაწესებულებიდან გავა ახალგაზრდა, ყველა ბავშვზე ინდივიდუალური განვითარების გეგმაა გაწერილი, რომელშიც ბავშვის მონაცემებია გათვალისწინებული. ეს იმიტომ ხდება, რომ ზრდასრულმა პროფესიული განათლების მიღება და შემდეგ უკვე დასაქმება შეძლოს.
ამმხრივ მნიშვნელოვანია ახალი პროექტი “ჩემი მეგობარი”, რომლის ფარგლებშიც მცირე ტიპის საოჯახო სახლებს დიდი კომპანიები ჰყავს დამეგობრებული, რომლებიც მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებზე შეფობას იღებენ და თუ ამ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვი სრულწლოვანებას მიაღწევს, ისინი მათ განათლებაზე პასუხისმგებლობას აიღებენ. მაგრამ ეს საოჯახო ტიპის სახლი უნდა განვიხილოთ როგორც დროებითი ტიპის ადგილსამყოფელი და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ ბავშვების გაყვანა 18 წლამდე სხვა ალტერნატიულ მზრუნველობაში.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 501-ე დადგენილებით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელშიც დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ქვეპროგრამაა ჩადებული და მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს. ეს ქვეპროგრამა მაშინ შემუშავდა, როცა მოზარდთა ის ჯგუფი გამოიკვეთა, რომელიც სრულწლოვანების ასაკში ფაქტიურად ქუჩაში რჩება და მათ დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა არ აქვთ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 32000 ლარით განისაზღვრება. სახელმწიფო 4 თვის განმავლობაში თითოეულ ბენეფიციარს თვეში 500 ლარს გადაუხდის. იანვრიდან ასეთი სამიზნე ჯგუფში საქართველოს მასშტაბით 16 ბავშვია. ზოგი ამ თანხით ბინას იქირავებს, ზოგიც სამსახურს მოიძიებს. ამ ბენეფიციარების მიერ თანხის მიზნობრივ ხარჯვას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გააკონტროლებს.
2012-2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ის ბავშვები, რომლებიც 18 წლის ასაკის შემდეგ ქუჩაში დარჩენა ელით, სახელმწიფო მზრუნველობაში 24 წლამდე დარჩებიან. სახელმწიფო მათ განათლებაზე, გადამზადებასა და სამსახურით უზრუნველყოფაზე იზრუნებს.
– როგორ ფიქრობთ, როცა ბავშვი თავშესაფარში რაიმე ხელობას ისწავლის და შემდეგ ამ თავშესაფარს დატოვებს, ჩვეულებრივ პირობებში აღზრდილ ახალგაზრდას თუ გაუწევს კონკურენციას? როგორც ვიცი, დასაქმების შემთხვევები იშვიათია და ეს ბავშვები (სრულწლოვანები) ვინმემ თუ არ შეიფარა, ქუჩას უბრუნდებიან….
– არიან კონკურენტუნარიანი ბავშვებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ძალიან მცირე პროცენტია.
– იმ კატეგორიაში, რომელიც თქვენ დაასახალეთ, ის ახალგაზრდები თუ მოხვდებიან, რომლებმაც ბავშვთა სახლი უკვე დატოვეს და ქუჩაში წავიდნენ? მათთან თუ გაქვთ კონტაქტი?
– სამწუხაროდ, მათთან შეხება არ გვაქვს და ამ პროგრამაში მხოლოდ ის ბენეფიციარები არიან გათვალისწინებული, რომლებსაც 18 წელი 2012 წლიდან შეუსრულდებათ. მათთვის პირადი ანგარიშების გახსნას და თანხის გადარიცხვას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.
– ამჟამად ქუჩაში მცხოვრები ბავშვების აღრიცხვას თუ აწარმოებთ?
ეს კვლევის საგანია, რომელიც ბოლოს 2007 წელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარდა და ვფიქრობ, რომ ეს მონაცემი დღეს შეცვლილი იქნება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით მუშაობას იმ ბავშვებთან დავიწყებთ, რომლებიც თავისი ცხოვრების ძირითად პერიოდს ქუჩაში ატარებენ. ეს ურთულესი კატეგორიაა, რადგან მათ ქუჩაში ცხოვრების გარკვეული უნარები აქვთ და ძალიან რთულია მათი მინდობით აღზრდაში, ან სხვა სერვისში განთავსება. ძირითადად ამ ბავშვებს იურიდიული მშობლები ჰყავთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბავშვებს სახლიდან წასვლას და მათხოვრობას აიძულებენ.
ჩვენმა სააგენტომ ევროკავშირის გრანტი მოიპოვა და მიმდინარე წლიდან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ქუჩის ბავშვების მოძებაზე იმუშავებს, რაშიც ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან. შემდეგ ამ ბავშვებს სააღმზრდელო ტიპის დაწესებულებებში გადავანაწილებთ.
აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ მათ ოჯახებთან მუშაობა. ჩვენი უპირველესი მიზანია, ბიოლოგიურ მშობლებთან იყვნენ ბავშვები, მაგრამ თუ ოჯახი შესაძლებლობას არ მოგვცემს, ალბათ ჩვენ ცოტა გავმკაცრდებით.
– მაგრამ თუ ბავშვს ტოქსიკომანი ან ალკოჰოლზე დამოკიდებული მშობლები ჰყავს, როგორ მოსთხოვთ მათ შვილის უკან დაბრუნებას?
– ჩვენ ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ, რომ რაღაცნაირად ოჯახი გონზე მოვიყვანოთ. ამაში მშობლების რეაბილიტაციის პროგრამაც დაგვეხმარება. ბავშვის მინიმალური საჭიროებები ოჯახში უნდა დაკმაყოფილდეს და როგორმე უნდა დავიცვათ ისინი ძალადობისაგან.
– ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს რამდენად ხშირად ექმნებათ პრობლემები სამართალდამცველებთან? თუ გაქვთ სტატისტიკა?
– სამწუხაროდ, ჩვენ ეს სტატისტიკა არ გვაქვს. ეს ალბათ სამართალდამცველ ორგანოებს ექნებათ. ზოგადად ამ ქუჩის ბავშვებთან მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ამ სამუშაო ჯგუფში იქნებიან შსს-ს, იუსტიციის წარმომადგენლები, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროს და ა.შ. ეს მხოლოდ ერთი უწყების გასაკეთებელი საქმე არ არის. ყველა უწყებამ თავის სფეროში უნდა მოაგვაროს პრობლემები ამ კუთხით. ქუჩის ბავშვებთან მუშაობის მცდელობა დღემდე არ ყოფილა და ეს სტატისტიკაც ამიტომ არ გაგვაჩნია. რაც შეეხება ძალადობის შემთხვევებს, 2009 წელს ძალადობის 30 შემთხვევა, 2010 წელს – 90, 2011 წელს კი 148 ფაქტი დაფიქსირდა. ეს სტატისტიკა იმ მომართვებზე დაყრდნობით გაკეთდა, რომლებიც ჩვენს სისტემაში შემოვიდა.
– ძირითადად რა ტიპის ძალადობაზე მოგმართავენ?
– ძირითადად შერეული ტიპის ძალადობაა. სამწუხაროდ, სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც გვაქვს.
– იმ ადაპტაციის ცენტრს, რომელიც გლდანში მდებარეობს, დასახელება შეეცვალა და ახლა კრიზის ცენტრი ქვია. ამ ცენტრის ფუნქციები თუ შეიცვალა?
– მოგეხსენებათ, ეს ღია ტიპის დაწესებულება იყო და ბავშვები თავისუფლად მოძრაობდნენ, სურვილისმებრ ქუჩაშიც მიდიოდნენ და შემდეგ ღამის გასათევად ბრუნდებოდნენ ხოლმე. ახლა ცენტრის საქმიანობა სახელმწიფოს მხრიდან უფრო კონტროლდება და ასეთ მომსახურებაში შემოსული ბავშვების მოძრაობა ფიქსირდება. ზოგჯერ პრობლემებიც გვექმნება, რადგან არის გაქცევის მცდელობები. ძველად არსებულ ადაპტაციის ცენტრთან შედარებით, ახლა ბავშვებს თავისუფლად გასვლის საშუალება აღარ აქვთ. თუმცა ქუჩაში ცხოვრება გამოვლილ ბვშვებს ვერ ჩაკეტავ. განსაკუთრებულ სირთულეს კი ბოშები წარმოადგენენ, რადგან მათთვის ქუჩა ცხოვრების წესია.
სრულწლოვანთათვის სახელმწიფო თავშესაფარი ჯერჯერობით არ არსებობს და ერთადერთი ადგილი, სადაც ბავშვთა სახლებიდან გაშვებული ახალგაზრდები (სრულწლოვნები) ცხოვრობენ, ასოციაცია “მკურნალია”.
ნინო ჭუბაბრია: (ასოციაცია “მკურნალი”, ვიცე-პრეზიდენტი) ჩვენ ერთ-ერთი ბრიტანული ორგანიზაციისა და წმინდა გიორგის ფონდის დახმარებით შევიძინეთ ეს სახლი და ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ, რომლის პრეზიდენტი მამა გიორგი ჩაჩავაა. ჩვენთან ახლა 15 ახალგაზრდა ცხოვრობს, აქედან ორს – ბავშვი ჰყავს. ამ ბავშვებს (საუბარია სრულწლოვნებზე) მცირე ბიზნესით ვინახავთ. სოციალური საწარმო გვაქვს, სადაც თავად ეს ბავშვები მუშაობენ. იშვიათად თუ ვინმე გვეხმარება. ამ ადამიანებს სახელმწიფოსგან რაიმე დახმარება გარდა იმისა, რომ 18 წლამდე ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ, არ მიუღიათ.
ასევე ერთადერთი ცენტრი ვართ, რომელიც ამ ბავშვებს იურიდიულ დახმარებას უწევს. მოგეხსენებათ, ამ კატეგორიას, ძირითადად წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველებთან პრობლემები ხშირად ექმნება.
ამჟამად ბავშვთა სახლიდან წასვლის შემდეგ ღამის გასათევად რამდენიმე არჩევანია – ქუჩა, მიტოვებული ჯიხურები, ინტერნეტ კაფეები, გოგონებისთვის თურქული ბარები (როგორც ჩვენმა რესპოდენტებმა განაცხადეს, აქ ისინი მეძავებად მუშაობენ), ასოციაცია “მკურნალი” (თუ რა თქმა უნდა, მათთვის ადგილი მოინახა და ფინანსებიც საკმარისი აღმოჩნდა) და თუ ბედმა გაუღიმათ, კიდევ რამდენიმე ვარიანტის განხილვაც შეიძლება…
martaliaa absoliturad vetanxmebi ! ))