“უკვე ვერ ვითვლი რამდენი ფეხმძიმობა შემიწყდა, იმის გამო, რომ ჩემი ქმარი დაუნდობლად მირტყამდა. ბოლოს, როცა დავორსულდი, არ გავამხილე, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად მომაშლევინებდნენ მუცელს ჩემი ქმარი და დედამთილი. ხუთი თვის ფეხმძიმე რომ ვიყავი, მაშინ გაიგეს, ისიც იმიტომ, რომ ჩემმა ქმარმა წიხლებით დამიწყო ცემა, შევევედრე, ნუ მცემ, ფეხმძიმე ვარ-მეთქი”, – ყვება 32 წლის ლიკა, რომელმაც ვეღარ გაუძლო მოძალადე ქმარს და სახლიდან თავის პატარასთან ერთად წამოვიდა და ახლა დასთან ერთად ზრდის თავის გოგონას. მან პატრულს ერთხელ მიმართა, მაგრამ რატომღაც პატრულმაც ქმრის მხარე დაიჭირა. Qქალს არც სასამართლოში შეუტანია სარჩელი, რადგან ფიქრობს, რომ შვილის მამას სასამართლოში ჩივილისთვის ვერ გაიმეტებს.
ასევე ფიქრობდა 37 წლის თინათინი, რომელსაც დღემდე ჰგონია, რომ ყველა ქმარი ცოლს სცემს, და სწორედ, ცემაშია სიყვარულის გამოვლინება. თუმცა მანაც ვერ გაუძლო მოძალადე ქმარს და ახლა 15 წლის შვილთან ერთად ცხოვრებას მარტო უმკლავდება.
33 წლის მარი შვიდჯერ წამოვიდა მოძალადე ქმრისგან და ცემის გამო, ორსულობა სამჯერ შეუწყდა, ახალგაზრდა ქალმა გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა მოძალადე. ახლა პატარა გოგონას დედაა და შვილს მშობლებთან ერთად ზრდის. ქმართან დაბრუნებას არ გეგმავს. ყოველი მისი დაბრუნება იყო იმედი, რომ მეუღლე გამოსწორდებოდა და მშვიდ და წყნარ ოჯახს შექმნიდნენ. საქართველოში ასეთ მდგომარეობაში ბევრი ქალია.
“ფეხმძიმე ქალებზე ძალადობა სოციალურად დაუცველ ფენაში საკმაოდ ხშირია. იყო გარდაცვალების შემთხვევაც. ამას წინათ იყო შემთხვევა- ქალს დაზიანებული ჰქონდა თირკმელი. ის, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. გარდაიცვალა ქალიც და ნაყოფიც, როცა მოგვმართავენ ასეთი ქალები, საქმეს პოლიციას გადავცემთ. ძალადობის მსხვერპლი ფეხმძიმე ქალები, როგორც წესი, მალავენ, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ისინი თავად არასდროს აღიარებენ. ამის მიზეზი კი შიშია, მენტალიტეტი, არაინფორმირებულობა. საკმაოდ ხშირადაა ასეთი შემთხვევები. კანონიერი უფლება აქვს ორსულს, რომ დამალოს ან თქვას ძალადობის ფაქტები. რანაირად ვუშველო, თუ თავად არ დაადასტურა, რომ ძალადობის მსხვერპლია. ძალადობის მსხვერპლები ხშირია სოციალურად დაუცველებში, პირდაპირ ვთქვათ – ყველაზე ხშირად ბომჟებში გვხვდება. როცა მძიმე შემთხვევაა პერინატალურ ცენტრში მოჰყავთ, ამიტომაც ხშირად გვაქვს მათთან შეხება,” _ ამბობს სს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ზაზა სინაურიძე.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდი 2006 წლიდან არსებობს, ამ ფონდს 2009 წლის იანვრიდან დროებით დაევალა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვისაც გაეწია დახმარება და ისინი დაეცვა.
“ფონდში ტრეფიკინგის მსხვერპლთა გარდა, გვყავდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლებიც, მარტოხელა დედები და ფეხმძიმე ქალები”, _ ამბობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრის ადმინისტრატორი ლევანი კამლაძე, რომლის აზრით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა სოციალურად დაუცველ ფენაში უფრო ხშირია.
მისი თქმით, ყველა კატეგორიას თავისებური მიდგომა სჭირდება. ცოტა ხნის წინ ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრის მახლობლად გაიხსნა ოჯახურ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი. აქ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი პატრულისა და სასამართლოს გავლით მოდიან.
სახელმწიფო მათ დახმარებას უწევს, უტარდებათ გამოკვლევები. აქვთ სამედიცინო, იურიდიული დახმარებები. ფეხმძიმე ქალებს კი შეუძლიათ ცენტრთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საპატრიარქოს სამშობიაროში სრულიად უფასოდ იმშობიარონ.
“ოჯახური ძალადობა ძველი მენტალური გადმონაშთების ბრალია, უმუშევრობაც ძალიან მოქმედებს. გვყავდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, 24 წლის გოგონა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმშობიარა. მოძალადე მამა იყო. გოგონას და შეყვარებულს შორის გაუგებრობა მოხდა და ფეხმძიმე შვილი მამამ არ მიიღო. ემუქრებოდა და ისიც იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო. დღესაც კი, მამას მისი ნახვის სურვილი არ აქვს.,” _ ამბობს ლევან კამლაძე.
ოჯახური ძალადობის პრობლემა სახელმწიფო დონეზე ნელ-ნელა ლაგდება, – ფიქრობს ინდირა რობაქიძე, რომელიც წლების განმავლობაში ამ სფეროში მუშაობს. “შეიძლება სოციალურად უზრუნველყოფილი იყოს ოჯახი, მაგრამ ეს პრობლემა მაინც იდგეს,” – ამბობს ის.
“არის შემთხვევები, როცა ძალადობის მსხვერპლს საზოგადოების აზრის ეშინია, ოჯახის წევრების, მეგობრების, მეზობლების რცხვენია, ბევრს შირმად აქვს ოჯახი – რომ ვითომ ყველაფერი კარგადაა, ოჯახური ძალადობის ფაქტს ბევრი ნიუანსის გამო, არ აღიარებენ. ძალადობის მსხვერპლთა პრობლემა ინდივიდუალურია, მიზეზი სხვადასხვაა,” _ ამბობს ლევან კამლაძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილის აზრით, ოჯახური ძალადობის პრობლემა არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანის პრობლემაცაა და სამივე ქვეყნისთვის საერთოა. აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი კი თვლის, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.
“ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვეხმარებით საქართველოს ამ პრობლემის გადაჭრაში”, _ განაცხადა მან გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, რომელიც სწორედ ოჯახური პრობლემის დაძლევას ეხებოდა.
პროექტი `საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახური ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლების დასახმარებლად~, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის (ძდექი), ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას ოჯახური ძალადობისგან დაცვის საკითხებში.
საქართველოში ამ ტიპის კვლევა პირველად ჩატარდა. გამოიკითხა 749 რესპონდენტი, ფეხმძიმე ქალი, მათი ვინაობა ანონიმურია. გამოკითხულთა უმრავლესობა 91 % ეთნიკურად ქართველია”, _ აცხადებს ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ირის პეტაი.
კვლევის თანახმად, მხოლოდ 77% ფეხმძიმე არის კანონიერ ქორწინებაში, თავისუფალ ქორწინებაში კი ქალების 12 % ცხოვრობს.
საქართველოში ყოველი მეოთხე ქალი სექსუალურ ცხოვრებას 18 წლის ასაკიდან იწყებს, ყოველი მესამე 19-21 წლის ასაკში. ქალთა 35 %, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არიან, მამაკაცთან კონტაქტი ჰქონდათ 18 წლამდე. მათ შორის, ყოველი მეხუთე 18 წლის ასაკამდე დედა ხდება.
საქართველოში ქალები, რომლებიც ოჯახებში ძალადობის მსხვერპლი არიან ფინანსურად დამოუკიდებელი არ არიან, ჰარმონიულ ოჯახებშიც მატერიალურად დამოუკიდებელი ყოველი მეხუთე ქალია. ქალების 47%, რომელთაც შეხება აქვთ ძალადობასთან, თავიანთ ფინანსურ მდგომარეობას აფასებენ, დაუკმაყოფილებლად.
ასე, რომ იმ ოჯახში, სადაც ძალადობაა, ქალები მატერიალურ პრობლემებს გაცილებით რთულად უმკლავდებიან, ვიდრე ის ქალები, რომლებიც ძალადობას არ განიცდიან.
“პრობლემა ისაა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, რა არის ოჯახური ძალადობა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არსებობს ასეთი პრობლემა”, _ ამბობს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე.
სტატისტიკა კი საგანგაშოა:
გამოკითხვის თანახმად, ოჯახების 22 %, სადაც ძალადობას აქვს ადგილი, ჩხუბობენ ყოველ კვირას, 36% კი – თვეში რამდენჯერმე. ქალების 12 % აღიარებს, რომ კამათი, პერმანენტულად, ან ხშირად გადადის ფიზიკურ ძალადობაში. ქალთა 36 %, რომლებიც ახლაც ძალადობის მსხვერპლად ითვლებიან, აღიარებენ, რომ მათი ყოფილი პარტნიორებიც ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე. ქალთა 43 % აღიარებს, რომ ქმარმა მასზე ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი ფეხმძიმობის ამბავი გაიგო. ქალთა თითქმის ნახევარი, რომელთა პარტნიორებს ძალადობისკენ აქვთ მიდრეკილება, განიცდიან 5-ჯერ უფრო ხშირ ძალადობას, მათი მხრიდან. ქალთა 10 %-მა განაცხადა, რომ ამ ძალადობის გამო მათ ორსულობა შეუწყდათ. 7%-მა მიიღო სიცოცხლისთვის საშიში ტრავმა. ძალადობისკენ მიდრეკილი კაცების 13 % არა მხოლოდ ცოლზე, შვილზეც ძალადობს. ძალადობის მსხვერპლი ქალების 27 % აღიარებს, რომ ეშინიათ თავიანთი პარტნიორების. ქალთა 14 პროცენტს ეშიანია სამშობიაროდან ახალდაბადებულთან ერთად შინ დაბრუნება, რადგან ისინი გრძნობენ, რომ როგორც მათი სიცოცხლე, პატარის სიცოცხლეც შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს.
როგორ მოქმედებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ქალებზე
“სამწუხაროდ, კვლევამ აჩვენა, რომ ძალადობა ქალებზე სწორედ მათი ფეხმძიმობის დაწყების შემდეგ ხდება,” _ ამბობს ესტონეთის რესპუბლიკის ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ჰალვე კასე.
ქალები, რომლებიც ცხოვრობენ ძალადობის ქვეშ, ფეხმძიმობამდე ეწეოდნენ 1-2 კოლოფ სიგარეტს, იმ ქალებში, რომლებიც ძალადობას არ განიცდიან გაცილებით სტაბილური სიტუაციაა, მწეველები მათ შორის ორჯერ ნაკლებია. ძალადობის მსხვერპლ ქალთა 7 % და ჰარმონიულ ოჯახში მცხოვრებ ქალთა 4 % ფეხმძიმობის დროსაც აგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას. ქალთა 36 % ძალადობის შიშით ქრონიკული სტრესის ქვეშ იმყოფება, უმრავლესობას რეგულარულად უძილობა აწუხებს. ყოველი მეოთხე სისუსტესა და დაღლილობას უჩივის. ყოველი მეხუთე კი ნერვიული და გაღიზიანებულია. 14 %-ს თან სდევს შიში და პანიკის შეტევა. 5 %-მა კი ვენერიული დაავადებები გადაიტანა.
საერთაშორისო გამოკვლევებით, ცნობილია, რომ დედის ნეგატიური ემოციები, ნაყოფის როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ეს კვლევაც იმის დასტურია, რომ ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არიან, ებადებათ უფრო სუსტი ბავშვები, ვიდრე მათ, ვისი ფეხმძიმობაც კომფორტულად და სტაბილურად მიმდინარეობს. ისეთი ემოციები, როგორიცაა თვითდაჯერებულობა, დამოუკიდებლობის შეგრძნება, წარმატება, პასუხისმგებლობა, დედებს აძლევს ძალას და ასევე მოქმედებს მათ ნაყოფზე. ასევე მოქმედებს შიში, დაძაბულობა, დანაშაულის შეგრძნება, უსუსურობა – ანელებს ბავშვის განვითარებას.
ძალადობის მსხვერპლი ქალების ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას ექიმები გაცილებით ცუდად აფასებენ, ვიდრე უზრუნველყოფილი ქალებისას. ასეთივე სურათია მათ პატარებთანაც, რადგან დედის ფიზიკური მდგომარეობა პატარაზეც მოქმედებს და მის განვითარებაზე აისახება.
P.შ. 2010 წლის მარტის მონაცემებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 1921 ადამიანია, რომლებსაც ოჯახის დეკლარაციაში მითითებული აქვთ სტატუსი `მარტოხელა დედა~. მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს და ისინი სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობენ. სხვა მონაცემებს, მაგალითად, რამდენია ქვეყანაში მარტოხელა დედების რაოდენობა, არც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, არც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, არც ქალაქის მერია არ ფლობს. თუმცა, სოციალურად დაუცველი იმ 1921 ადამიანის გარდა, სხვა მარტოხელა დედები არანაირი შეღავათით არ სარგებლობენ. საქართველოს სასაჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონაცემებით, ამჟამად სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში საკუთარი შვილის მკვლელობისთვის სასჯელს 8 ქალი იხდის, მათგან უმეტესობამ ჩვილი გაიმეტა მოსაკლავად.